მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას წარმოადგენს "პეივ ბანკი" და რა არის მისი კონკურენტული უპირატესობა?

პეივ ბანკი

2023 წლის დეკემბერში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს "პეივ ჯორჯიას” ციფრული ბანკის ლიცენზია მიანიჭა, რითაც საქართველოს საფინანსო სისტემას რიგით მე-3 ციფრული და რიგით მე-17 კომერციული ბანკი შეემატა. როგორც თავდაპირველად გახდა ცნობილი, "პეივ ჯორჯია” ფინანსური პროდუქტების გაერთიანებას და მათ ციფრულ აქტივებთან და ანგარიშების პროგრამირებადობასთან დაკავშირებას გეგმავს და მიზნად ისახავს ტექნოლოგიურ კომპანიებს მოემსახუროს. საბანკო ლიცენზიის მიღებიდან შვიდი თვის განმავლობაში “პეივ ჯორჯია” სატესტო რეჟიმში იმუშავებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნება.

მაშ, რას წარმოადგენს “პეივ ბანკი” და რა არის მისი კონკურენტული უპირატესობა საქართველოში არსებულ სხვა ციფრულ და ტრადიციულ ბანკებთან შედარებით? ამ და სხვა თემებზე “პეივ ბანკ საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა, სალიმ დანანიმ ექსკლუზიურად BMG-სთან ისაუბრა. ბანკის თანადამფუძნებლის თქმით, “პეივ ბანკი საქართველო” B2B-მოდელზე დაფუძნებული კომერციული ბანკია, რომელიც ტრადიციულ საბანკო სერვისებთან ერთად, კორპორაციულ კლიენტებს პერსონალიზებულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებსაც შესთავაზებს.

“კორპორაციულ ბანკს ვქმნით და გვსურს, ინოვაციური ტექნოლოგიები ისე შევფუთოთ, რომ ბიზნესებს უფრო ეფექტიანად დაზოგვის საშუალება მივცეთ დოლარში, ევროსა და ლარში დენომინირებული აქტივებში ან საზღვარგარეთ ფულის გაგზავნა გავუმარტივოთ, რაც ლიკვიდობის გაზრდას ნიშნავს, რადგან ფულის გაგზავნა სამი დღის ნაცვლად, ათ წამში შეგიძლია. სამომავლოდ დაკრედიტებასაც ვგეგმავთ, მაგრამ ფორმაზე ვფიქრობთ, რადგან გვგონია, რომ მომავალში, რისკის შეფასების პროცესი დრამატულად შეიცვლება.

ყველა ბიზნესი უნიკალურია, მაგრამ სერვისების პერსონალიზება იშვიათი მოვლენაა, რაც გვესმის კიდეც, რადგან ეს არარენტაბელური მიდგომაა. თუმცა ახლა ვხედავთ ინოვაციების ახალ ტალღას ვხედავთ, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რომელიც ბანკებს და ფინანსურ კომპანიებს საშუალებას მისცემს, ბიზნესებს პერსონალური მომსახურება შესთავაზონ. გვსურს, დიდი ტექნოლოგიური გარღვევები მარტივად გასაგებ სერვისებად შევფუთოთ და მცირე და საშუალო ბიზნესის სამი ძირითადი პრობლემა მოვაგვაროთ, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში”, - განაცხადა სალიმ დანანიმ BMG-სთან.

როგორც ციფრული ბანკის თანადამფუძნებელი ამბობს, “პეივ ბანკის” კონკურენტული უპირატესობა, მისი პროგრამირებადობაა. გამომდინარე იქიდან, რომ პროგრამირებადი ბანკის ცნება მსოფლიოსთვის ახალია, სალიმ დანანის მისი შინაარსის უკეთ გადმოცემა ვთხოვეთ.

“კონკრეტულად რომ გითხრათ, მსოფლიოში პირველი ჭკვიანი ბანკის შექმნა გვსურს. მოდი, ტექნოლოგიით დავიწყოთ და ღირებულებაზე გადავიდეთ. ვხედავთ, რომ ფული პროგრამულ ენებად გარდაიქმნება. დავაკვირდეთ Ripple-ს, SWIFT-ს, RTGS-სა და Global Layer 1-ს, რომელიც სინგაპურის ფინანსური მარეგულირებლის ბლოკჩეინია - ისინი ქმნიან პროგრამულ ენებს, რომლებზეც, მოგვიანებით, ფული და ღირებულება დაშენდება. გვსურს, ტექნოლოგიურად განვითარებულ ბიზნესებს და კომპანიებს აპლიკაციების შექმნის საშუალება მივცეთ, რითაც პროგრამირებადობას, ანუ პერსონალიზებას ვახალისებთ.

მოდი, მაგალითს მოგიყვანთ: დღეს ვესაუბრეთ კომპანიას, რომელსაც ფინანსების მოდულის ჩაშენება სურს, მაგრამ ორ პრობლემას აწყდება, ესენია - API-დოკუმენტაციის არარსებობა და შეუსაბამო ინფორმაცია. “პეივ ბანკის” შემთხვევაში, მაგალითად, შეგიძლიათ ჩაწეროთ, თუ როგორი API-დოკუმენტი გსურთ, ჩვენ კი მას დაგიგენერირებთ.

კიდევ ერთ მაგალითად გადასახადები გამოდგება. ყველა ქართული კომპანია ვალდებულია ყოველ თვე საგადასახადო დეკლარაცია შეავსოს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ოპერაციულად - ეს საკმაოდ რთული დავალებაა. მაშ, ისმის კითხვა - როგორ მოვახდინოთ ამ პროცესის ავტომატიზაცია და გავამარტივოთ და დავაჩქაროთ ეს პროცესი? ამაზე ფიქრი კომპანიას ხელს უშლის ფოკუსირდეს მის მთავარ ბიზნესზე, ჩვენ კი პროცესების გამარტივება გვსურს, როგორც უშუალოდ ბანკში, ასევე აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც ამ პრობლემას ბევრი კომპანიისთვის მოაგვარებს.

ამ ყველაფერთან ერთად, შესაძლებელია სახაზინო პროცესების ავტომატიზაციაც. საქართველო შედარებით მცირე ბაზრის მქონე სახელმწიფოა, რის გამოც, ბევრი კომპანია ფართოვდება, როგორც რეგიონულად, ასევე გლობალურად. ისინი სხვადასხვა ვალუტებს იყენებენ, ანუ აქტივები, შესაძლოა, არაეფექტიანად იყოს შეფასებული, რადგან რთულია, როცა შემოსავალს დოლარში, ევროსა და გირვანქა სტერლინგში იღებ, ხოლო ხარჯები ლარში გაქვს დასაფარი. ისმის კითხვა - რატომ არ მოვახდინოთ ამ პროცესების ავტომატიზაცია, რათა კომპანიებს საქმიანობა გავუმარტივოთ.

აი, ესაა, რასაც პროგრამირებადობას ვუწოდებთ: პერსონალიზება, რომელიც კონკრეტული ხელსაწყოების გამოყენებით მიიღწევა, იქნება ის ტექნოლოგიური კომპანიების მიერ დაწერილი საკუთარი კოდის სისტემაში ინტეგრირებით თუ სხვების მიერ შექმნილი აპლიკაციების გამოყენებით. ესაა, რასაც ქართულ და გლობალურ ბაზარს ვთავაზობთ”, - განაცხადა “პეივ ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, სალიმ დანანიმ BMG-სთან საუბრისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები