მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაფუძნდა "პეივ ბანკი" საქართველოში? - დამფუძნებლის განმარტება

სალიმ დანანი

2023 წლის დეკემბერში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს "პეივ ჯორჯიას” ციფრული ბანკის ლიცენზია მიანიჭა, რითაც საქართველოს საფინანსო სისტემას რიგით მე-3 ციფრული და რიგით მე-17 კომერციული ბანკი შეემატა. როგორც თავდაპირველად გახდა ცნობილი, "პეივ ჯორჯია” ფინანსური პროდუქტების გაერთიანებას და მათ ციფრულ აქტივებთან და ანგარიშების პროგრამირებადობასთან დაკავშირებას გეგმავს და მიზნად ისახავს ტექნოლოგიურ კომპანიებს მოემსახუროს. საბანკო ლიცენზიის მიღებიდან შვიდი თვის განმავლობაში “პეივ ჯორჯია” სატესტო რეჟიმში იმუშავებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნება.

რიგით მე-3 ქართული ციფრული ბანკის დამფუძნებლებს შორის საერთაშორისო საბანკო-საფინანსო საქმეში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე რამდენიმე პირს ვხედავთ, რომელთაც, ოფიციალური ინფორმაციით, სხვადასხვა დროს ისეთ კომპანიებსა და ორგანიზაციებში უმუშავიათ, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, Monzo ბანკი, HSBC, Carta Worldwide, ფინტექ კომპანია Big Pay-ი და BT Group-ი. “პეივ ბანკის” თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, სალიმ დანანი კი, მრავალი წლის განმავლობაში სინგაპურსა და მალაიზიაში მუშაობდა.

მაშ, რატომ დაფუძნდა “პეივ ბანკი” საქართველოში? - ამ კითხვით BMG-მ ბანკის გენერალურ დირექტორს, სალიმ დანანის მიმართა, რომლის თქმით, ჩვენს ქვეყანაში ინვესტირებისაკენ სტარტაპს რამდენიმე მიმართულებამ უბიძგა, მათ შორის დასავლეთთან საკანონმდებლო ჩარჩოს ჰარმონიზაციამ, პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა სტაბილურობამ და პოტენციალმა, რომელიც საქართველოს გეოპოლიტიკურად აქვს.

“საქართველო უნიკალური ბაზარია, რომელსაც ძალიან სტაბილური ეკონომიკურის სისტემა აქვს. ამასთან, ის ძალიან ინტეგრირებულია დასავლეთთან და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებით, რამდენიმე წელიწადში, საკანონმდებლო ბაზები კიდევ უფრო ჰარმონიზებული გახდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტორიც, რომ მთავრობა და მთელი ესტაბლიშმენტი ინოვაციის მიმართ დადებითადაა განწყობილი. ეს დრაივი და ძალისხმევა, რომელსაც თან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ებმის - ჩვენი კომერციული საქმიანობის დასაწყებად იდეალურ ადგილს წარმოადგენს. ჩვენ, ისევე, როგორც ნებისმიერი ბიზნესი - სტაბილურობას ვეძებთ. ეს ერთი ფაქტორია.

მეორე ფაქტორი კი ისაა, რომ გეოპოლიტიკურად, საქართველო უნიკალურ ადგილს იკავებს. ის “შუა დერეფნის” გზაჯვარედინზე მდებარეობს და მჯერა, რომ მომავალში, ევროკავშირთან ვაჭრობა სულ უფრო და უფრო მეტ საერთაშორისო კომპანიას მოუნდება და ლოგისტიკური კვანძების განვითარებასთან ერთად, ბევრი მათგანი, რეგიონულ ოფისს საქართველოში გახსნის. ეს დიდ შესაძლებლობებს ქმნის არამხოლოდ ქართული ბიზნესებისთვის, არამედ ქართველებისთვისაც. მას შემდეგ, რაც მომდევნო ხუთ-ათ წელიწადში ფუნდამენტური ელემენტები განვითარდება, საჭირო იქნება ფინანსური ინფრასტრუქტურა.

მოდი, შევაჯამებ: საკანონმდებლო ჩარჩოს ჰარმონიზაცია, სტაბილურობა და პოტენციალი, რომელსაც ევროკავშირთან, ჩინეთთან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები განაპირობებს, ის ფაქტორებია, რომლითაც საქართველოს ამ ორი დიდი რეგიონის დაკავშირება შეუძლია. ჩვენ კი, აქ დიდ შესაძლებლობას ვხედავთ მომდევნო ათი, ოცი და ორმოცდაათი წლის განმავლობაში”, - განაცხადა სალიმ დანანიმ BMG-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები