2023 წლის დეკემბერში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს "პეივ ჯორჯიას” ციფრული ბანკის ლიცენზია მიანიჭა, რითაც საქართველოს საფინანსო სისტემას რიგით მე-3 ციფრული და რიგით მე-17 კომერციული ბანკი შეემატა. როგორც თავდაპირველად გახდა ცნობილი, "პეივ ჯორჯია” ფინანსური პროდუქტების გაერთიანებას და მათ ციფრულ აქტივებთან და ანგარიშების პროგრამირებადობასთან დაკავშირებას გეგმავს და მიზნად ისახავს ტექნოლოგიურ კომპანიებს მოემსახუროს. საბანკო ლიცენზიის მიღებიდან შვიდი თვის განმავლობაში “პეივ ჯორჯია” სატესტო რეჟიმში იმუშავებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნება.
საქართველოში ბანკის შექმნაზე, მის ბიზნესმოდელსა და კონკურენტულ უპირატესობაზე “პეივ ბანკის” თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, სალიმ დანანიმ ვრცლად BMG-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. კიდევ ერთი თემა, რომელიც ერთ-ერთი ქართული ციფრული ბანკის დამფუძნებელთან მიმოვიხილეთ - საქართველოს ეროვნულ ბანკში ლიცენზირების პროცესის გავლას შეეხებოდა, რომლის საფუძველზე, “პეივ ბანკმა” ლიცენზია მიიღო. როგორც სალიმ დანანიმ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ლიცენზირების პროცესმა კარგად ჩაიარა, თან ის სამართლიანი და დეტალური იყო.
“თხუთმეტი წელია, რაც ფინანსებში ვმუშაობ, რა დროსაც ბევრ მარეგულირებელთან მითანამშრომლია და თითოეული მათგანი თავისებურად სამართლიანია. საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს პირველად სანამ შევხვდებოდი, დაახლოებით ერთი წლის წინ, გამიგია, რომ ის კარგი მარეგულირებელი ორგანო იყო, მაგრამ, როგორც ამბობენ, ყველაფერს კრიტიკულად უნდა მიუდგე. სიმართლე გითხრათ, გაოცებული დავრჩი და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ სატელევიზიო ეთერში ვარ - მართლა ასე ვფიქრობ.
ძალიან მნიშვნელოვანია გყავდეს ისეთი მარეგულირებელი, რომელიც ბაზარს საუკეთესო რეგულაციებს სთავაზობს, მაგრამ, ამავდროულად, კონსერვატიულ მიდგომას ირჩევს რისკის შეფასების კუთხით. ამ მხრივ ბალანსი ვიპოვეთ. საქართველოს ეროვნული ბანკი, გარკვეულწილად, სტარტაპია მარეგულირებლებს შორის - ამ ტერმინის საუკეთესო გაგებით, რადგან ის ახალ ბიზნესმოდელებს სწავლობს და ციფრული საბანკო ლიცენზია ამის დასტურია. დამატებით მაგალითებად ღია ბანკინგის სენდბოქსი და ციფრული ვალუტის პროექტი გამოდგება. ზოგადად რომ გითხრათ, ვფიქრობ, ის მომავალზე ორიენტირებული მარეგულირებელია, რომელიც, ამავდროულად, ყველაფერს ერთ სივრცეში აერთიანებს. სებ-თან საუბარი მარტივია, მისი თანამშრომლები კი - უაღრესად კვალიფიციურები არიან.
“პეივ ბანკის” ლიცენზირების პროცესმა კარგად ჩაიარა - ის სამართლიანი და დეტალური იყო. დაუშვებელია, პროცესი მარტივი იყოს, რადგან თუ ეს ასეა, ნდობას კარგავ - ასე რომ, მნიშვნელოვანია ბალანსი. კაპიტალის დაბანდების პროცედურა, ანუ ის დრო, რომელსაც პროცესში ვდებთ და ლიცენზია, რომელსაც ამ პროცესის შედეგად ვიღებთ - ეფექტიანი უნდა იყოს, მაგრამ თუ ამ დროს არ არის კონტროლი და აუდიტი, აღარც ნდობა და ავტორიტეტი ჩანს. ჩვენს შემთხვევაში, პროცესი დაბალანსებული იყო, რისთვისაც საქართველოს ეროვნულ ბანკს დიდ პატივს ვცემ”, - განაცხადა “პეივ ბანკ საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა, სალიმ დანანიმ BMG-სთან.