2023 წლის დეკემბერში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს "პეივ ჯორჯიას” ციფრული ბანკის ლიცენზია მიანიჭა, რითაც საქართველოს საფინანსო სისტემას რიგით მე-3 ციფრული და რიგით მე-17 კომერციული ბანკი შეემატა. როგორც თავდაპირველად გახდა ცნობილი, "პეივ ჯორჯია” ფინანსური პროდუქტების გაერთიანებას და მათ ციფრულ აქტივებთან და ანგარიშების პროგრამირებადობასთან დაკავშირებას გეგმავს და მიზნად ისახავს ტექნოლოგიურ კომპანიებს მოემსახუროს. საბანკო ლიცენზიის მიღებიდან შვიდი თვის განმავლობაში “პეივ ჯორჯია” სატესტო რეჟიმში იმუშავებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნება.
“გვინდა შეცვალოთ ურთიერთობა, რომელიც კომპანიებს, გლობალურად, მათ ბანკებთან აქვთ”, - ამის შესახებ რიგით მესამე ქართული ციფრული ბანკის, “პეივ ბანკ საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა, სალიმ დანანიმ BMG-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, “პეივ ბანკი” B2B-ბიზნესმოდელს ეფუძნება, ხოლო კომპანიის სამიზნე სეგმენტი ტექნოლოგიურად განვითარებული კომპანიები არიან, რომელთაც ბანკი პერსონალიზებულ ანუ პროგრამირებად საბანკო მომსახურებას შესთავაზებს.
“გვჯერა, რომ ფულისა და ღირებულების ბუნება იცვლება და ამ პროცესში იმ ადგილად გვინდა ვიქცეთ, სადაც ეს ახალი ურთიერთობები ჩამოყალიბდება. ეს ამბიციური ხედვაა, რომლის მიღწევა შეიძლება - ამისთვის დრო არის საჭირო. არსებობს გარკვეული ბიზნესები, მაგალითად პროგრამული უზრუნველყოფის ბიზნესი, რომლის შექმნა ერთ ღამეში შეიძლება, მაგრამ სხვა ბიზნესებს უფრო მეტი დრო სჭირდება, რაც გასაგებიცაა, რადგან საქმე პრუდენციულ კონტროლს და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას უკავშირდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დეპოზიტარებზე ვსაუბრობთ.
როგორც აღვნიშნე, ეს ხედვა მომდევნო ათ, თხუთმეტ და ოც წელიწადზე არის გათვლილი და კარგი ისაა, რომ, როცა ბანკინგის, აქტივების, ღირებულებისა და ფულის პროგრამირებადობაზე ვლაპარაკობ, ეს ყველაფერი, როგორც წესი, ძალიან უცხო იყო - ადამიანებს არ ესმოდათ, რას ვაკეთებდით. ახლა კი, ვფიქრობ, ორი რამ მოხდა: პირველი ისაა, რომ უფრო ნათლად ვაყალიბებ, თუ რას ვაკეთებთ, მაგრამ მეორე დიდ ფინანსურ ინსტიტუტებს უკავშირდება, რომელთაც ამ ტერმინების გამოყენება დაიწყეს. JPMorgan-ის Onyx-ის პროგრამირებადი გადახდები გავიხსენოთ ან თუნდაც Citi Bank-ი, რომელიც მსგავს ფუნქციონალზე მუშაობს”, - განაცხადა სალიმ დანანიმ BMG-სთან ინტერვიუში.