მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას წარმოადგენს და რა გავლენა აქვს BRICS-ის კავშირს?

BRICS-ის დამფუძნებლები

რუსეთის ფედერაციაში BRICS-ის კავშირის ქვეყნების ორდღიანი სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც ომში და ომის შედეგად გლობალურ ეკონომიკურ იზოლაციაში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ხელმძღვანელობს. BRICS-ის სამიტის რუსეთში ჩატარება, ყოველწლიური როტაციის პრინციპის შედეგია.

BRICS-ის კავშირი, რომელიც ბრაზილიამ, რუსეთმა, ინდოეთმა და ჩინეთმა 2009 წელს დააფუძნეს და შემდეგ, სამხრეთ აფრიკა შემოიერთეს, პლანეტის ერთ-ერთი უძლიერესი ეკონომიკური კავშირია. წლების შემდეგ, ორგანიზაციაში ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები გაწევრიანდნენ. BRICS-ზე დედამიწის მოსახლეობის 40% და გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის მეოთხედი მოდის. ორგანიზაციის ლიდერთა შორის ჩინეთი და ინდოეთია - ქვეყნები, რომლებიც, სავარაუდოდ, პლანეტის სამომავლო დღის წესრიგს განსაზღვრავენ. ამგვარი ეკონომიკური ძალაუფლება გაერთიანებას გლობალურ მმართველობაში უფრო აქტიური როლის დაკავებისკენ უბიძგებს, რასაც ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები ცდილობენ.

ამის ერთ-ერთ მაგალითად BRICS-ის ქვეყნების ახალი განვითარების ბანკის შექმნა შეიძლება ჩაითვალოს. ის ერთგვარი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც განვითარებადი ქვეყნების დაკრედიტებას და, შესაბამისად, დედამიწის განუვითარებელი ქვეყნების განვითარებას მოიაზრებს. ამ სახელმწიფოების უდიდესი ნაწილი ე.წ. “გლობალურ სამხრეთში” მდებარეობს, ანუ აფრიკის და აზიის კონტინენტზე, რომელთაც BRICS-ის სახელმწიფოები ყურადღებით აკვირდებიან. ყველაფერი ის, რაც განვითარებულმა სახელმწიფოებმა უკვე გაიარეს, განვითარებად სახელმწიფოებს მომავალში აქვთ გასავლელი, შესაბამისად, ამ რეგიონებში ეკონომიკური განვითარების და დოვლათის და კეთილდღეობის შექმნის დიდი პოტენციალია.

თუმცა BRICS-ის სხვა მსგავს გაერთიანებებთან - G7-თან და G20-თან შედარება ცხადყოფს, რომ ამ ორგანიზაციას აქვს, როგორც უპირატესობები, ასევე ნაკლოვანებები. პირველ რიგში, BRICS-ის კავშირი მრავალფეროვანი განვითარებადი ეკონომიკებითაა დაკომპლექტებული, სადაც განსხვავებული ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემები მოქმედებს. ერთ მხარეს კომუნისტურ ჩინეთს ვხვდებით, მეორე მხარეს ავტორიტარულ რუსეთს, ხოლო მესამე მხარეს ინდოეთს.

BRICS-ის წევრებს შორის ყველაზე დიდი ეკონომიკა ჩინეთს აქვს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი $17 ტრილიონს შეადგენს. მეორე ადგილს $3.2 ტრილიონით ინდოეთი იკავებს, მესამიდან მეხუთე ადგილების ჩათვლით კი რუსეთს, ბრაზილიას და სამხრეთ აფრიკას ვხვდებით. თუმცა ამ შთამბეჭდავი რიცხვების მიუხედავად, ქვეყნებს შორის დიდი დისბალანსი შეიმჩნევა, რადგან თუ ჩინეთში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 12,000 დოლარის ტოლია, ინდოეთში ის სულ რაღაც 2,300 დოლარია. ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით BRICS-ის ყველაზე მდიდარი წევრი არაბთა გაერთიანებული საამიროებია, სადაც ერთ ადამიანზე $49,500 მოდის.

ეკონომიკურთან ერთად, BRICS-ის კავშირი პოლიტიკურიცაა, ხოლო ვექტორი, რომელიც მას აქვს არჩეული, მკვეთრადაა გადახრილი დამფუძნებელი სახელმწიფოების, კერძოდ, რუსეთისა და ჩინეთის მიმართულებით, რადგან დღის წესრიგს, სწორედ ისინი ქმნიან. ჩინეთი და რუსეთი, მართალია, იდეალური მოკავშირეები არ არიან, მაგრამ საერთო მტრის — კოლექტიური დასავლეთის — არსებობის პირობებში, ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი სინერგიულად თანამშრომლობენ და დედამიწის მომავალსაც, სწორედ ერთად განსაზღვრავენ. ამგვარად, BRICS-ის კავშირის ერთ-ერთი მიზანი გლობალური წესრიგის გადაწყობაა, რაზედაც ვლადიმირ პუტინს არაერთგზის უსაუბრია.

გლობალური გეოპოლიტიკის სათამაშო რუკაზე ძალთა ბალანსის ცვლილების მთავარ არგუმენტად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი BRICS-ის წევრი სახელმწიფოების ეკონომიკურ განვითარებას ასახელებს. ვლადიმირ პუტინის შეფასებით, მომდევნო წლების გლობალურ ეკონომიკურ ზრდას განსაზღვრავენ არა დასავლური, არამედ BRICS-ის კავშირის წევრი სახელმწიფოები, რადგან მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპით, სწორედ ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები ლიდერობენ. ამგვარად, რუსეთს BRICS-ისგან ისეთივე მასშტაბის მოთამაშის შექმნა სურს, როგორსაც ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, კანადა და დასავლური სახელმწიფოების სხვა დიდი მოკავშირეები, მათ შორის ავსტრალია და იაპონია კოლექტიურად წარმოადგენენ.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ BRICS-ის წლევანდელი სამიტი ვლადიმირ პუტინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მისი მიზანია დაამტკიცოს, რომ დასავლური სახელმწიფოების მიერ შემოღებულმა სასანქციო რეჟიმმა არ გაამართლა. ამასთან, რუსეთს და ჩინეთს პლანეტაზე ამერიკული დოლარის ჰეგემონიის დასრულებაც სურთ, რაც გლობალური ფინანსური სტრუქტურის გადალაგებას გამოიწვევს და განვითარებადი ქვეყნების რუბლზე და იუანზე დამოკიდებულებას გაზრდის, რაც რუსეთის და ჩინეთის პოლიტიკურ აღზევებას გამოიწვევს. ამ პროცესში, ვლადიმირ პუტინს სხვა ქვეყნების ჩართვაც სურს, მათ შორის ჩვენი მეზობელი თურქეთის, რომელმაც BRICS-ში გაწევრიანებისთვის ოფიციალური განაცხადი უკვე გაგზავნა.

რა შეიძლება ითქვას BRICS-ის კავშირის მომავალზე? პირველ რიგში, ვახსენოთ ის სახელმწიფოები, რომლებიც ალიანსში უკვე გაწევრიანდნენ, ანუ ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია და არაბთა გაერთიანებული საამიროები. კავშირში გაწევრიანებაზე ასევე ფიქრობენ საუდის არაბეთი, თურქეთი და ყაზახეთი. პარალელურად კი, BRICS-ის ხელმძღვანელობა ურთიერთობას ისეთ ქვეყნებთანაც ალაგებს, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით ალიანსის გარეთ რჩებიან, რაც ჯგუფის მზარდ გავლენას უსვამს ხაზს. გლობალური გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ევოლუციასთან ერთად, 21-ე საუკუნის ეკონომიკური და პოლიტიკური დინამიკის ფორმირებაში BRICS-ი, სავარაუდოდ, უფრო და უფრო დიდ როლს ითამაშებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები