რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეფასებით, მომდევნო წლების გლობალურ ეკონომიკურ ზრდას განსაზღვრავენ არა დასავლური, არამედ BRICS-ის კავშირის წევრი სახელმწიფოები, რადგან ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი გაცილებით სწრაფად იზრდება. ამ ყველაფრის ფონზე, ვლადიმირ პუტინს BRICS-ისგან ისეთივე მასშტაბის მოთამაშის შექმნა სურს, როგორსაც ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, კანადა და დასავლური სახელმწიფოების სხვა დიდი მოკავშირეები, მათ შორის ავსტრალია და იაპონია წარმოადგენენ.
“ჩვენი კავშირის წევრი სახელმწიფოები გლობალურ ეკონომიკურ ზრდას განსაზღვრავენ. უახლოეს მომავალში, გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის უდიდეს ნაწილს სწორედ BRICS-ის ქვეყნები განსაზღვრავენ. BRICS-ის წევრი სახელმწიფოების ეკონომიკური ზრდა სულ უფრო და უფრო ნაკლებად იქნება დამოკიდებული საგარეო გავლენაზე ან ჩარევაზე, რაც ეკონომიკურ სუვერენიტეტს ნიშნავს”, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ეს განცხადება BRICS-ის წლევანდელ ყრილობას უკავშირდება, რომელიც რუსეთის ქალაქ ყაზანში ხვალ დაიწყება და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამ დროს, რუსეთის ფედერაციას ესტუმრებიან, როგორც BRICS-ის ამჟამინდელი წევრები, მათ შორის ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, ასევე ის ქვეყნები, რომლებიც ეკონომიკურ ალიანსში გაწევრიანებას განიხილავენ, მაგალითად, ყაზახეთი.
BRICS-ის წლევანდელი სამიტი ვლადიმირ პუტინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მისი მიზანია დაამტკიცოს, რომ დასავლური სახელმწიფოების მიერ დაწესებულმა სასანქციო რეჟიმმა - არ გაამართლა. ამასთან, რუსეთს და ჩინეთს პლანეტაზე ამერიკული დოლარის ჰეგემონიის დასრულებაც სურთ, რაც გლობალური ფინანსური სტრუქტურის გადალაგებას გამოიწვევს. ამ პროცესში, ვლადიმირ პუტინს სხვა ქვეყნების ჩართვაც სურს და, როგორც ის ამბობს, სამიტის მიმართ ინტერესი ოცდაათმა ქვეყანამ გამოხატა.