რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოის ეწვია, სადაც აზიური სახელმწიფოს მეთაურს, პრეზიდენტ ტო ლამს შეხვდა. როგორც გაირკვა, პუტინის ვიზიტი შემთხვევითი არ ყოფილა, რადგან შეხვედრაზე ლიდერები ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, მათ შორის თავდაცვის კუთხით. ამგვარი შეთანხმება ვლადიმირ პუტინმა ერთი დღით ადრე ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთანაც გააფორმა და პირობა აღუთქვა, რომ თუ ჩრდილოეთ კორეა ომში ჩაებმება, რუსეთი მას გვერდში დაუდგება. ასეთივე დაპირება გასცა ჩრდილოეთ კორეის ახალგაზრდა მმართველმაც.
თუმცა ტო ლამთან შეხვედრის გარდა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვიეტნამური ვოიაჟი კიდევ ერთი მიზეზით უნდა გამოვყოთ და ვიეტნამის მიერ ე.წ. “ბამბუკის დიპლომატიას” უკავშირდება. ეს პოლიტიკური ტერმინია, რომელიც აღნიშნავს, რომ ქვეყანა ქარის ყოველ დაბერვაზე ბამბუკივით ირყევა და ხან ერთ მხარეს ირჩევს და ხან მეორეს, მაგრამ საერთაშორისო კონფლიქტებში ჩაბმისგან თავს იკავებს. აი, სწორედ ასე იქცევა ბოლო დროს კომუნისტური ვიეტნამი, რომელმაც შარშან ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დალაგება დაიწყო, რასაც ჰანოიში ჯო ბაიდენის ვიზიტიც ადასტურებს. თან არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ვიეტნამს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმებაც არსებობს.
თუმცა საპირწონედ ამისა, არსებობს რუსეთის ფედერაცია, რომელიც ვიეტნამისთვის ასევე ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობა სათავეს ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან იღებს, რადგან სსრკ ვიეტნამს საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ომებში მხარს უჭერდა. თუმცა პოლიტიკური მხარდაჭერისგან განსხვავებით, ვიეტნამის ეკონომიკა რუსეთზე დიდად არ არის დამოკიდებული. 2022 წელს, რუსეთ-ვიეტნამის სავაჭრო ბრუნვამ 3.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, როცა აშშ-სთან ბრუნვა 123 მილიარდი დოლარი იყო, ჩინეთთან კი საერთოდაც - 175 მილიარდი დოლარი.
თუმცა ვიეტნამთან და მის მიერ არჩეულ “ბამბუკის დიპლომატიასთან” დაკავშირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ისაა, რომ ტო ლამმა უკრაინის მშვიდობის სამიტზე უარი თქვა და სანაცვლოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსეთში, BRICS-ის შეხვედრაზე გაგზავნა. აი, სწორედ BRICS-ის კავშირი არის ის, რასაც გლობალურ გეოპოლიტიკაში ბოლო დროს ყველა აკვირდება, რადგან ამ კავშირის სიძლიერის და გავლენის არდანახვა უკვე აღარ შეიძლება.
მაშ, რა არის BRICS-ის კავშირი და რატომ უთმობენ მსოფლიოს ქვეყნები მას ამხელა ყურადღებას? BRICS-ის კავშირი, რომლის დამფუძნებლები ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა არიან, თავდაპირველად, განვითარებადი ეკონომიკების არაფორმალური ფორუმი იყო, რომელმაც მალევე შეიძინა სტრუქტურა და გავლენიან გლობალური მოთამაშედ ჩამოყალიბდა. თავად ამ ფაქტს კი ის განაპირობებეს, რომ კოლექტიურად, ჯგუფი ეკონომიკურად ძალიან ძლიერია, რამეთუ მასზე დედამიწის მოსახლეობის 40% და გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის მეოთხედი მოდის. ამგვარი ეკონომიკური ძალაუფლება გაერთიანებას გლობალურ მმართველობაში უფრო აქტიური როლის დაკავებისკენ უბიძგებს. ამ ბიძგის კულმინაციის ერთ-ერთ მაგალითად BRICS-ის ქვეყნების ახალი განვითარების ბანკის შექმნა შეგვიძლია ჩავთვალოთ - საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისა, რომელიც განვითარებადი ქვეყნების დაკრედიტებას ისახავს მიზნად.
BRICS-ის სხვა მსგავს ერთეულებთან, მაგალითად G7-თან და G20-თან შედარება ცხადყოფს, რომ ამ კავშირს აქვს, როგორც უპირატესობები, ასევე ნაკლები. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ BRICS-ის კავშირი მრავალფეროვანი განვითარებადი ეკონომიკებითაა დაკომპლექტებული, სადაც განსხვავებული ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემები მოქმედებს. ეს მრავალფეროვნება, მართალია, შესაძლოა, სიძლიერის წყაროდ იყოს აღქმული, მაგრამ არც განსხვავებული ინტერესები და აზრთა სხვადასხვაობის გამო ვერმიღებული გადაწყვეტილებები უნდა დავივიწყოთ, რომლებიც, შესაძლოა, G7-ის ფორმატში საერთოდ არ არსებობდეს.
ახლა კი, BRICS-ის ეკონომიკურ ანალიზს დავუბრუნდეთ. BRICS-ის წევრებს შორის ყველაზე დიდი ეკონომიკა ჩინეთს აქვს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი 17 ტრილიონ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილს 3.2 ტრილიონი დოლარით ინდოეთი იკავებს, მესამიდან მეხუთე ადგილების ჩათვლით კი რუსეთს, ბრაზილიას და სამხრეთ აფრიკას ვხვდებით. თუმცა ამ შთამბეჭდავი რიცხვების მიუხედავად, ქვეყნებს შორის დიდი დისბალანსი შეიმჩნევა, რადგან თუ ჩინეთში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 12,000 დოლარის ტოლია, ინდოეთში ის სულ რაღაც 2,300 დოლარია.
თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოების ეკონომიკური გაძლიერება BRICS-ის კავშირის მთავარი მიზანი არ არის. ეკონომიკასთან ერთად, ეს კავშირი მეტად პოლიტიკურიცაა, ხოლო ვექტორი, რომელიც მას აქვს არჩეული მკვეთრადაა გადახრილი BRICS-ის დამფუძნებელი სახელმწიფოების - რუსეთისა და ჩინეთის მიმართულებით. ჯგუფის ერთიანი პოზიცია სხვადასხვა საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის, მაგალითად, დედოლარიზაციის მიმართულებით, BRICS-ის მზარდ გავლენას და ალიანსის წევრი სახელმწიფოების მიერ გლობალური წესრიგის გადაწყობის სურვილზე მიგვანიშნებს.
მაშ, რა შეიძლება ითქვას BRICS-ის კავშირის მომავალზე? პირველ რიგში, ვახსენოთ ის სახელმწიფოები, რომლებიც ალიანსში უკვე გაწევრიანდნენ, ანუ ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია და არაბთა გაერთიანებული საამიროები. კავშირში გაწევრიანებაზე საუდის არაბეთიც ფიქრობს ფიქრობს. პარალელურად კი, BRICS-ის ხელმძღვანელობა ურთიერთობას ისეთ ქვეყნებთანაც ალაგებს, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით ალიანსის გარეთ რჩებიან, რაც ჯგუფის მზარდ გავლენას უსვამს ხაზს. გლობალური გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ევოლუციასთან ერთად, 21-ე საუკუნის ეკონომიკური და პოლიტიკური დინამიკის ფორმირებაში BRICS-ი, სავარაუდოდ, უფრო და უფრო დიდ როლს ითამაშებს.