მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთი - ახალი "დიდი ბიჭი" გლობალურ გეოპოლიტიკაში

მუჰამედ ბინ სალმანი

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, გლობალურ გეოპოლიტიკურ არენაზე რუსეთის როლი მნიშვნელოვნად შესუსტდა. რუსეთის დაღმასვლის პარალელურად კი, მსოფლიოში გამოჩნდა რამდენიმე სახელმწიფო, რომელთაც დიდი პოლიტიკური თამაშიდან რუსეთის გავლით შექმნილი ვაკუუმის შევსება რამდენიმე ქვეყანამ ერთად სცადა.

ამ ქვეყნების ჩამონათვალში, ყველაზე მნიშვნელოვანი, ცხადია, მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ჩინეთია, რომელმაც რუსული ნავთობის შესყიდვა დაიწყო და ამით, რუსეთს დახმარების ხელი გამოუწოდა.

თუმცა სი ძინპინის გარდა, გლობალურ პოლიტიკურ არენაზე კიდევ რამდენიმე მსხვილი მოთამაშე გამოჩნდა. მათ შორისაა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი, რომელმაც G-20-ის რამდენიმე კვირის წინ გამართულ სხდომაზე ისეთი შეთანხმებები გააფორმა, რაც რიგით მეხუთე ეკონომიკას მომავალ წლებში ძალიან წინ წასწევს.

ნარენდრა მოდისთან ერთად, განსაკუთრებული აღნიშნვნის ღირსია საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე და ქვეყნის დე ფაქტო და რეალურად, ერთპიროვნული მმართველი, მუჰამედ ბინ სალმანი, რომელმაც, ბოლო წლებში, მსოფლიოში სახელი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით და საერთაშორისო კორპორაციების წილების შესყიდვით გაითქვა.

სწორედ მუჰამედ ბინ სალმანს უკავშირდება საუდის არაბეთში მშენებარე ფუტურისტული ქალაქი ნეომი და 487 მეტრის სიმაღლის და 120 კილომეტრის სიგრძის შუშის ცათამბჯენი, სახელწოდებით The Line, რომელიც სათავეს წითელი ზღვის სანაპიროზე იღებს და მთებსა და უდაბნოს კვეთს.

თუ ეს პროექტი საკმაოდ ფუტურისტული და გრძელვადიანია, ის შეთანხმება, რომელიც არაბულმა სახელმწიფოებმა, ევროკავშირმა და ინდოეთმა G-20-ის ბოლო სამიტზე მიაღწიეს, მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ მხარეებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ეს შეთანხმება ინდოეთის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის დამაკავშირებელ ეკონომიკურ კორიდორს მოიცავს, რომელიც დიდი ოცეულის ისტორიაში დაანონსებული ყველაზე მსხვილმასშტაბიანი პროექტია. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ეს არის საზღვაო, სახმელეთო და სარკინიგზო კორიდორი, რომელიც გლობალურ ვაჭრობას მნიშვნელოვნად გაამარტივებს.

“ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით ვთქვა - ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, რომლის მიზანი მსოფლიოს მასშტაბით მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარებაა. აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ეკონომიკური დერეფნების განვითარებაში სტრატეგიული ინვესტიცია განახორციელოს. 

მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ ინდოეთის, ახლო აღმოსავლეთის და ევროპის დამაკავშირებელი ეკონომიკური კორიდორის შესახებ შეთანხმება მიღწეულია და შესაბამის დოკუმენტსაც მოეწერა ხელი. ჩვენ ინვესტიციას განვახორციელებთ პორტების, რკინიგზის და საზღვაო ტრანსპორტის განვითარებაში. პროექტში აქტიურად იქნებიან ჩართულნი: ევროკავშირი, ინდოეთი, საუდის არაბეთი, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და იორდანია.  

ამ ქვეყნებს შორის დამაკავშირებელი გზის გაჩენა ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნის და მნიშვნელოვნად გაამარტივებს ვაჭრობის პროცესს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ მწვანე ენერგიის ექსპორტი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით დასახულ მიზნებს მივაღწიოთ. 

პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება რამდენიმე ტრილიონ დოლარს შეადგენს და ის ათწლეულებზე გადანაწილდება. სირთულეების მიუხედავად, ერთი რამ აუცილებლად უნდა ითქვას - გლობალური ეკონომიკის ზრდისთვის აუცილებელია განვითარებადი სახელმწიფოების ხელშეწყობა და გლობალიზაციის წახალისება", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. 

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დაანონსებული ეკონომიკური კორიდორი ჩინეთის მთავრობის მიერ ინიიცირებული “სარტყლისა და გზის” ერთგვარი კონკურენტია. ორივე ინიციატივა მსოფლიოს მასშტაბით ინფრასტურუქტურლ პროექტებში დიდი ინვესტიციის განხორციელებას მოიაზრებს და ორივეს შემთხვევაში მთავარი მიზანი სუპერსახელმიწფოების გეოპოლიტიკური ინტერესების გატარებაა. ამ პროექტის შესახებ, რამდენიმე დღის წინ, Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა მუჰამედ ბინ სალმანმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვანია არამხოლოდ ლოგისტიკურად, არამედ მწვანე ენერგეტიკის კუთხითაც.

"ლოგისტიკა მნიშვნელოვანია. თუ გსურს, ქვეყანაში წარმოება და პროდუქტების ტრანზიტი გქონდეს, მნიშვნელოვანია ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა გამართული იყოს, ამ პროცესში ბევრი ქვეყანა ჩაერთოს და ტვირთი თავის დროზე მიდიოდეს. ამ პროექტით, მაგალითად, ევროპიდან ინდოეთში ტვირთი სამიდან ექვს დღემდე უფრო სწრაფად ჩავა, რაც ამცირებს დროს და ზრდის ეფექტიანობას. რატომაც არა? თან, საქმე მხოლოდ ტვირთში, რკინიგზასა და პორტებში კი არ არის, ეს საკითხი ენერგოქსელებისა და მონაცემების გადამცემი კაბელების დაკავშირებასაც გულისხმობს. ამ პროექტით სარგებელს ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და ინდოეთი მიიღებენ და მათი უმრავლესობა ახლო აღმოსავლეთში წარმოებულ მწვანე ენერგიას გამოიყენებს. ასე რომ, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია", - განაცხადა მუჰამედ ბინ სალმანმა Fox News-თან საუბრისას. 

ამ ინტერვიუში, საუდის არაბეთის დე ფაქტო მმართველმა ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზეც. დღეს, საუდის არაბეთი გლობალურ გეოპოლიტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომელიც, ათწლეულების განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ უმთავრეს მოკავშირედ ითვლებოდა, ცხადია ისრაელის შემდეგ. დღეს კი, საუდის არაბეთი თანამშრომლობს არამხოლოდ ამერიკასთან, არამედ რუსეთთანაც და პარალელურად ამისა, შესვლას განიხილავს BRICS-ის კავშირშიც, რომელზედაც გლობალური ეკონომიკის 26%-ზე მეტი მოდის. Fox News-ის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობს მუჰამედ ბინ სალმანი უკრაინაში მიმდინარე ომზე, არაბული ქვეყნის ლიდერი აღნიშნავს, რომ ომი გაეროს წესებს ეწინააღმდეგება და შესაბამისად, მიუღებელია.

"ის, რაც უკრაინაში ხდება - ცუდია და ამის დანახვა არ გვინდა. სხვა ქვეყანაში შეჭრა გაეროს წესებს ეწინააღმდეგება და საუდის არაბეთმა ომის წინააღმდეგ ხმა მისცა. რუსებს აქვთ არგუმენტები, ომი რატომ დაიწყეს, რაშიც NATO-ს გაფართოებაც შედის. თუმცა სხვა ქვეყანაში შეჭრა ძალიან ცუდია. საუდის არაბეთს კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან და კარგი ურთიერთობა აქვს უკრაინასთან. ორივე ამ ქვეყანასთან ვვაჭრობთ, ასე რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ", - ამბობს მუჰამედ ბინ სალმანი. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ვის-ვის და საუდის არაბეთს კარგად ესმის - ნავთობის მოპოვებაა. ბოლო პერიოდში კი, გლობალურ სანავთობო ბირჟაზე შავი ოქროს ფასი იზრდება. ანალიტიკოსების შეფასებით, ენერგორესურსების გაძვირება OPEC-ის წევრი სახელმწიფოების სამომავლო გადაწყვეტილებებთანაა დაკავშირებული. სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაცია და საუდის არაბეთი ნავთობის მიწოდებას კიდევ უფრო მეტად შეამცირებენ, რაც ბაზარზე დეფიციტს გაამწვავებს. მოგეხსენებათ, საუდის არაბეთმა გლობალურ ბაზარს ნავთობის მიწოდება დაახლოებით მილიონი ბარელით შეუმცირა, რუსეთმა კი წარმოების მაჩვენებელი დღიურად 800 ათასი ბარელით დააკორექტირა. Fox News-ის ჟურნალისტმა მუჰამედ ბინ სალმანს ჰკითხა, ნავთობის წარმოების შემცირებით ხომ არ ეხმარება საუდის არაბეთი რუსეთს, რაზედაც ქვეყნის ლიდერმა განაცხადა, რომ მთავარი - მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებაა.

"საუდის არაბეთში მოთხოვნას და მიწოდებას ვაკვირდებით. თუ მიწოდების მხარეს დეფიციტია, ჩვენი, ანუ OPEC პლუსის მოვალეობაა, ის შევავსოთ. თუ მიწოდება ჭარბია, ჩვენი მოვალეობაა - ბაზარი შევამციროთ. ეს წმინდა მოთხოვნა-მიწოდების საკითხია", - აღნიშნავს მუჰამედ ბინ სალმანი და დასძენს, რომ ნავთობის მოპოვების შემცირება პოლიტიკური საკითხი არ არის. 

ბოლო წლებში, საუდის არაბეთი რეალურ ანგარიშგასაწევ ძალად იქცა მსოფლიოში, რაც, ცხადია, აისახება სტატისტიკაზეც. უკანასკნელი მონაცემებით, საუდის არაბეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ტრილიონ 108 მილიონ დოლარს შეადგენს და ამ მაჩვენებლით, საუდის არაბეთი რიგით მე-17 ქვეყანაა მსოფლიოში. საინტერესოა, რომ ბოლო მონაცემებით, საუდის არაბეთის ეკონომიკა, წლიურად, თითქმის 9%-ით გაიზარდა, რაც მსოფლიოს ოც უმსხვილეს სახელმწიფოს შორის დაფიქსირებული საუკეთესო მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები