მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასმა მცირედით მოიმატა, თუმცა კვირის ჭრილში ზრდის ტემპი მაინც შემცირებულია. ამ დროისთვის ბირჟაზე ნედლი ნავთობის ფასი 85 დოლარს აღემატება, ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება ერთ დღეში ბარელზე თითქმის 90 დოლარამდეა გაზრდილი.
მიუხედავად მცირედი ზრდისა, კვირის ჭრილში ფასი მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რადგან მიმდინარე კვირის დასაწყისში ნავთობზე ფასმა 100 დოლარსაც გადააჭარბა და რეკორდული ღირებულება 115 დოლარიც დაფიქსირდა, ხოლო გასული კვირა ბაზარმა 30%-იანი მატებით ჩახურა. თუმცა ბირჟებზე 10 მარტს ნავთობი ფასის შემცირების ტენდენცია დაფიქსირდა.
საფასო ჭერზე ბევრად მეტი ღირს რუსული URALS-იც და 85 დოლარად ივაჭრება. ბოლო ერთ კვირაში რუსული ნავთობის 30%-ზე მეტად არის გაძვირებული. რაც შეეხება WTI-ის, ბირჟაზე მისი ფასი თითქმის 86 დოლარია.
28 თებერვლიდან მსოფლიო ახალი მასშტაბური სამხედრო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდა. ყველაფერი ირანზე ირაელისა და აშშ-ის სამხედრო ოპერაციით დაიწყო, რასაც ირანმა საპასუხო დარტყმებით უპასუხა რეგიონის სხვა ქვეყნებზეც.
ირანი, ისრაელის გარდა, რაკეტებით უტევდა არაერთ მეზობელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, კატარს, ერაყს, ქუვეითსა და ბაჰრეინს. მთავარი სამიზნე რა თქმა უნდა, აშშ-ის სამხედრო ბაზებია.
ახლო აღმოსავლეთში ნებისმიერი დაძაბულობა, მით უფრო ასეთი მასშტაბის კონფლიქტი ბუნებრივია, გავლენას ახდენს ენერგეტიკულ ბაზრებზე, რადგან ეს ქვეყნები მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორები არიან.
ასევე ჩაკეტილი რჩება ჰორმუზის სრუტე, ვიწრო გასასვლელი სპარსეთის ყურიდან ოკეანეში, რომელიც წლიურად მსოფლიო ნავთობის მეხუთედს ატარებს. ჰორმუზის სრუტიდან ნავთობი გააქვთ: საუდის არაბეთს, ირანს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს (UAE), ქუვეითსა და ერაყს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მისმა ჩაკეტვამ ნავთობის ბაზრებზე მიწოდება შეაფერხა ამან კი ცხადია ფასი გაზარდა.




























