წამყვანი მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი, Goldman Sachs-ი ნავთობის ფასთან დაკავშირებით საკუთარ პროგნოზს ავრცელებს. ფინანსურ ინსტიტუტში მიიჩნევენ, რომ 2026 წლის ბოლომდე ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი საშუალოდ $50-55 დოლარამდე დაეცემა. შედარებისთვის, ამჟამად ერთი ბარელის ფასი, საშუალოდ, $67 დოლარია.
არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით, ბანკში მოელიან, რომ 2025 წლის მეოთხე კვარტალიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში, ანუ 2026 წლის ბოლომდე ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები ყოველდღიურად იმაზე გაცილებით მეტ ნავთობს აწარმოებენ, ვიდრე ეს ბაზარს სჭირდება. საუბარია დღეში 1.8 მილიონი ბარელი ნავთობის მეტობაზე.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ბანკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2026 წლის ბოლომდე გასაყიდად დარჩენილი ნავთობის მოცულობა 800 მილიონ ბარელამდე გაიზრდება, საიდანაც ერთი მესამედი OECD-ს ქვეყნებზე მოვა. ეს კი, ცხადია, კიდევ უფრო შეამცირებს ნავთობის ფასებს ევროპულ, ამერიკულ და აზიურ ბაზრებზე.
ერთადერთი სცენარი, რომლის მიხედვითაც ნავთობის ფასი შეიძლება გაიზარდოს, დაკავშირებულია ჩინეთის მიერ შესყიდვების ზრდასთან. ბანკში აცხადებენ, რომ თუ მომდევნო წელს ჩინეთი ყოველდღიურად 800,000 ბარელ ნავთობს შეიძენს, მაშინ ფასები არათუ $50-55 დოლარამდე შემცირდება, არამედ, საშუალოდ $62 დოლარამდე გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზით, ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასები 2025 მე-4 კვარტალის დადგომამდე მეტ-ნაკლებად უცვლელად დარჩება; და თუ ჩინეთმა შესყიდვები არ გაზარდა, ფასების შემცირება მომავალი წლის დასაწყისში უკვე საგრძნობი გახდება.




























