მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია საავტომობილო ინჟინერიის მწვერვალი? – Bugatti Tourbillon-ის განხილვა

Bugatti Tourbillon

საავტომობილო ბრენდების იერარქიაში Bugatti აბსოლუტურ მწვერვალად ითვლება. ეს არის კომპანია, რომელიც, გულწრფელები თუ ვიქნებით, მხოლოდ საკუთარ თავთანაა კონკურენციაში, რადგან სუპერქარების მმუსვრელი Veyron-ის დამარცხება, რეალურად, ისევ თავად Bugatti-მ შეძლო, ახალი Chiron-ის დახმარებით.

2021 წელს Bugatti-ის არსებობის ისტორიაში ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, ის ხორვატიულ Rimac-ს შეერწყა, კომპანიის დამფუძნებელმა, მათე რიმაცმა კი Bugatti-ის ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავა. თუკი საავტომობილო სამყაროში Bugatti-ის სახელი გრანდიოზულობასთან ასოცირდება, Rimac-ის სახელთან მხოლოდ ერთი რამ იყო დაკავშირებული – პლანეტის ყველაზე ჩქარი ელექტრომობილი - Rimac Nevera. ფრანგული კომპანიის სათავეში რიმაცის მოსვლა ყველასათვის ერთ რამეს მოასწავებდა - Bugatti-ის ელექტრიფიკაციას, რადგან სხვას რას უნდა ველოდეთ კაცისგან, რომელმაც მთელი ცხოვრება EV-ტექნოლოგიის განვითარებას დაუთმო?!

საბედნიეროდ, შევცდით. მათე რიმაცმა არათუ წაბილწა Bugatti-ის 115-წლიანი ისტორია, არამედ ვა-ბანკზე წავიდა და ახალ Bugatti-ის V16-ის ტიპის, 8.3 ლიტირის მოცულობის, ატმოსფერული შიდა წვის ძრავა მისცა, რომლის მსგავსი სამყაროს არასოდეს უნახავს.

მართალია, 16 ცილინდრი ნებისმიერი მანქანისთვის წარმოუდგენელია, თუმცა Bugatti-სთვის ეს დნმ-ის ნაწილია. Cosworth-ის სამჭედლოში შექმნილ ამ მუსიკალურ ინსტრუმენტს აბსურდულს ის ხდის, რომ მას არც ტურბოდამბერი აქვს და არც კომპრესორი, ის ატმოსფერულია და 1,000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძრავა ჩვეულებრივი ჰეჩბეკის ტიპის მანქანის სიგრძისაა, ის სულ რაღაც 250 კილოგრამს იწონის, რაც, სიმძლავრის გათვალისწინებით, დაუჯერებლად მსუბუქია.

მართალია, 1,000 ცხენის ძალა ნებისმიერი პარამეტრით საკმარისზე მეტია, თუმცა აქ Bugatti-ზე ვსაუბრობთ, სადაც საკმარისი არაფერია. კომპანიის ახალმა დირექტორმა კიდევ ერთი თამამი გადაწყვეტილება მიიღო და Cosworth-ის მიერ შექმნილი მექანიკური გული Rimac-ის ელექტრონულ სისტემასთან შეაუღლა. ამ ქორწინების შედეგად 3 ელექტრონული მოტორი, F1-ის სტილის 25 kWh-იანი ბატარეა, V16-ის ტიპის ძრავა და 1,800 ცხენის ძალის საერთო სიმძლავრე მივიღეთ, რომელიც ავტომობილის კატაპულტირებას 0-დან 100 კმ/სთ-მდე 2 წამში ახერხებს; 200 კმ/სთ-ის მიღწევას 5 წამი სჭირდება, ხოლო 445 კმ/სთ-ის მიღწევას ავტომობილი 25 წამს ანდომებს. ამ რიცხვებში ყველაზე სასაცილო ის არის, რომ 445 კმ/სთ ელექტრონულად განსაზღვრული ლიმიტია, რადგან მექანიკურად ავტომობილს გაცილებით უფრო სწრაფად შეუძლია წასვლა, რაზედაც მისი სპიდომეტრიც მეტყველებს, რომელზედაც 550 კმ/სთ-ია გამოსახული და ეს რიცხვი ინტერიერის დეკორაციის მიზნით არ შეურჩევიათ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჰიბრიდულ-მექანიკური სისტემა ახალ Bugatti-ის არა ავტომობილების, არამედ თვითმფრინავების კონკურენტად აქცევს.

სახელს რაც შეეხება, VW Group-ის ფლაგმანურ ჰიპერქარს Tourbillon (ტურბილონი) ჰქვია, რაც მექანიკური საათის მბრუნავი კომპონენტია, რომელიც მხოლოდ ულტრა-პრემიუმ მოწყობილობებში გვხვდება. ტურბილონის იდეა სათავეს 1800-იანი წლებიდან იღებს და მისი მიზანი გრავიტაციული ზემოქმედების დაძლევის გზით მექანიკური საათის სიზუსტის გაზრდაა. მართალია, ეს ტექნოლოგია ერთ დროს სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, თუმცა დღეს მას მხოლოდ ერთი დანიშნულება აქვს - მაყურებლის გაოცება. დღეს ტურბილონი არავის სჭირდება, თუმცა ის ყველას უნდა, ისევე, როგორც Bugatti.

ფრანგული ავტომობილის მიმართ კოლექციონერებისა და ავტომოყვარულების ლტოლვას მისი ვიზუალი, პროპორციები, გრაციოზულობა და სკულპტურა განაპირობებს. მართალია, სილამაზე სუბიექტურია, თუმცა ფაქტია, რომ ამ ავტომობილზე ისეთივე მოთხოვნაა, როგორიც და ვინჩის ფერწერულ ტილოზე.

აქვე, Tourbillon-ის ინტერიერზეც უნდა ვისაუბროთ, რომელიც არანაკლებ გამორჩეულია, რადგან ამ ულტრა-სწრაფ ავტომობილში მაქსიმალურ ხარისხს, სიმდიდრესა და დახვეწილობას ვხედავთ. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ინსტურმენტების მაჩვენებელი იქცევს, რომელიც მექანიკურია - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მის შექმნაზე შვეიცარიელმა მესაათეებმა იმუშავეს და ისრების მოძრაობას ხრახნები, ჭანჭიკები და ზამბარები უზრუნველოყოფს, ისევე, როგორც ეს მექანიკური საათების შემთხვევაშია. Tourbillon-ის დიზაინერებმა ეს უცნაური გზა იმიტომ აირჩიეს, რომ მექანიკური საათი 100 წლის შემდეგაც გარანტირებულად მიმზიდველი იქნება, ციფრული Smart Watch-ის დანახვაზე კი 100 წელიწადში ყველას გაეცინება, ზედროულობა კი ის ღირებულებაა, რომელზედაც Bugatti დგას. როგორც მათე რიმაცი აღნიშნავს, კოლექციონერები Bugatti-ებს 50 და 100 წლის განმავლობაში ინახავენ და მომავალშიც ასე გააგრძელებენ, რაც კომპანიას აიძულებს, ისეთი რამ შექმნას, რაც დროის გამოცდას ღირსეულად უძლებს.

კიდევ ერთი ნიუანსი Tourbillon-ის საჭეს უკავშირდება, რომელიც რთულია რამეს შევადაროთ, რადგან ის პლანეტარული მოძრაობის სისტემით არის აღჭურვილი, ანუ საჭე ტრიალებს, მის შიგნით განთავსებული ინსტრუმენტების დაფა კი ყოველთვის უძრავად რჩება, რაც ემოციური ატრაქციონის ნაწილია.

როგორც ვთქვით, ზედროულობა Tourbillon-ის საფირმო ნიშანია, სწორედ ამიტომ ავტომობილში ისეთი ციფრული ეკრანია განთავსებული, რომელიც მხოლოდ მაშინ ჩანს, როცა ამას მძღოლი მოისურვებს. ცენტრალური კონსოლიდან თავად ამ დისპლეის ასვლა-ჩამოსვლა თეატრალური წარმოდგენის ნაწილია, ისევე, როგორც ყველაფერი, რასაც Bugatti აკეთებს.

ამ სახმელეთო ხომალდის საწყისი ფასი 4.5 მილიონ დოლარს შეადგენს და 2029 წლამდე მისი 250 ეგზემპლარი დამზადდება. ცხადია, ყოველი მათგანი წინასწარ გაყიდულია და კოლექციონერები უკვე მზად არიან, მასში ორჯერ მეტი გადაიხადონ, თუმცა Tourbillon-ის შესაძენად მხოლოდ ფული არ არის საკმარისი, რადგან მისი ფლობის უფლების მოსაპოვებლად კომპანიამ ღირსეულად უნდა ჩაგთვალოს, რაც მარტივი ნამდვილად არ არის.

115 წლის წინ, ეტორე ბუგატის ერთი მიზანი ჰქონდა – საუკეთესო ავტომობილის შექმნა, რომელიც მისმა დაფუძნებულმა კომპანიამ ნამდვილად შეძლო. Bugatti Tourbillon-ის შედარება სხვა ავტომობილთან უბრალოდ შეუძლებელია, რადგან როგორც ცხონებული ეტორე ამბობდა, „თუ ის სხვა ავტომობილს შეიძლება შეედაროს, მაშინ ის Bugatti არ არის“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები