მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური კავშირები?

ბელარუსი საქართველო

თბილისში საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მეშვიდე სხდომა გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის ზრდაზე, მათ შორის კომისიის ფარგლებში მიღწეულ პროგრესზე ბელარუსის ბაზარზე ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის გაზრდის მიზნით.

BMG გთავაზობთ მონაცემებს ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების შესახებ.

ვაჭრობა

ბელარუსთან სავაჭრო ბრუნვა რეკორდული 2024 წელს იყო, როდესაც ექსპორტ-იმპორტის ჯამმა 178 მლნ დოლარს გადააჭარბა, უკვე გასულ წელს კი მაჩვენებელი შემცირდა და 151 მლნ დოლარი შეადგინა. 2026 წლის იანვრის სტატისტიკით კი სავაჭრო ბრუნვა 12 მლნ დოლარია.

ორი ქვეყნის სავაჭრო კავშირი ძირითადად ბელარუსიდან საქართველოში იმპორტზე მოდის. სწორედ იმპორტის 141.4 მლნ დოლარიდან 108.2 მლნ დოლარამდე კლება იყო 2025 წელს სავაჭრო ბრუნვის შემცირების მიზეზი. საპირისპიროდ კი ექსპორტი გაიზარდა და 43 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ, როდესაც 2024 წელს 36.7 მლნ დოლარი იყო. 2026 წლის იანვრის სტატისტიკით კი ექსპორტი 1.3 მლნ დოლარია, ხოლო იმპორტი 10.6 მლნ დოლარი.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ნომერ პირველი საიმპორტო კატეგორია ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო $47.8 მილიონით, რაც 2025 წლის ჩამონათვალში აღარ არის და შესაბამისად იმპორტის მაჩვენებელიც შეამცირა.

2025 წლის მონაცემებით ბელარუსიდან იმპორტირებული TOP 5 პროდუქტი შემდეგია:

  1. რძე და ნაღები - $13 მლნ;
  2. ხე-ტყის მასალა - $10 მლნ;
  3. ფილები მერქანბოჭკოვანი მერქნის ან სხვა გამერქნებული მასალებისაგან - $6.1 მლნ;
  4. ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ახალი ან გაცივებული - $5.2 მლნ;
  5. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $4.3 მლნ.

TOP 5 საექსპორტო საქონელი კი შემდეგია:

  1. სპირტიანი სასმელები - $11.6 მლნ;
  2. ღვინო - $8.4 მლნ;
  3. ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - $4.8 მლნ;
  4. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $3.9 მლნ;
  5. მინერალური და მტკნარი წყლები - $2.5 მლნ.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

ბელარუსიდან ყველაზე მეტი, $10.4 მილიონის FDI 2025 წელს შემოვიდა, რაც 2-ჯერ მეტი იყო 2024 წლის $5.1 მილიონზე.

ბოლო წლების სტატისტიკა ასეთია:

  • 2025 წელი - $10.4 მლნ;
  • 2024 წელი - $5.1 მლნ;
  • 2023 წელი - $8.7 მლნ;
  • 2022 წელი - $4.1 მლნ;
  • 2021 წელი - $1.3 მლნ;
  • 2020 წელი - $4.2 მლნ;
  • 2019 წელი - $0.3 მლნ;
  • 2018 წელი - $0.7 მლნ.

ტურიზმი

2025 წლის მონაცემებით, საქართველოს ვიზიტორი ქვეყნების ათეულში, ბელარუსი მე-7 ადგილზეა. ვიზიტები გასულ წელს რეკორდული იყო და 150 325 შეადგინა.

ფულადი გზავნილები

2025 წელს ბელარუსიდან $9.9 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა, 2026 წლის იანვარ-თებერვალში კი $1.2 მილიონის. ფულადი გზავნილის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი $44.4 მლნ 2022 წელს დაფიქსირდა, 2023-2024 წლებში კი 5.4-6 მლნ დოლარის ფარგლებში იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები