მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია საქართველო - დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური კავშირი?

ინგლისის ცენტრალური

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი აცხადებს, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგის“ გაყინა, ასევე თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. დიპლომატი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა შეცვლის იმ მიდგომებს, რომელმაც საქართველოს პარტნიორებთან ურთიერთობები დააზიანა.

BM.GE გაერთიანებულ სამეფოსთან ეკონომიკურ ურთიერთობას რიცხვებს გთავაზობთ.

ვაჭრობა

გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის 2024 წლის 8 თვეში ვაჭრობა 4.9%-ით, 104.9 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

აქედან, ექსპორტი მხოლოდ 10.3 მლნ დოლარია.

10.3 მლნ დოლარის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40.9%-ით გაიზარდა.

TOP-5 საექსპორტო პროდუქტი:

  1. ფეროშენადნობები - $3.4 მლნ;
  2. ქალის კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, - $1.4 მლნ;
  3. ღვინო - $958.7 ათასი;
  4. მანგანუმის ოქსიდები - $702.5 ათასი;
  5. მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი - 642.4 ათასი.

იმპორტმა 8 თვეში 94.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.1%-ითაა გაზრდილი.

TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $18 მლნ;
  2. ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - $12.8 მლნ;
  3. სპირტიანი სასმელები - $6.6 მლნ;
  4. ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში - $6.3 მლნ;
  5. მეორეული ავტომანქანების ნაწილები - $4 მლნ.

FDI

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლით ბრიტანეთი საქართველოში როგორც წესი პირველია. 2024 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, აქედან პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 266.7 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება გასულ წელს, 2023 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი – 392 მლნ აშშ დოლარი გაერთიანებულ სამეფოზე მოდიოდა.

ფულადი გზავნილები

2024 წლის სექტემბერში დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 4.8 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. 9 თვის განმავლობაში კი, 35.8 მლნ აშშ დოლარი, რაც 0.8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

გასულ წელს კი დიდი ბრიტანეთიდან სრულად 46.2 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.

ტურიზმი

2023 წლის სამ კვარტალში დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 25,431 ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 12.5%-ით მეტია.

პანდემიამდე საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პირდაპირი ფრენები სრულდებოდა, რომელიც ამ დრომდე ვერ აღდგა.

ახლა, ხელისუფლება შეთანხმებაზე მუშაობს. შეთანხმების თანახმად, ავიასაწარმოებს საშუალება ეძლევათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე. დოკუმენტის მიხედვით, საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც განხორციელდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. ასევე დარეგულირდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ფრენის უსაფრთხოება და საავიაციო უშიშროება, უფლებების მინიჭება, ავიაგადამზიდველების დანიშვნა, ჩიკაგოს კონვენციის გამოყენება, ავიაკომპანიების მიერ ერთობლივი კოდების გამოყენება და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები