დღეს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა, რომლის შემდეგაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება. 17:00 საათზე კი ორი ქვეყნის პრემიერი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილის და ნიკოლ ფაშინიანის ერთმანეთს შეხვდებიან და მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება, BM.GE მეზობელი ქვეყნების ეკონომიკურ კავშირებს რიცხვებში წარმოგიდგენთ.
სომხეთთან ვაჭრობა
2023 წელს საქართველოს $6 მილიარდიან ექსპორტში პარტნიორ ქვეყნებს შორის სომხეთმა ათეულის პირველ სამეულში გადაინაცვლა და 12.9%-იანი წილით მეორე ადგილი დაიკავა. წლის განმავლობაში საქართველოდან სომხეთში 787 მილიონ 129 ათასი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 34.7%-ით მეტია. სომხეთთან ვაჭრობის ისტორიაში 2023 წლის ექსპორტი რეკორდული იყო. თუმცა ექსპორტის დიდი ნაწილი - 80.1% რეექსპორტზე მოდიოდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს რეექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში 68.8% იყო. ამგვარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სომხეთთან ექსპორტის ზრდა რეექსპორტის ხარჯზე მოხდა.
მთავარი საექსპორტო საქონელი კი ავტომობილები იყო, რაც მთლიანი ექსპორტის 38%-ს შეადგენს. ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასეთია:
- მსუბუქი ავტომობილები - $298.5 მლნ, 17 337 ცალი;
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები - $25.5 მლნ, 289 ცალი;
- ეთილის სპირტი არადენატურირებული - $23.1 მლნ, 4 933 337 ლიტრი;
- ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად - $19.6 მლნ, 75 ცალი;
- სატვირთო ავტომობილები - $12.8 მლნ, 1 055 ცალი;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $12 მლნ, 9 425 ტონა;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $11.5 მლნ, 117 ტონა;
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $11.3 მლნ, 7 673 ტონა;
- ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - $11.1 მლნ, 7 673 ტონა;
- ნართი სინთეზური ბოჭკოებისაგან, საცალო გაყიდვისათვის დაუფასოებელი - $10.6 მლნ, 5 823 ტონა;
რაც შეეხება იმპორტის, გასულ წელს სომხეთიდან იმპორტი 45.2%-ით შემცირდა. ჯამში საქართველომ სომხეთიდან 335 მილიონ 917 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა. მთავარი საიმპორტო საქონელი კი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია. იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასეთია:
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $171 მლნ, 110 144 ტონა;
- ლითონის მადნები და კონცენტრატები - $50.7 მლნ, 11 850 ტონა;
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - $26.5 მლნ, 2 105 ტონა;
- ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - $17.3 მლნ, 34 305 ტონა;
- მსუბუქი ავტომობილები - $4.5 მლნ, 189 ცალი;
- ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან - $3.9 მლნ, 2 188 ტონა;
- ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - $3.5 მლნ, 7 517 ტონა;
- ჰიდროტურბინები, წყლის ბორბლები და მათი რეგულატორები - $2.8 მლნ, 127 ტონა;
- ყურძენი, ახალი ან გამხმარი - $2.8 მლნ, 2 986 ტონა;
- ძრავები და გენერატორები ელექტრული - $2.7 მლნ, 72 ტონა;
ინვესტიციები
სომხეთიდან საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა დიდი არ არის. 2022 წელს სომხური ინვესტიციების მოცულობამ სულ რაღაც 13 მლნ დოლარი იყო.
ტურიზმი
2023 წლის 9 თვის განმავლობაში სომხეთიდან საქართველოში 736 086 ვიზიტორი შემოვიდა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს რიცხვი 41.1%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის მონაცემს 25.9%-ით ჩამორჩება.