მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია საქართველოსა და საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრებების შემადგენლობების ღირებულება?

საქართველო საბერძნეთი

26 მარტს, 21:00 საათზე უეფას ერთა ლიგის ფინალს, თბილისის "დინამო არენა" უმასპინძლებს, სადაც ერთმანეთს საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, გამარჯვებული კი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.

ბერძნებისთვის ამ გამარჯვებას პრინციპული და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგან ზუსტად ოცი წლის წინ, 2004 წელს მათი ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა და მათთვის საიუბილეო ტრიუმფის 20 წლის თავზე ჩემპიონატის გამოტოვება რასაკვირველია არ სურთ. საქართველოსთვის კი ეს 2020 წლის შემდეგ, მეორე ისტორიული შანსია პირველად მოხვდეს უდიდეს ევროპულ ფორუმზე.

საფეხბურთო სააგენტო Transfermarkt-ს, რომ გადავხედოთ და ნაკრებები მათი ფეხბურთელების ღირებულებების მიხედვით, რომ შევადაროთ უმნიშვნელო უპირატესობას ბერძნები ფლობენ. საბერძნეთის ამჟამინდელი ნაკრების ღირებულება 151,85 მილიონ ევროს, ხოლო საქართველოსი 150,35 მილიონს შეადგენს.

თუკი ინდივიდუალურად გამოვარჩევთ მოთამაშეებს საქართველოს ნაკრებში ირიცხება ორი ისეთი მოთამაშე, რომელთა ღირებულებაც ყველა ბერძენი ფეხბურთელისას ინდივიდუალურად აღემატება. “ნაპოლის” შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელია 80 მილიონი ევროთი, მას მოსდევს “ვალენსიას” გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც Transfermarkt-ზე 35 მილიონ ევროს ღირებულება აქვს მინიჭებული. ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს მთლიანი ნაკრების ღირებულების (151,85მლნ) 76% სწორედ ამ ორ მოთამაშეზე მოდის, რადგან მათი ფასი ჯამურად 115 მილიონს აღწევს.

რაც შეეხებათ ბერძნებს, მათი შემადგენლობა ღირებულების თვალსაზრისით უფრო მეტად დაბალანსებულია და ფეხბურთელთა უმრავლესობის ფასი 2-დან 10 მილიონ ევრომდე მერყეობს. მათ ფონზე აუცილებლად გამოსარჩევია “ლივერპულის” მარცხენა მცველი კონსტანტინოს ციმიკასი, რომელიც 22 მილიონ ევროდაა შეფასებული. მეორე ადგილზე კი ასევე ინგლისის პრემიერ ლიგური “ვესტ ჰემის” ცენტრალური მცველი კონსტანტინოს მავროპანოსია, რომლის ღირებულებაც გავლენიანი საფეხბურთო სატრანსფერო საიტის მიხედვით 18 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024 გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, ხოლო საქართველოსა და საბერძნეთს შორის გამარჯვებული F ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მეტოქეებად პორტუგალია, თურქეთი და ჩეხეთი ეყოლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები