მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია საქართველოში ეპიდემიის შემდგომი გავრცელების სცენარი? - "კურაციოს" კვლევა

5e81d8d305083
ელენე გოგბერაშვილი
30.03.20 15:44
2219
საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მომზადებულ კვლევაში სახელწოდებით „COVID-19 ეპიდემია საქართველოში პროგნოზი და პოლიტიკის შეთავაზებები“ წარმოდგენილია სხვადასხვა პროგნოზირებული სცენარი, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში ეპიდემია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) კლასიფიკაციის მიხედვით, ამჟამად საქართველო ეპიდემიის გავრცელების „კლასტერულ“ ფაზაში იმყოფება. შემდეგი სცენარი და ეპიდემიის მომდევნო საფეხური კი, „მასობრივი გავრცელებაა“, რომლის დროსაც გადაცემის ჯაჭვის იდენტიფიკაცია შეუძლებელი ხდება.

კვლევაში „კურაციო“ სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე დაყრდნობით ეპიდემიის გავრცელების ტენდენციებს მიმოიხილავს, თუ რამდენი დღე სჭირდებათ ქვეყნებს ეპიდემიის მასობრივი გავრცელების საფეხურზე გადასასვლელად.

„ევროპის ქვეყნებს და ამერიკას პირველი 100 დადასტურებული შემთხვევის გამოსავლენად 11-დან 37 დღემდე დასჭირდათ, თუმცა, ნიშანდობლივია, რომ ქვეყნებს, რომლებიც პასიური საპასუხო აქტივობებით გამოირჩეოდნენ, პირველი 100 შემთხვევის შემდეგ 500 შემთხვევა 3-4 დღეში დაუდგათ, ხოლო აზიის ქვეყნები, რომლებმაც ეპიდემიასთან ბრძოლის მკაცრი და დროული ღონისძიებები გაატარეს, როგორიცაა მაგალითად, სამხრეთ კორეა, ჰონგ კონგი, სინგაპური და ტაივანი, პირველი 100 შემთხვევა დაუდგათ 20, 36, 36 და 66 დღის შემდეგ.

სხვადასხვა ქვეყნებში ეპიდემიის ზრდის ტემპის მახასიათებლების გათვალისწინებით კურაციო ვარაუდობს, რომ საქართველოში COVID-19-ის გავრცელების ტემპი ევროპა/აშშ და აზიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს შორის არის. ამ დაშვებით ასევე სავარაუდოა, რომ პირველი 100 შემთხვევის გამოვლენა საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან 30-35 დღეზე მოხდება".

COVID-19 ეპიდემიისთვის ჯანდაცვის სისტემის მზაობის შესაფასებლად „კურაციომ“ გააკეთა მოდელირების სავარჯიშო, რომლისთვისაც გამოიყენა ორი სხვადასხვა ინსტრუმენტი.

პირველი შემუშავებულია პენსილვანიის ჯანდაცვის სექტორში პროგნოზებზე მომუშავე ჯგუფის მიერ სპეციალურად ამ ეპიდემიისთვის, მეორე კი, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ პანდემიური გრიპის პროგნოზისთვის.

"პროგნოზირების საფუძველზე მიღებული ძირითადი დასკვნების მიხედვით, სოციალური დისტანცირება უმნიშვნელოვანესია ეპიდემიის შესაკავებლად. სოციალური დისტანცირების გარეშე ეპიდემიის პიკი სწრაფად მიიღწევა და პიკურ კვირაში ახალი ჰოსპიტალური შემთხვევების რაოდენობა 5,950-ი იქნება, რასაც ქვეყნის ჯანდაცვის სიტემა ვერ გაუძლებს.

სოციალური დისტანცირების ღონისძიებების გამოყენებით და კონტაქტების 10%-ით შემცირებით ეპიდემიის პიკი მიიღწევა მე-14 კვირას. ახალი ჰოსპტალიზებული პაციენტების რაოდენობა 4,174-მდე მცირდება;

20%-ით კონტაქტების რაოდენობის შემცირებით ეპიდემია პიკს მიაღწევს მე-17 კვირას, და ახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები 2,656-მდე შემცირდება, რაც კიდევ უფრო ამცირებს ტვირთს ჰოსპიტალურ სექტორზე. 30%-ით კონტაქტების რაოდენობის შემცირებით ეპიდემიის პიკის მიღწევა შესაძლებელია 22-ე კვირას და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების რაოდენობის შემცირება 1,418-მდე“, - ნათქვამია კვლევაში.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ამ პროგნოზებს პენსილვანიის მოდელით მიღებული გათვლები მნიშვნელოვნად აღემატება.

„კურაციოს“ აქვს რეკომენდაციებიც -  ფონდი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს საკარანტინო პუნქტების გაძლიერება ქვეყნის საზღვრებზე ახალი შემთხვევების იმპორტირების აცილების მიზნით და, მეორე მხრივ, შიდა გადაცემის შემცირება უნდა მოხდეს სოციალური დისტანცირებით ეპიდემიის ზრდის ტემპის შესანელებლად.

იქიდან გამომდინარე, რომ სოციალური დისტანცირების ეფექტურობიდან გამომდინარე, რთულია იმის პროგნოზირება თუ რა ვადით მოხდება ეპიდემიის პიკის გადავადება და პიკის შემცირება, ამიტომ ფონდი მიზანშეწონილად მიიჩნევს, ჯანდაცვის სისტემის მზადება უფრო პესიმისტური სცენარით დაიგეგმოს.

ამასთან, უნდა მოხდეს თვითიზოლაციის და კარანტინის მონიტორინგის გაუმჯობესება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, მაგ. ელექტრო სამაჯურების გამოყენებაით, რომლებიც ადამიანების გადაადგილების ინფორმაციას დროის რეალურ რეჟიმში იძლევა.

„კურაციოს“ რეკომენდაციები აქვს ჯანდაცვის სისტემაში გასატარებელი ღონისძიებების მიმართულებითაც.

მათ შორის: „ჰოსპიტლების დაყოფა სხვადასხვა სიმძიმის პაციენტების მართვისთვის.

პაციენტების ტრიაჟი დაწესებულებებში მიმართვიანობის მაქსიმალურად შემცირების მიზნით ოჯახის ექიმების ვირტუალური კონსულტაციების ორგანიზება კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობით;

COVID-19 კლინიკური მართვის გაიდლაინის შემუშავება/დამტკიცება;

საკარანტინე ადგილებად გამოყენებული სამედიცინო დაწესებულებების ჩანაცვლება ალტერნატიული არასამედიცინო დაწესებულებებით;

ჯანდაცვის პროგრამებით ბენეფიციარებისთვის სერვისის მიწოდების გადაწყობა“. 

"კურაციო" აღნიშნავს, რომ ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და ტაივანის გამოცდილება ცხადყოფს, რომ მოკლევადიან პერიოდში ეპიდემიის შეკავება შესაძლებელია. თუ რამდენად არის შესაძლებელი მისი შეკავება გრძელვადიან პერიოდში, ამას დრო აჩვენებს.

ინფორმაციისთვის: საერთაშორისო ფონდმა "კურაციომ" კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით პროგნოზებისა და პოლიტიკის შეთავზებების შესახებ კვლევა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის მოამზადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები