მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორია "სილქ როუდ ჯგუფის" გეგმები საქართველოში, რეკორდული $400-მილიონიანი ობლიგაციის განთავსების შემდეგ

გიორგი რამიშვილი

"სილქ როუდ ჯგუფმა" $400-მილიონიანი ევრობონდი განათავსა, რაც საქართველოს კერძო სექტორის ისტორიაში ყველაზე დიდი მოცულობის კორპორაციული ობლიგაციაა. ახალი ფასიანი ქაღალდის ინვესტორები უმსხვილესი ამერიკული და ევროპული საფინანსო ინსტიტუტები არიან. მის განთავსებაში მონაწილეობა ამერიკულმა J.P. Morgan-მა და შვეიცარიულმა UBS-მა მიიღეს. მთლიანობაში კი მოთხოვნა $1.3 მილიარდს აჭარბებდა.

რა პროექტების განხორციელებას გეგმავს “სილქ როუდ ჯგუფი”, როგორც უძრავი ქონების, ასევე სტუმარმასპინძლობის მიმართულებით, ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა “ბიზნესის კვირეულში” ჰოლდინგის დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტი ქალაქ ბათუმში ხორციელდება, “სილქ თაუერსის” მუნიციპალური პარკის სახით.

“ძალიან სერიოზული პროექტი დავიწყეთ ბათუმში, რომლის გენერალური არქიტექტორიც არის კენგო კუმა და ძალიან ვამაყობ, რომ ეს კაცი ჩვენთანაა და დაგვთანხმდა, ჩვენთან ერთად გააკეთოს ასეთი პროექტები. “სილქ თაუერსი” ძალიან სერიოზული პროექტია ბათუმისთვის, რომელიც მთლიანად შეცვლის ქალაქს, დარწმუნებული ვარ კარგისკენ. ახლაც რომ ჩავდივარ, პარკი, რაც გაკეთდა კენგო კუმას მიერ, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო შესახედია. ბათუმის ცენტრში ეს მულტიფუნქციური პროექტი 450 000 მ²-ზე ხორციელდება”, - ამბობს გიორგი რამიშვილი.

მისივე თქმით, მასშტაბური პროექტი იგეგმება თბილისშიც, რესპუბლიკის მოედანზე. აღნიშნული პროექტი Silk Hospitality-ის სასტუმროების, “ტელეგრაფისა” და “რედისონის” ერთმანეთთან დაკავშირებასა და რესპუბლიკის მოედნის ტურისტული მიზიდულობის ცენტრად ქცევას ისახავს მიზნად.

“ეს ურთულესი პროექტია, როგორც იცით, რამდენი წელია ამას ვუტრიალებ და უკვე ვიცით, როგორ ვაკეთებთ და პრინციპში ყველა უფლებაც გვაქვს ახლა, რომ ეს გზა დავიწროვდეს, მიწის ქვეშ რომ ჩავატაროთ სამუშაოები და, ფაქტობრივად, “ტელეგრაფის” და “რედისონის” შეერთება მოხდება ხიდით. მერე უკვე ჩადიხარ ქვემოთ და იქ უკვე ბევრი საინტერესო რაღაც იგეგმება, სპორტული და მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, სხვადასხვა კონგრეს ცენტრი, შეხვედრის ოთახები, კინოთეატრები, უამრავი რამ. იგივე კომპანია გააკეთებს, რომელმაც “ტელეგრაფზე” იმუშავა, დაახლოებით იგივე ესთეტიკით”, - აღნიშნავს “სილქ როუდ ჯგუფის” დამფუძნებელი ინტერვიუში.

რაც შეეხება წინანდლის მამულს, გიორგი რამიშვილის თქმით, აქ ახალი საკონცერტო დარბაზისა და კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.

“წინანდალში ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროცესს, ეს არის, ასე ვთქვათ, მთელი ცხოვრების პროექტი. აქ კენგო კუმა გვიკეთებს ახალ საკონცერტო დარბაზს, ძალიან კარგ გუნდთან ერთად, ძალიან კარგი აკუსტიკით. ასევე აშენდება კიდევ ერი სასტუმრო, არქიტექტურულ ნაწილს კენგო კუმა აკეთებს, თუმცა, მეორე მხარეს არის ლანდშაფტის ცნობილი არქიტექტორიც, ვლადიმერ ჯოროვიჩი. ამ ორმა ძალიან დიდმა არტისტმა ერთად იმუშავა და ლისაბონში გახსნა გულბეკიანის ფონდის მუზეუმი. ეს ორი ადამიანი მაგიტომ გადავწყვიტე, რომ ერთად შემეკრიბა, რომ წინანდალი ისეთი ადგილია, სადაც დიზაინერ ინგო მაურერის შემდეგ, მარტო ასეთი ადამიანებით უნდა გააგრძელო ეს ისტორია. ამიტომ, ახლა ვართ ერთად ფიქრის პროცესში, ძალიან ახლოს ვართ პროექტის საბოლოო სახის შექმნასთან”, - განაცხადა გიორგი რამიშვილმა BMG-სთან.

“სილქ როუდ ჯგუფის” დამფუძნებელმა ასევე აღნიშნა, რომ გარკვეული თანხაა გამოყოფილი მთის კურორტებში ინვესტირებისთვისაც, თუმცა ჯერ ცნობილი არ არის, რომელ მიმართულებებზე.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები