მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორია “თბილისი ენერჯის" 2025 წლის საინვესტიციო გეგმა?

გიორგი ლეფსვერიძე

„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილის, გიორგი ლეფსვერიძის განცხადებით, 2025 წელს, კომპანია ერთ-ერთ უმსხვილეს პროექტს ახორციელებს. კერძოდ, „თბილისი ენერჯი" რუსთაველის გამზირზე შედის, სადაც მიმდინარე წელს, პროსპექტის სრული რეაბილიტაციაა დაანონსებული. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „#წერტილი“ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, კომპანიას 2025-2029 წლის საინვესტიციო გეგმა სემეკისთვის უკვე წარდგენილი აქვს, რომელმაც 173 მლნ ლარი უნდა შეადგინოს. „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილის ცნობით, აღნიშნული საინვესტიციო მოცულობის დაახლოებით 80%, როგორც გასულ წელს ისე მიმდინარე წელსაც, ამორტიზებული ქსელების რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს, რომლის შედეგადაც, ქალაქში წლიურად დაახლოებით 40 000 აბონენტს მრიცხველები სრულიად უსასყიდლოდ უნდა შეეცვალოს.

„ჩვენი დედაქალაქის გამრიცხველიანება და გაზიფიცირება 1997 წლიდან დაიწყო. შესაბამისად, ამ მრიცხველებს ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა, რაც უნდა შეიცვალოს. რა თქმა უნდა, მრიცხველები ყველა აბონენტთან უფასოდ იცვლება. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ წლიურად 30 000 - 40 000 აბონენტს მრიცხველი უნდა შეეცვალოს, რომლებსაც დაახლოებით 10 წლიანი პერიოდი უკვე გასული აქვს და არსებული აღრიცხვის ხელსაწყოს მოხმარება აღარ შეიძლება. ამიტომ, ესეც ჩვენს ინვესტიციაში დევს, რომ 30 000 - 40 000 აბონენტთან ჩვენი თანამშრომლები მიდიან და მასიურად იცვლება მრიცხველები.

წელს, 2025 წელს ყველაზე დიდი სამუშაოები იწყება, რადგან რუსთაველის პროსპექტზე შემოვდივართ. როგორც დაანონსებულია, იწყება რუსთველის გამზირის რეაბილიტაცია და რა თქმა უნდა, იცვლება სრულად ქსელი, რომელიც საკმაოდ დიდი ქსელია. რუსთაველის პროსპექტზე ცენტრალური მაგისტრალი და ამავე დროს ყველა ქუჩის გაზმომარაგების ქსელები შეიცვლება. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მსხვილი პროექტი, რასაც უკვე მაისში დავიწყებთ. ამავე დროს დაგეგმილი გვაქვს, რომ დაახლოებით 12 000 მეტრამდე ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია უნდა განვახორციელოთ“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

გიორგი ლეფსვერიძის თქმით რეაბილიტაცია მხოლოდ ქსელის შეცვლას არ გულისხმობს. პროექტის ფარგლებში, ქსელის შეცვლასთან ერთად, ურდულები და რეგულატორებიც იცვლება, რაც მოსახლეობის გაზმომარაგებისთვის არის საჭირო. ამასთან, იმის პარალელურად, რომ დედაქალაქის განაშენიანება სწრაფად იზრდება, "თბილისი ენერჯი" არსებულ გაზსადენებს უფრო დიდი დიამეტრის გაზსადენით ცვლის, რაც დიდი მოცულობის გაზის გატარებას უზრუნველყოფს და სამომავლო პერსპექტივაში გაშენებული კორპუსებისა და ბინების შემთხვევაში, 10 წლის შემდეგ, ახალი გაზსადენი მილების ჩაყრა აღარ იქნება საჭირო.

რუსთაველის რეაბილიტაცია მაისში დაიწყება - რომელი კომპანიები შეასრულებენ ₾28.4 მლნ-ის სამუშაოებს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები