28 თებერვალს ვაშინგტონში, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან იკამათეს.
ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ უმადურია, მოგვიანებით კი ბრალი დადო, რომ იგი "მშვიდობისთვის მზად არ არის". ტრამპისა და ზელენსკის ამ დაძაბულ შეხვედრის საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. გაგაცნობთ, განცხადებებს, რომელიც ამ დრომდე გაკეთდა:
უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიჰალი: "ცეცხლის შეწყვეტა გარანტიების გარეშე არის გზა მთელი ევროპის კონტინენტის რუსეთის მხრიდან ოკუპაციისკენ,".
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი: "არსებობს აგრესორი, და ეს არის რუსეთი და აგრესიას დაქვემდებარებული ხალხი, რომელიც უკრაინაა".
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი: "უკრაინავ, ესპანეთი შენთანაა".
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი: "ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, თქვენ მარტო არ ხართ".
სენატორი ჯინ შაჰინი: „აშშ-ის პრეზიდენტისგან და ვიცე-პრეზიდენტისგან ეს აღმაშფოთებელი წარმოდგენა სამარცხვინო და პირდაპირ არაამერიკული იყო. ისინი კიდევ ერთხელ მკვლელი კრიმინალის, პუტინის, მხარეს დადგნენ ჩვენი დემოკრატიული მოკავშირის, უკრაინის, ნაცვლად. მხარში ვუდგავარ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის კეთილშობილურ ბრძოლას თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის”.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი: "დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალი სამყარო ახალ ლიდერს საჭიროებს, ჩვენზე, ევროპელებზეა დამოკიდებული, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ".
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, იონას გარ სტიორე: „ის, რაც დღეს თეთრ სახლში დავინახეთ, სერიოზული და არაგამამხნევებელია. უკრაინა ჯერ კიდევ საჭიროებს აშშ-ის მხარდაჭერას, ხოლო უკრაინის უსაფრთხოება და მომავალი ასევე მნიშვნელოვანია აშშ-ისთვისაც და ევროპისთვისაც“.
ოვალურ სახლში მომხდარ კამათს დადებითად შეხვდნენ რუსეთის ოფიციალური პირები:
ექსპრეზიდენტი დმიტრი მედვედევი: „სასტიკი თრევა ოვალურ ოფისში. ტრამპმა პირველად უთხრა კოკაინურ კლოუნს სიმართლე სახეში: კიევის რეჟიმი მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება. ხოლო უმადურმა ღორმა საღორის მფლობელებისგან ძლიერი თავში წამორტყმა მიიღო. ეს სასარგებლოა, მაგრამ ცოტაა - ნაცისტური მანქანისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებაა საჭირო“.




























