მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია უახლესი Sony PS5 Pro?

Sony PS5 Pro

იაპონურმა Sony-მ ფლაგმანური სათამაშო კონსოლი განაახლა, ანუ ის რაზედაც, ტექნოლოგიურ წრეებში თვეების განმავლობაში განიხილავდნენ, საბოლოოდ დადასტურდა. შედეგად, ბაზარზე განახლებული PlayStation 5 Pro გამოჩნდა, რომელიც წინა თაობის სათამაშო კონსოლს სამი პარამეტრით სჯობს, ესენია: ახალი გრაფიკული ბარათი, გაუმჯობესებული სინათლის სხივის ტექნოლოგია და გამოსახულების ხარისხის ამაღლებაში ჩართული ხელოვნური ინტელექტი. თავად კონსოლი, რომლის ორივე მხარეს სამი ჰორიზონტალური ხაზი გამოჩნდა, უფრო თხელი გახდა, რაც, დიდწილად, კარკასიდან გამქრალ დისკების ჩასადებს უკავშირდება.

Sony-ის უახლესი კონსოლის, PlayStation 5 Pro-ს წინასწარი გაყიდვა 26 სექტემბერს დაიწყება, ხოლო მომხმარებლები მას 7 ნოემბრიდან მიიღებენ. განახლებული მოდელის საწყისი ფასი $699.99-ია.

როგორც Sony-ში ამბობენ, PS5 ყველაზე მძლავრი კონსოლია, რომელიც კომპანიაში ოდესმე შეუქმნიათ. განახლებული სათამაშო კონსოლის გრაფიკულ ბარათში 67%-ით მეტ გამოთვლით ბლოკს ვხვდებით, ხოლო კონსოლის მეხსიერების სისწრაფე 28%-ითაა მომატებული. საბოლოო ჯამში, ახალი AI-ფუნქციონალის დახმარებით კონსოლი ვიდეოთამაშებს 45%-ით უფრო სწრაფად არენდერებს, რაც მოთამაშეებს უფრო ხშირი კადრებისგან შემდგარ გამოსახულებას უქმნის, თანაც სიზუსტის დაკარგვის გარეშე. ახალ კონსოლს ასევე აქვს მე-7 თაობის Wi-Fi-ის და 8K-გამოსახულების მხარდაჭერა, ხოლო თავად კონსოლი 2-ტერაბაიტიანი მეხსირების ბარათით და USB-C-ტიპის პორტით არის აღჭურვილი.

PS5 Pro-ში არსებული ფაქტობრივად ყველა განახლება გამოსახულების გაუმჯობესებაზე არის ორიენტირებული, ვინაიდან ეს სათამაშო კონსოლი იაპონურმა გიგანტმა ჯერ კიდევ 2020 წელს გამოუშვა. მას შემდეგ, ვიდეოთამაშების გამოსახულების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ მოწყობილობების სიმძლავრე - ნაკლებად. შედეგად, ახალ კონსოლში Game Boost-ის ფუნქციონალი გამოჩნდა, რომლითაც მომხმარებლები PS4-ის 8,500-ზე მეტ ვიდეოთამაშის გამოყენებას PS5 Pro-ზე გაუმჯობესებული გრაფიკით შეძლებენ.

პირველ რიგში, ვიდეოთამაშების გრაფიკული განახლება რამდენიმე თამაშს შეეხება, მათ შორისაა Gran Turismo 7, Hogwarts Legacy, Marvel’s Spider-Man 2 და The Last of Us Part II Remastered. განახლებული თამაშების უმეტესობა 4K-გამოსახულებით და 60fps-ით იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ Gran Turismo 7-ის შემთხვევაში, 8K-გამოსახულებაც არის ხელმისაწვდომი, თანაც 4K-ში გატარებული სინათლის სხივის ტექნოლოგიით, რაც გამოსახულებას კიდევ უფრო რეალისტურს ხდის.

შეგახსენებთ, რომ PlayStation-ი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქცია, რომელიც Sony-ის ოდესმე გამოუშვია. ჯამში, პლანეტაზე PlayStation-ის სხვადასხვა მოდელების დაახლოებით 500 მილიონი კონსოლი არის გაყიდული. თაობების მიხედვით, PlayStation-ის გაყიდვები შემდეგნაირად გადანაწილდა:

PlayStation 1 (PS1) – 102.4 მილიონი ერთეული
PlayStation 2 (PS2) – 155 მილიონი ერთეული
PlayStation 3 (PS3) – 87.4 მილიონი ერთეული
PlayStation 4 (PS4) – 117.2 მილიონი ერთეული
PlayStation 5 (PS5) – 40 მილიონი ერთეული

PS5-ის გაყიდვები, ამ დროისთვის, მოიკოჭლებს, რაც ბევრი ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის მთავარი - პერსონალური კომპიუტერებისგან, სხვა სათამაშო კონსოლებისგან და სმარტფონებისგან მომავალი კონკურენციაა. დრო აჩვენებს, შეძლებს თუ არა PlayStation 5 Pro ამ ტენდენციის შემობრუნებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები