მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორია ვაჭრობის პოტენციალი საქართველო-უზბეკეთს შორის - ინტერვიუ ინვესტიციების სააგენტოს დირექტორთან

უზბეკეთი

საქართველო უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები მზარდია. ამ დროისთვის უზბეკეთი საქართველოს მეცხრე უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია, სადაც 2025 წლის 8 თვეში ექსპორტი 55.9%-ით გაიზარდა და 126.3 მლნ დოლარი შეადგინა. მასზე ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 2.8% მოდის. უზბეკეთი იმ გამონაკლის ქვეყნებს შორისაა, რომლებთანაც საქართველოს დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს, ანუ თავად იმაზე მეტს ყიდის ამ ბაზარზე, ვიდრე ყიდულობს. მიმდინარე წლის 8 თვეში ექსპორტი და იმპორტი ჯამურად 181.4 მლნ დოლარი იყო.

როგორც BMG-სთან ინტერვიუში უზბეკეთის ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორი აცხადებს, უზბეკეთში ისეთი ქართული პროდუქცია როგორიცაა მინერალური სასმელები და ღვინო, დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მანსურჯონ რასულევი ამბობს, რომ უზბეკეთის მხრიდან საქართველოში იმპორტის მიმართულებით დიდი პოტენციალია, მათ შორის საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ტექსტილისა და მსუბუქი მრეწველობის მიმართულებით. თუმცა მისი თქმით, ერთ-ერთი ფაქტორი, რაც დღეს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის უფრო მეტად გაზრდას აფერხებს, ლოგისტიკური გამოწვევებია.

„თუ თქვენ უზბეკეთში შეხვალთ მაღაზიაში, ნახავთ ბევრ გამაგრილებელ სასმელს და მინერალურ წყალს საქართველოდან, თუ მიხვალთ ალკოჰოლური სასმელების მაღაზიებში, ნახავთ ბევრ ქართულ ღვინოს. ასე რომ აქ უკვე არსებობს ქართული კომპანიების ძლიერი ბიზნეს წარმომადგენლობა, თუმცა ვფიქრობ, ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის ნამდვილი პოტენციალი მაშინ გაიხსნება, როდესაც მხარეები დავასრულებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გავზრდით სიმძლავრეებს და დავასრულებთ ყველა მთავრობათაშორის შეთანხმებას, პროცედურებისა და ბარიერების შესამცირებლად, სერტიფიცირების მოთხოვნების შესამცირებლად და ნებართვების მისაღებად.

უზბეკეთს ძალიან ძლიერი საყოფაცხოვრებო ტექნიკის სექტორი აქვს, ძლიერი ტექსტილისა და მსუბუქი მრეწველობის დარგი, ასევე საავტომობილო მიმართულება. ამ სექტორებისთვის ქართულ ბაზარზე შესაღწევად ნამდვილად არსებობს ლოგისტიკის გამოწვევა, რომელზეც ორივე მთავრობა აქტიურად მუშაობს. ამასთან, მე უკვე ვახსენე ზოგიერთი ქართული პროდუქცია, რომელიც კარგად არის წარმოდგენილი უზბეკეთში. მტკიცედ მჯერა, რომ მეტი შეიძლება გაკეთდეს მცირე და საშუალო ბიზნესის წვდომის გასაუმჯობესებლად ორივე მხრიდან და როგორც ახლა ვხედავ, ეს უპირველეს ყოვლისა ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას ეხება. როდესაც თქვენ გაქვთ ამდენი პროდუქცია, რომელიც საქართველოს გავლით ტრანსპორტირდება, ისინი იკავებენ სიმძლავრის დიდ ნაწილს, და როდესაც გსურთ პირდაპირი იმპორტ-ექსპორტის გაკეთება, ამ საქონელს მაინც უწევს გავლა იმავე ვიწრო ადგილებში. ასე რომ, ეს ქმნის გარკვეულ გამოწვევებს, თუმცა ეს მხოლოდ დროის საკითხია, როდესაც ეს საკითხი გადაიჭრება, ორივე ქვეყანას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, გაზარდოს ვაჭრობა“, - განაცხადა მანსურჯონ რასულევმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები