“VISA-ს გლობალურ ეკოსისტემაში საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, როგორც უკონტაქტო ტრანზაქციების შეღწევადობის მაჩვენებლით, ასევე, ზოგადად, ქვეყნის გახსნილობით ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციებისადმი”, - ასე აფასებს გლობალურ ეკოსისტემაში საქართველოს როლს კავკასიაში VISA-ს რეგიონული დირექტორი, დიანა კიღურაძე.
ამერიკული კომპანიის რეგიონული დირექტორის თქმით, სიახლეების მიმართ ბაზრის მზაობიდან გამომდინარე, არსებობს პროდუქტები და სერვისები, რომლებიც, პირველ რიგში საქართველოში ინერგება და მოგვიანებით, სხვა ქვეყნებში ვითარდება.
BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში სტუმრობისას, დიანა კიღურაძემ VISA-ს გლობალური ეკოსისტემაც მიმოიხილა, რომელიც, მისი თქმით, ბევრი ბევრი მოთამაშისგან შედგება.
“VISA-ს ეკოსისტემაზე საუბრისას უნდა წარმოვიდგინოთ იმ კომპანიებისა და პარტნიორების ქსელი, რომლებიც ციფრული ტრანზაქციები რეალურ დროში განხორციელებას უზრუნველყოფენ.
ეს ქსელი ბევრი მოთამაშისგან შედგება, მათ შორის არიან:
1) ბარათის მფლობელები, ანუ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც VISA-ს ბარათებს ფლობენ და ტრანზაქციებს;
2) ემიტენტი ბანკები, რომლებიც ამ ბარათებს გასცემენ;
3) მერჩანტი კომპანიები, რომლებიც საკუთარ ქსელში ტრანზაქციების მიმღებ მოწყობილობებს ავითარებენ, როგორც ფიზიკურად, ასევე ელექტრონული კომერციის მიმართულებით;
ამასთან, ჩვენი ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვანი საპროცესინგო ცენტრები, ციფრული საფულეები, ფინტექ-კომპანიები, მომსახურების პროვაიდერები, რომლებიც კომპანიებს გადახდების მიღების მომსახურებას აწვდიან.
ჩვენი ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვანია ყველა ის კომპანია, რომელიც, საბოლოო ჯამში, ემსახურება იმას, რომ ჩვენი პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობა რეალურ დროში ხდებოდეს”, - განაცხადა დიანა კიღურაძემ TECH INFORM-ში.
ცნობისთვის გეტყვით, რომ VISA უდიდესი გლობალური კომპანიაა, რომელიც საქართველოში ოპერირებს. დღევანდელი მონაცემებით, VISA-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $526 მილიარდს აღემატება და ამ მაჩვენებლით, ის რიგით მე-11 უდიდესი კომპანიაა მსოფლიოში.