ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. დემონსტრაციების მე-17 დღეს ცნობილი გახდა, რომ დაღუპულთა რაოდენობამ 2,571-ს მიაღწია. აღნიშნულ ცნობას ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების მედია ორგანიზაცია HRANA ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, გარდაცვლილთა შორის 2,403 მომიტინგეა, 147 კი საპოლიციო ძალების წარმომადგენელი და მთავრობასთან დაკავშირებული პირი. დანარჩენი 21 პირიდან კი 12 მცირეწლოვანია, 9 კი ისეთი სამოქალაქო პირი, რომელიც დემონსტრაციებში მონაწილეობას არ იღებდა.
შეგახსენებთ, გუშინ Reuters-ი ირანის სახელისუფლებო ორგანოს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდა, რომ დაღუპულთა რაოდენობამ 2,000-ს გადააჭარბა. ოფიციალური თეირანი პასუხისმგებლობას იმ “ტერორისტებს” აკისრებდა, რომლებიც მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ.
პროტესტის ფონზე, კიდევ ერთი განცხადება გააჟღერა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც, რომელიც აიათოლას რეჟიმს “ძლიერი რეაგირებით” დაემუქრა, თუ სიკვდილით დასჯიან იმ დემონსტრანტებს, რომელთა ჩამოხრჩობაც სწორედ დღეს, 14 იანვარს იგეგმება. მათ შორისაა 26 წლის ერფან სოლტანი, ახალგაზრდა მომიტინგე, რომელიც წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.
უცნობია, რა სახის რეაგირება შეიძლება განახორციელოს შტატების ომის დეპარტამენტმა, თუმცა, სავარაუდოდ, სამხედრო შეტევა ირანის მეზობელ ქვეყნებში არსებული ამერიკული ბაზებიდან ან წყალქვეშა ნავებიდან განხორციელდება, რადგან ზღვაში გაშვებული არცერთი ავიამზიდი ამჟამად ინდოეთის ოკეანისა თუ სპარსეთის ყურისკენ გაგზავნილი არ არის.
ირანისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას განიხილავენ ევროკავშირშიც, სადაც საუბრობენ, რომ მნიშვნელოვანია ქმედითი ნაბიჯების დროული გადადგმა. გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა საჯაროდ განაცხადა, რომ “აიათოლას რეჟიმის დღეები დათვლილია” - მის ამ გამოსვლას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრისაგან, რომელმაც თქვა, რომ ევროპელმა ლიდერებმა “საკუთარი ადგილი უნდა იცოდნენ” და არ ჩაერიონ სხვა ქვეყნის საქმეებში.




























