"ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილი ამბობს, რომ სანქციები მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი სანქციების შესახებ კომენტარი მედიასთან ირმა ზავრადაშვილმა, ზაზა ლომინაძემ და ელისო ბოლქვაძემ გააკეთეს.
„ჩვენ ამ ქვეყნის გადარჩენისთვის ყველაფრისთვის მზად ვართ“, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებულ კითხვას.
ის საკითხზე დასმულმა შეკითხვებმა გააღიზიანა და განაცხადა, რომ ჟურნალისტებს მსგავსი კითხვების დასმის საშუალებას სწორედ დემოკრატიის არსებობა აძლევს.
„რატომ დარდობთ ჩვენს ამ დასანქცირებაზე? ჩემს დასანქცირებაზე თქვენ არ ინერვიულოთ. გარდა მაგისა, ამ ქვეყნის კეთილდღეობის გულისთვის, მთელი ისტორიის განმავლობაში, ადამიანებმა სიცოცხლე და ოჯახები შესწირეს და როგორმე ჩვენს ამ სანქციებს გადავიტანთ, თუ იქნება.
დემოკრატია რომ არ იყოს თქვენ ამ კითხვის დასმის საშუალება გექნებოდათ? 12 წლის წინ დაგესვათ ვინმესთვის ეს კითხვა, ნახავდით რა დაგემართებოდათ“, - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.
"ქართული ოცნების" დეპუტატი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძე ამბობს, რომ სანქციებზე ინფორმაცია არ მიუღია და არც კოლეგებისგან სმენია. ამასთან, სანქციები მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
„ასეთი რამ, როგორც მახსოვს, რამდენიმე თვის წინაც ითქვა და არავის არაფერი არ გაუგია. ახლა გუშინაც გაჟღერდა. ამერიკაში არაერთხელ ვყოფილვარ, მოქმედი ვიზაც მაქვს. [ბოლო პერიოდში] არ მიცდია [აშშ-ში] წასვლა და დარწმუნებული ვარ, პრობლემა არ შემექმნება, თუ დამჭირდება წასვლა, არც ჩემი კოლეგებისგან გამიგია. [თუ დამასანქცირებენ] ჩემთვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია თუ გვასანქცირებენ. მე ვფიქრობ, რომ არასწორია გამჭვირვალობის და პირადად პარლამენტარების წინააღმდეგ ქვეყნის ასე გალაშქრება. თვითონ უნდა გაგვცენ პასუხი რაზე გვასანქცირებენ. ჩვენ ძირს არ ვუთხრით დემოკრატიას, დემოკრატიის ნიმუში არის, როგორც ვდგავართ და ვსაუბრობთ. სრული დემოკრატიაა, რომ თავისუფლად ვსაუბრობთ, კომიტეტის თავმჯდომარე გესაუბრებათ, ყველა თქვენს კითხვას პასუხობს“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
თავის მხრივ, სანქციებს არ ელოდება „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ელისო ბოლქვაძე.
„არ ვიცი ეს თემა და მართალი გითხრათ, არც მაინტერესებს, იმიტომ, რომ არავითარ სანქციებს არ ველოდებით არცერთი დეპუტატი. აშშ-ში მე ვცხოვრობდი და ბევრი პრემიები მაქვს აღებული...“, - უთხრა BMG-ის ელისო ბოლქვაძემ.
16 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ხაზინამ საქართველოს ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სავიზო და ფინანსური სანქციების პაკეტი წარადგინა. აშშ-ის ხაზინამ 4 ადამიანი - შსს-ის სპეციალური დავალებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე პრორუსული პარტია ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა. მათ ფინანსური სანქციები გლობალური მაგნიტსკის სიის ფარგლებში დაუწესდათ. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფართოვა სავიზო სანქციებიც და ის დაუწესა 60 პირსა და მათ ოჯახის წევრებს, ვინც ქვეყანაში დემოკრატიის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, დეზინფორმაციის გავრცელებასა და კორუფციაში არიან ჩართული.