მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად“|ირაკლი კობახიძე - სუროგაციაზე

ირაკლი კობახიძე

სუროგაციასთან დაკავშირებული ეთიკური საკითხები და ქალების ექსპლუატაცია - ამ არგუმენტებით ხსნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აღნიშნულ სფეროში სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

როგორც კობახიძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სუროგაციის სექტორს ქვეყნის ეკონომიკაში გარკვეული წვლილი და წილი ჰქონდა, სახელმწიფომ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო.

მისი თქმით, კომერციული სუროგაცია მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია დაშვებული, თუმცა ამ სფეროსთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა ქალების ექსპლუატაციაა.

„სუროგაციას რაც შეეხება, მასთან სხვადასხვა ტიპის პრობლემაა დაკავშირებული. ზოგადად, სულ შვიდი ქვეყანა იყო, ახლა კი ექვსი დარჩება, სადაც კომერციული სუროგაციაა დაშვებული. ეთიკური თვალსაზრისით, უამრავი პრობლემაა, მთავარი კი ქალების ექსპლუატაციაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სუროგაციას. ძალიან მძიმეა თავისი არსით ის მოვლენა, რასაც სუროგაცია ჰქვია, პირველ რიგში - სწორედ ქალბატონების ექსპლუატაციის კუთხით. შესაბამისად, ჩვენ ეს პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ სექტორს ქვეყნის ეკონომიკაში თავისი წვლილი და წილი ჰქონდა, მაინც სწორედ ამ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთავარი პრობლემა ქალების ექსპლუატაციაა, რაც, სამწუხაროდ, სუროგაციის აუცილებელი ელემენტია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, ხომ არ იქნებოდა უკეთესი სუროგაციის სფეროს სრულად აკრძალვის ნაცვლად მისი ნაწილობრივ რეგულირება, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგულაციები არსებით პრობლემას ვერ გადაჭრის, რადგან ქალების ექსპლუატაცია სუროგაციის განუყოფელი ნაწილია.

„როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სუროგაციის აუცილებელი ელემენტი ქალის ექსპლუატაციაა. შესაბამისად, როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია ექსპლუატაციად რჩება. აქედან გამომდინარე, რეგულაცია ძირეულ პრობლემას არ წყვეტს. ქალის ექსპლუატაცია კვლავ ძირეულ პრობლემად რჩება, როგორც არ უნდა დაარეგულირო ეს საკითხი“, - განაცხადა მან.

კობახიძემ ასევე ისაუბრა სუროგაციის სფეროში სახელმწიფოს ჩარევისა და კაზინოების საქმიანობის რეგულირების საკითხებს შორის არსებულ განსხვავებაზე. მისი განმარტებით, კაზინოები საქართველოში ათწლეულების განმავლობაში მოქმედებს და ტურიზმის სექტორის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად ჩამოყალიბდა, რის გამოც ამ სფეროში მკვეთრი ჩარევა ქვეყნის ეკონომიკასა და ტურიზმს მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნიდა.

პრემიერის მტკიცებით, კაზინოების სექტორში განხორციელებული ცვლილებები სფეროს რეგულირების ჩარჩოში მოქცევას ემსახურებოდა და არა საქმიანობის გამარტივებას.

„ეს ორი სრულიად სხვადასხვა რამაა. საქართველოში ერთი ის არის, რომ კაზინოები ძალიან ბევრი წელია, მოქმედებს და ეს სექტორი ასე, მათ შორის, ტურიზმის სექტორის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად განვითარდა. შესაბამისად, ამ სექტორს ერთბაშად და უხეშად რომ შეეხო, ეს ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმისთვის პრინციპულ, ძირეულ პრობლემებს გამოიწვევს. ათწლეულებია, არაფერს ვამარტივებთ ეს ტყუილია. პირიქით, კონკრეტული მიმართულება ჩარჩოებში მოექცა; არანაირი გამარტივება ეს არ ყოფილა“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, სუროგაციის საკითხზე სახელმწიფოს საპატრიარქოსთან კონსულტაციები ჰქონდა. პრემიერის განმარტებით, ეკლესიის პოზიცია სუროგაციის აკრძალვის სასარგებლოდ იყო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებებს სახელმწიფო დამოუკიდებლად იღებს.

„რაც შეეხება საპატრიარქოს, ჩვენ საპატრიარქოსთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს და ამ კუთხით არავითარი პრობლემა არ არსებობს. რა თქმა უნდა, სუროგაციაზეც გვქონდა კონსულტაციები. მსგავს საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას საპატრიარქოსა და ეკლესიის პოზიციის მოსმენა და გათვალისწინება მნიშვნელოვანია. მათი პოზიცია იყო ის, რომ სუროგაცია უმჯობესი იყო, აკრძალულიყო. ჩვენ გვაქვს ხოლმე კონსულტაციები, საბოლოო ჯამში კი, რა თქმა უნდა, ყველა საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო თავის დამოუკიდებელ, სუვერენულ გადაწყვეტილებას იღებს. თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, როცა ასეთ საკითხებს ეხება საქმე, ბუნებრივია, საპატრიარქოსა და ეკლესიის მოსმენა და მათი აზრის გათვალისწინება. სწორედ ასეთ რეჟიმში წარიმართა კონსულტაციები სუროგაციის საკითხთან დაკავშირებით“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, კვირას 22 ნოემბერს მმართველმა პარტიამ სუროგაციის აკრძალვა კიდევ ერთხელ დააანონსა, ამჯერად - საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. ინ-ვიტრო განაყოფიერებაზე კი შეზღუდვა არ გავრცელდება და ამ სერვისით როგორც ქართველები, ისე უცხოელები ისარგებლებენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ახალ დოკუმენტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და კონკრეტული დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები