წინა წლის დეკემბერთან შედარებით, "ზარაფხანაში" ოქროს ნაკეთობების გაყიდვები წელს 20%-ით გაიზარდა - ამის შესახებ "ანალიტიკას" ეთერში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე სამხარაძემ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წლის მთავარი გამოწვევა ნედლეულის გაძვირება იყო, რაც კიდევ დიდხანს შენარჩუნდება, თუმცა, გაძვირების მიუხედავად, ოქროს ნაკეთობებზე მოთხოვნა არ იკლებს.
"ჩვენს ბიზნესს, როგორც მწარმოებელს, რა თქმა უნდა, 2025 წელს რეკორდულად გაუძვირდა ერთ-ერთი მთავარი ნედლეული, არა მარტო ოქრო, ასევე ვერცხლიც. ჩვენთვის ეს გამოწვევა რჩება და ასე დარჩება კიდევ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. რეალურად, ოქრო ყველაზე სანდო აქტივია და ხალხი ცდილობს, მაქსიმალურად დააბანდოს მასში ფული.
მომხმარებლები ოქროს ნაკეთობას უფრო ძვირად ყიდულობენ, ვიდრე ჩვეულებრივ შეიძლება ოქროს ნივთი დაიდო, თუმცა ოქროს ნაკეთობა არის როგორც აქსესუარი, სილამაზე და მას ასევე საინვესტიციო დანიშნულება აქვს. შესაბამისად, ფასის ზრდასთან ერთად, მოთხოვნაზე ვერ ვიტყვი, რომ რაღაც რეკორდულად დაეცა. ხალხში მოთხოვნა ოქროს სამკაულის მიმართ მაინც არის და მიმდინარე წლის დეკემბრის გაყიდვები, წინა წლის დეკემბერთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა. ასე რომ, როგორც არ უნდა გაძვირდეს ოქრო, ამას ბაზარი მაინც მიყვება", - განაცხადა თორნიკე სამხარაძემ.
"ზარაფხანას" დირექტორმა საგადასახადო კოდექსში ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიციირებული ცვლილებაც შეაფასა, რომლის თანახმადაც, 2026 წლიდან ოქროს იმპორტი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავისუფლდება.
"საინვესტიციო ოქროს დღგ-სგან განთავისუფლება უბრალოდ მეტი ინვესტიციის მოზიდვას, ანუ ინვესტორებს ახალისებს, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ქვეყნისთვის ძალიან პოზიტიური ამბავია.
ჩვენთვის ["ზარაფხანასთვის"] არაფერი იცვლება, თუმცა ქვეყნის წინ წასვლა ავტომატურად კარგად აისახება ბიზნეს გარემოზე და სიამოვნებით ვუყურებ ამ ცვლილებებს. ზოგადად ოქროს ინვესტიცია ქვეყანაში ძალიან კარგია. და, თუ ვისაუბრებთ ოქროს ნაკეთობების დაბეგვრის შეცვლაზე, ეს ოქროს ნაკეთობებზე ფასს შეამცირებს და გააიაფებს ქართულ წარმოების ოქროსაც", - განაცხადა თორნიკე სამხარაძემ.




























