მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორც ჩანს, იყო მნიშვნელოვანი ხარვეზები, დარღვევები ცალკეული თანამდებობის პირების მხრიდან - მახაშვილი

ლევან მახაშვილი

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, "ქართული ოცნების" დეპუტატის ლევან მახაშვილის განცხადებით, სასურსათო ფასებით საზოგადოებაში კმაყოფილი პრაქტიკულად არავინაა და აღნიშნულ საკითხზე საპარლამენტო მოკვლევის ფარგლებში ყველა დეტალი შეისწავლება.

ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ, სასურსათო ფასების რეგულირებას ირაკლი კობახიძე აანონსებს

როგორც მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, თუ გამოჩნდება, რომ ბიზნესი შეგნებულად ახორციელებდა მონოპოლიურ ან კარტელურ გარიგებებს საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ და მოსახლეობის საზიანოდ, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

„ფასებით აბსოლუტურად არავინაა კმაყოფილი. ფაქტია, რომ რაღაც გამართულად არ არის თუ გამოიკვეთება, რომ ბიზნესი შეგნებულად, მონოპოლიურად, კარტელურ გარიგებებს ახორციელებდა საკუთარი ვიწრო ბიზნესინტერესების გამო, მაგრამ მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ, რა თქმა უნდა, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება,“ - განაცხადა მახაშვილმა.

მისი თქმით, საპარლამენტო მოკვლევის ფარგლებში თითოეული კომპონენტი დეტალურად შეფასდება.

„საზოგადოებას ვპირდებით, რომ თითოეული კომპონენტის შესწავლა მოხდება. თუ გამოიკვეთება, რომ ბიზნესი შეგნებულად, მონოპოლიურად, კარტელურ გარიგებებს ახორციელებდა საკუთარი ვიწრო ბიზნესინტერესების გამო, მაგრამ მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ, რა თქმა უნდა, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება. გადაწყვეტილებები იქნება არა ზეწოლისთვის, ბიზნესის დასახურად ან შანტაჟისთვის, არამედ იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ბიზნესმა თავისი საქმიანობა აწარმოოს და მიიღოს მოგება, მაგრამ მეორე მხრივ, ტვირთი არ იყოს მოსახლობაზე იმის გამო, რომ ბიზნესს აქვს შესაძლებლობა სურსათის მიმართულება სრულად აკონტროლოს,“ - აღნიშნა მახაშვილმა.

მისივე განცხადებით, არსებული პრობლემები შესაძლოა უკავშირდებოდეს როგორც სისტემურ ხარვეზებს, ისე ცალკეული თანამდებობის პირების მხრიდან დაშვებულ დარღვევებს.

„ფაქტი ერთია, რომ ფასებით აბსოლუტურად არავინაა კმაყოფილი. ფაქტია, რომ რაღაც გამართულად არ არის, არის პრობლემები და ამიტომ თითოეულ მიმართულებას სჭირდება შესწავლა. როგორც ჩანს, იყო მნიშვნელოვანი ხარვეზები, დარღვევები ცალკეული თანამდებობის პირების მხრიდან. მათ რომ გამართულად, კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება ეს პრობლემები არ დამდგარიყო,“ - განაცხადა მან.

ამასთან, ლევან მახაშვილი გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს, რომლის მიხედვითაც სურსათზე მაღალი ფასები საგადასახადო პოლიტიკით არის გამოწვეული და აღნიშნა, რომ ეს შეფასებები უსაფუძვლოა.

„აბსოლუტურად აბსურდული განცხადებებია [ოპოზიციის მხრიდან]. ჩემმა კოლეგებმაც დაწერეს, რომ საგადასახადო პოლიტიკა 2005 წლიდან პრაქტიკულად, არ შეცვლილა საქართველოში. დამატებითი ღირებულებითი გადასახადი იქნება, მოგების გადასახადი თუ ა.შ. არაფერი შეცვლილა 2005 წლიდან, ისევ იგივეა. უფრო მეტიც, 2017 წლიდან, ბიზნესი აბსოლუტურად არ იხდის მოგების გადასახადს, თუ ის აბრუნებს ამ თანხას ისევ ინვესტიციის სახით. ასე რომ, ეს არათუ ტვირთად გაიზარდა გადასახადები, არამედ, პირიქით, 2017 წლიდან კიდევ უფრო შემცირდა ბიზნესებისთვის. საგადასახადო პოლიტიკის ნაწილში აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა, მაგრამ მაინც ფასების პრობლემა იყო,“ - განაცხადა მახაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საგადასახადო პოლიტიკის ნაწილში ცვლილებები არ იგეგმება.

ცნობისთვის, "ოცნების მთავრობაში" პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. რაკლი კობახიძემ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტებთან აქტიური მუშაობა დააანონსა; სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ. პარლამენტს კი საკითხის შესაფასებლად შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები