ეკონომისტი აკაკი ცომაია სოციალურად დაუცველებთან დაკავშირებით დღეს დაანონსებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს.
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. ამის შესახებ მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დღეს უწყებაში გამართულ პრესკონფერენცია განაცხადა.
ეკონომისტი BM.GE-სთან ამბობს, რომ როგორც ჩანს, ახლა ხელისუფლებას აღარ სჭირდება სოციალურად დაუცველთა არმია და გადაწყვიტა, ამ მიმართულებით გამაოთავისუფლოს ფინანსები.
"ჩემი შეფასებით, ეკონომიკური მიზეზები ნამდვილად ნაკლებად უნდა ვეძებოთ მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებებში. ეს არის პოლიტიკური მიზეზები. ზოგადად, სოციალურად დაუცველთა დიდი რაოდენობა საქართველოში უკავშირდებოდა ყოველთვის არჩევნების პერიოდს და მოქრთამვას ამომრჩევლების, მეტს არაფერს. საერთოდ, როდესაც სახელმწიფო პროგრამები იწყება, შემდგომ მისი შეწყვეტა არ არის მარტივი თემა, იმიტომ რომ ბიუჯეტზე ხდება ჩამოკიდებული საზოგადოების დიდი ნაწილი. როგორც ჩანს, ხელისუფლებას აღარ სჭირდება მოცემულ ეტაპზე სოციალურად დაუცველთა მთელი არმია. გადაწყვიტა, რომ შეუძლია, არ გასწიოს ამხელა ტვირთი და შესაბამისად, გამოთავისუფლებული თანხები მიმართოს ალბათ ისევ რაღაც კონკრეტული მიზნებისკენ - უფრო, ვფიქრობ, პირადი კეთილდღეობის მიზნებისთვის, ვიდრე რაიმე საზოგადოებრივი პროექტებისთვის.
ზოგადად, სოციალური პროგრამები უნდა იყოს, მაგრამ იმ ფორმით, რა ფორმითაც არის, წმინდა პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება. არანაირი ეკონომიკური აზრი ამ სოციალურ პროგრამებში არ იყო და მოცემულ ეტაპზე აღარ სჭირდება ეს ხალხი ხელისუფლებას და მარტივად იშორებს",- აღნიშნავს ეკონომისტი.
მისივე თქმით, სწორი მიდგომა სწორი მეთოდოლოგიის შერჩევაში იქნებოდა. ამასთან, ეკონომისტი არ გამორიცხავს, რომ გადამოწმებისას ოჯახების ბაზიდან ამოღების გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით მიიღონ.
"ეს მეთოდოლოგია უკვე წარმოადგენს აკადემიურ ხაზს, მიმართულებას. აკადემიური, ექსპერტული შეფასებები ხელისუფლებას ნაკლებად აინტერესებს და საზოგადოებასაც, და ამდენად, პოლიტიკური ნიშნით გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის მარტივია. შესაბამისად, ჩვენ ვნახავთ, რომ, სავარაუდოდ, ფილტრაცია, როგორც ხდება ხოლმე ამ ქვეყანაში, უფრო პოლიტიკური ნიშნით განხორციელდება. არსებობს ეს ფაქტები, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან ადამიანები, რომლებიც ძვირად ღირებულ ავტომობილებს ყიდულობენ. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები არიან. შესაბამისად, პოლიტიკური ნიშნით თუ ხდება ფილტრაცია, გასაგებია, რომ დიდი ალბათობით ესენი კვლავ დარჩებიან, მაგრამ ბევრი ადამიანი, რომელსაც ბევრად ნაკლები შემოსავალი აქვს, ალბათ ამოვარდება აი ამ სიიდან",- ამბობს აკაკი ცომაია.




























