მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორც კი დაფინანსება ღია და გამჭვირვალე გახდება, ლომჯარიები და გიგაურები გაქრებიან - დეპუტატი

ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ როგორც კი ორგანიზაციების დაფინანსება ღია და გამჭვირვალე გახდება, ლომჯარიები და გიგაურები გაქრებიან და მათ ჩაენაცვლებიან ღირსეულები, პატიოსნები ვინც ქართულ საქმეს აკეთებენ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კანონის უკან გაწვევა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ „ფარას“ გააუქმებენ.

„როგორც რუსული, ასევე ამერიკული კანონი არის ყველაზე მკაცრი და ვრცელდება როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებზე - ერთი ცენტის დაფინანსების შემთხვევაში შედის აუდიტი, დარღვევის შემთხვევაში არის 5-წლიანი ციხე და ასე შემდეგ. ქართული კანონი არც ერთ ფიზიკურ და იურიდიულ პირს არ ეხება. ეხება მედიას, რადგან მედია ის ორგანიზაციაა, რომელსაც შეუძლია საზოგადოებაზე გავლენა მოახდინოს. ჩვენ ვთქვით, თუ 20%-ზე მეტით გაფინანსებენ, ამის დეკლარირება მოახდინე და თქვი, ვინ გაფინანსებს და რა მიზნით. ასევე, არასამთავრობო სექტორს ვუთხარით, თუ საერთაშორისო პარტნიორებისგან 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებენ, გააკეთონ დეკლარირება და გააგრძელონ. მორჩა! ეს არის განსხვავება!“, - თქვა ირაკლი ზარქუამ.

მისი თქმით, ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი შეცდომაშია შეყვანილი, თუმცა მმართველი პარტია დათმობას არ აპირებს.

„არ დავუთმობთ! ჩვენ იმ შემთხვევაში დავთმობთ, თუ გააუქმებენ “ფარას“, თუ საფრანგეთი სენატის მიერ დამტკიცებულ პროექტს უკან გაიწვევს. დავთმობთ, თუ ამ კანონის მიღებაზე ისრაელი უარს იტყვის, თუ ბრიტანეთი იტყვის, რომ მას ეს კანონი არ სჭირდება. ჩვენი რეგიონი ცეცხლის ალშია გახვეული. საქართველოს მიმართ გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ყველას - სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან აქვს ინტერესი. უფრო მეტიც, ჩრდილოეთი შემოიჭრა და ოკუპირებული აქვს, ხოლო ზოგს ჩვენი ტერიტორიები საკუთარ დოქტრინაში აქვს მოხსენიებული. როგორ შეიძლება ამ რეგიონში, რომლის მიმართ ინტერესი ყველას აქვს, ადამიანი, ვინც ქართული სახელმწიფოს მომხრეა, გამჭვირვალობის წინააღმდეგი იყოს?! ეს ჩემთვის გაუგებარია! როგორც კი დაფინანსება ღია და გამჭვირვალე გახდება, ლომჯარიები და გიგაურები გაქრებიან - რატომ? იმიტომ, რომ ჩაენაცვლებიან ღირსეულები, პატიოსნები ვინც ქართულ საქმეს აკეთებენ, ხოლო მას ვინც შავ საქმეს აკეთებს, ბუნებრივია, დონორი აღარ დააფინანსებს! ამიტომაც სამსახურის დაკარგვის ეშინიათ!“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები