„ან ყველანი გავიმარჯვებთ და ქვეყანა გაიმარჯვებს ან ყველანი წავაგებთ - ეს ბიზნესსაც უნდა ახსოვდეს“, - ეს განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ გააკეთა, სადაც ინტერვიუს ერთ-ერთი თემა ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის არსებული ურთიერთობა იყო.
TI საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა BMGTV-ზე დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში ბიზნესის ქცევის დილემასა და იმ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, რომელიც მსხვილ ბიზნესს აკისრია და აღნიშნა, რომ ბიზნესის ხმა ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - არა მხოლოდ ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, არამედ ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვისაც.
ეკა გიგაურის თქმით, დღეს, საქართველოში ბიზნესისგან უფრო მეტი სამოქალაქო სიმამაცე და გამბედაობა არის საჭირო, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჯგუფია, რომელსაც შეუძლია პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენა მოახდინოს.
„ბიზნესი არის ის ჯგუფი, რომელსაც უფრო მეტიც მოეთხოვება... ისინი ხომ არ არიან განყენებულნი საზოგადოებისგან?! - მათაც ჰყავთ შვილები, ოჯახები, მეგობრები, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და სურთ, უკეთეს გარემოში იცხოვრონ; მხოლოდ მათი კარგად ყოფნა ხომ არ არის მნიშვნელოვანი?! - ამბობს ის.
ეკა გიგაური ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი და ბიზნესის წარმატება ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.
„ბიზნესის წარმატებაც იმაზეა დამოკიდებული, როგორი მმართველობა გვაქვს ქვეყანაში. ევროპული ტიპის მმართველობა ნიშნავს ბიზნესგარემოს, სადაც ბიზნესი თავისუფალია და არავის - არცერთ პოლიტიკურ პარტიას - არ აქვს უფლება, დააძალოს შემოწირულება", - განაცხადა TI საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა.
“წერტილთან“ ინტერვიუში ეკა გიგაურმა ასევე ისაუბრა ბიზნესის მხრიდან მმართველი პარტიის დაფინანსების საკითხზე.
„ძალიან კარგად ორგანიზებული სქემაა, როცა კონკრეტული კომპანიები იღებენ სახელმწიფო კონტრაქტებს, იგებენ ტენდერებს, და შემდეგ მათი მფლობელები შემოწირულებას ახორციელებენ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ... მესმის, რომ ეს პროცესი წნეხის ქვეშ მიმდინარეობს, მაგრამ სწორედ ამაზე უნდა დაიწყოს საუბარი, თუ გვინდა, ქვეყანა სისტემური კორუფციისგან დავიხსნათ“, - თქვა ეკა გიგაურმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა „წერტილთან“ ინტერვიუში არაერთხელ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჯგუფმა - მედიით დაწყებული და საჯარო სექტორით დამთავრებული - ხმამაღლა ისაუბროს არსებულ პრობლემებზე, მათ შორის ბიზნესმაც.
„საჯარო მოხელეებმა, ექიმებმა, მასწავლებლებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ უკვე ამოიღო ხმა. ბიზნესის ნაწილმაც, მაგრამ ეს საკმარისი არ არის... საუბარი პრობლემაზე აუცილებელია, რადგან ეს არ კეთდება რომელიმე კონკრეტული ადამიანისთვის, არამედ ქვეყნისთვის“, - აღნიშნა მან.
„ბიზნესი შიში ალბათ ლოგიკურია, როცა ქვეყანაში კანონები პოლიტიკური საჭიროების მიხედვით იცვლება“ - გადაცემის წამყვანის ამ რეპლიკის პასუხად, ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ შიში მაინც არ უნდა გახდეს ბიზნესის დუმილის მიზეზი, რადგან სიჩუმე ქვეყნის განვითარებას აჩერებს და საბოლოოდ, სწორედ ბიზნესის კეთილდღეობას აზიანებს.
„მესმის, რომ შიში ბუნებრივია, მაგრამ მგონია, რომ ან ყველანი გავიმარჯვებთ და ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს, ან ყველანი წავაგებთ - ეს უნდა ახსოვდეს ბიზნესსექტორსაც“, - აღნიშნა მან.




























