საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი ამბობს, რომ ნენსკრაჰესის ინვესტორი კვლავ K-Water იქნება, რომელმაც სახელმწიფოსთან მემორანდუმი უკვე გააფორმა.
როგორც მან BMGTV-ის ეთერში განაცხადა, ახალი მემორანდუმით ელექტროენერგიის შესასყიდი ფასი შემცირებულია.
“ჩემი ინფორმაციით, "ნენსკრა ჰესის” პროექტში იგივე ინვესტორი დარჩება. კორეული სახელმწიფო კომპანია განახორციელებს აქ ინვესტიციას. მრავალი პრობლემა იყო და დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს მშენებლობა დაიწყება. ერთი მხრივ იყო ადგილობრივების პრობლემა, მეორე მხრივ კი საერთაშორისო ინსტიტუტებისგან სესხი ვერ მიიღეს, რადგან კვლევებთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდათ. ეს გამოსწორებულია. ამას წინ უძღოდა “მწვანეების” აქტიური კამპანია იმისთვის, რომ ეს ასე მომხდარიყო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს კორეელი ინვესტორისთვის დაფინანსება შეეჩერებინათ. ამ ეტაპზე ყველა ეს ბარიერი გადალახულია. ახალი მემორანდუმი გაფორმდა მთავრობასთან, სადაც როგორც ვიცი ფასი დაკორექტირდა და ელექტროენერგიის ფასმა ბევრად უფრო დაბლა დაიწია, ვიდრე აქამდე იყო. ეს ბუნებრივია ჩვენი სახელმწიფოსთვის მოგებიანი პოზიციაა. იმედი გვაქვს, რომ 2024 წელს ნენსკრას მშენებლობა დაიწყება", - ამბობს აბრამიშვილი.
გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე ნენსკრაჰესზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც ისაუბრა და თქვა, რომ მშენებლობა მაქსიმუმ 2024 წელს განახლდება. 280-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის ჯამური ინვესტიცია 1 მილიარდ დოლარს შეადგენს და მან დასრულების შემდეგ 1.2 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს. სახელმწიფოსთან გაფორმებული გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვის [PPA] შეთანხმებით, საქართველო ელექტროენერგიას წინასწარ დადგენილი ტარიფით (7.55 ცენტი კილოვატ საათზე) შეიძენს.