საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნენსკრაჰესის პროექტთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმებულია და მშენებლობა მაქსიმუმ 2024 წელს განახლდება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობამ 2024 წლის ბიუჯეტზე დაიწყო მუშაობა, რომელშიც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც იქნება გათვალისწინებული. პრემიერმა სწორედ ამ საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ნენსკრა ჰესის მშენებლობის დაწყება 2024 წლის დასაწყისისთვის იგეგმება, თუმცა სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა 2024 წლის ახალ ბიუჯეტზე, გვექნება საინტერესო ინიციატივები, ახალი პროექტები გვექნება დაგეგმილი, მსხვილი პროექტები დაწყებაა დაგეგმილი, როგორიცაა ანაკლიის პორტის პროექტი, ახალი აეროპორტის პროექტირება და მშენებლობა გვინდა დავიწყოთ, დიდი პროექტების ჰესების მშენებლობა ჩვენი თანამონაწილეობით გვინდა დავიწყოთ, როგორიცაა ხუდონი, ნამახვანზე მიდის მუშაობა, ნენსკრაზე გავედით ბოლოში და მემორანდუმი გაფორმებულია, ველოდებით რომ სამუშაოები ადგილზე წლის ბოლოს, მაქსიმუმ 2024 წელს განახლდება. ესაა ჩვენი გეგმა. მას სჭირდება შენარჩუნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ნენსკრაჰესის პროექტთან დაკავშირებით ხელშეკრულება პროექტის ინვესტორ კომპანია K-Water-თან გაფორმდა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ინვესტორი პროექტის განხორციელებას შეძლებს.
"ნენსკრასთან დაკავშირებით ჩარჩო შეთანხმება ინვესტორ კომპანიასთან, რომელიც ნენსკრაში იყო უკვე გავაფორმეთ. ახლა მიდის დეტალური ხელშეკრულება K-Water-თან, რომელიც სამშენებლო საკითხებს განსაზღვრავს. ჩვენ იმედი გვაქვს შევინარჩუნებთ ინვესტორს და ინვესტორი შეძლებს პროექტის დასრულებას და განხორციელებას", - აღნიშნა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ნენსკრას" ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მთავარი ინვესტორი კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-Water-ია. მას “ნენსკრა ჰიდროში” 91.9%-იანი წილი უჭირავს, 8.1%-იან აქციონერს კი, “საპარტნიორო ფონდი” წარმოადგენს. 280-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის ჯამური ინვესტიცია $1 მილიარდ დოლარს შეადგენს და მან დასრულების შემდეგ 1.2 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს. სახელმწიფოსთან გაფორმებული გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვის (PPA) შეთანხმებით, საქართველო ელექტროენერგიას წინასწარ დადგენილი ტარიფით (7.55 ცენტი კილოვატ საათზე) შეიძენს.
საქმე ის არის, რომ 2022 წლის 14 ნოემბერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ნენსკრა-ჰესის” ინვესტორი კომპანიის K-Water-ის აღმასრულებელ დირექტორს პარკ ჯე-ჰიონს შეხვდა. მოგვიანებით კი, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა BMG-ს უთხრა, რომ მთავრობასა და K-Water-ს შორის მოლაპარაკებები განახლებულ პირობებზე მიმდინარეობდა. მოლაპარაკების ერთ-ერთი საგანი, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის ტარიფია, რომელიც სახელმწიფოსთან გაფორმებული გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვის (PPA) შეთანხმებით, 7.55 ცენტია კილოვატ საათზე. 2023 წლის დასაწყისში ვიცე-პრემიერმა BMG-ის განუცხადა, რომ როგორ გაგრძელდებოდა „ნენსკრაჰესის“ ინვესტორ კომპანია K-Water-თან ურთიერთობა, იანვარში გახდებოდა ცნობილი.