პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი, ჟაკ დელორის ინსტიტუტის მკვლევარი, თორნიკე გორდაძე ამბობს, რომ საჯარო სექტორში დასაქმებული ძალიან ბევრი ადამიანი ხედავს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა არასწორი მიმართულებით განვითარდა.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში”, არსებული ვითარების ფონზე, ქართველი დიპლომატების პოზიციებზე საუბრისას განაცხადა, რამდენიმე ელჩი ზღვარზეა, თუმცა ხელისუფლება მათ მიმართ შანტაჟს და წნეხს მიმართავს.
„იყო 2-3 დიპლომატი, რომლებმაც საკმაოდ გაბედულად თქვეს, რომ არ ეთანხმებიან პრორუსულ პოლიტიკას. როგორც ვიცი, არის კიდევ რამდენიმე ელჩი, რომელიც საკმაოდ რთულ სიტუაციაში იმყოფება, ისინი ზღვარზე არიან. მე მათ პროევროპულობაში ეჭვი არ მეპარება, თუმცა დღევანდელ ხელისუფლებას აქვს სხვადასხვა შანტაჟის და წნეხის შესაძლებლობა მათზე და ამას ბოლომდე იყენებენ. დღევანდელ სახელმწიფო სექტორში და მაღალ თანამდებობაზე მომუშავე ადამიანს ძალიან დიდი გამბედაობა სჭირდება, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს. რა თქმა უნდა, ეს მათი გადასაწყვეტია, მათ უნდა ჩათვალონ, რამდენად მნიშვნელოვანია პირნათელი იყვნენ საკუთარი ქვეყნის და საზოგადოების მიმართ. „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო წლებში ფაქტობრივად ტოლობის ნიშანი დასვა სახელმწიფოსა და პარტიას შორის. აღარ არსებობს ინსტიტუცია, რომელიც არ ექვემდებარება მათ კონტროლს. საბედნიეროდ, გამოჩნდა ბოლო ხანებში, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტმა მოიპოვა საკმაოდ დიდი დამოუკიდებლობის ხარისხი. აქამდე მასაც აკონტროლებდნენ“,- აღნიშნა თორნიკე გორდაძემ.
შეგახსენებთ, "რუსულ კანონთან" დაკავშირებით განვითარებული მოვლენების ფონზე, საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა თანამდებობა დატოვა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ „ვეღარ ხედავს საკუთარ როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: - ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს“.