რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი შევიდა გარიგებაში ირაკლი რუხაძის საინვესტიციო ჰოლდინგ Hunnewell Partners-თან, რათა ამ უკანასკნელს ედავა აშშ-ში. საქმე ეხება რომან აბრამოვიჩის კვიპროსულ კომპანია Pro-Alpha Investments Ltd-ს, რომელმაც საიდუმლო ხელშეკრულება დადო კომპანია Hunnewell Partners-თან და მას აშშ-ში დავის წარმოებისთვის გადასცა მოთხოვნის უფლება იმ აქციებზე რომელიც მას რუსულ სატელეკომუნიკაციო გიგანტ MTS-ში გააჩნდა. აღნიშნულის შესახებ სტატიას ჟურნალი Byline Times-ი აქვეყნებს.
საქმე ისაა, რომ რუსული MTS-ის აქციები 2013-2022 წლებში ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე იყო განთავსებული და შესაბამისად, მასში დასავლელი ინვესტორების სახსრები იყო განთავსებული. თავად MTS ოპერირებდა არაერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის, მათ შორის უზბეკეთის ბაზარზეც. სწორედ უზბეკეთის ბაზარზე წარმატებულად ოპერირებისთვის, რუსული MTS-ი, რუსული VimpelCom-ი და შვედური TeliaSonera შევიდნენ კორუფციულ გარიგებაში უზბეკეთის პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვის შვილის, გულნარა ქარიმოვას კომპანიებთან და მას წლების განმავლობაში ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ქრთამი გადაუხადეს. გამოძიების თანახმად, MTS-ი უზბეკეთში ფლობდა ქვეყნის წამყვანი მობილური ოპერატორის 50.01%-ს, ხოლო დანარჩენი 49.99%-ის მფლობელი უზბეკეთის სახელმწიფო კომპანია იყო. ამ კომპანიის წარმატებული ოპერირებისთვის MTS-მა 2004-2012 წლებში რვა ტრანშად 380 მილიონ დოლარზე დიდი ქრთამი გადაიხადა გულნარა ქარიმოვას კომპანიების სასარგებლოდ.
გულნარა ქარიმოვას წინააღმდეგ აშშ-მა საგამოძიებო მოქმედებები 2015 წლის ივნისში დაიწყო, ასევე აშშ-მა დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები იმ სატელეკომუნიკაციო კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ქარიმოვასთან შევიდნენ გარიგებაში, რამაც ამ კომპანიების აქციების ფასების ვარდნა განაპირობა.
MTS-მა 2016 წლის აგვისტოში უზბეკეთში საკუთარი ბიზნესი 0 რუბლად გაასხვისა. 2019 წლის მარტში კი აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ კომპანიასთან მიაღწია საპროცესო გარიგებას და კომპანიას 850 მილიონი დოლარის ჯარიმა დააკისრა, ანალოგიურად, ვიმპლეკომმა 795 მილიონი ჯარიმა გადაიხადა, თელიასონერამ კი 965 მილიონი დოლარის ჯარიმა გადაიხადა. ამ პროცესის დროს, MTS-ის აქციების ღირებულება მკვეთრად დაეცა, ერთ-ერთი ვინც ზარალი მიიღო რომან აბრამოვიჩის კომპანია იყო.
როგორც Byline Times-ის ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა რომან აბრამოვიჩის კვიპროსულმა კომპანიამ გააფორმა გარიგება Hunnewell Partners-თან რათა ამ უკანასკნელს აშშ-ში ედავა იმ საინვესტიციო დანაკარგებზე, რაც მან MTS-ში ინვესტირებით განიცადა. აღნიშნული ზარალი სასამართლო მასალების თანახმად 13 მილიონ დოლარს შეადგენდა. ეს დავა 2019 წელს დარეგისტრირდა, თუმცა 2021 წელს სასამართლომ ეს და სხვა ანალოგიური სარჩელები, რომლებიც MTS-ის აქციების გაუფასურებით დაზარალებული ინვესტორების მხრიდან იყო ინიცირებული არ დააკმაყოფილა.
Byline Times-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, აბრამოვიჩის ფირმა Hunnewell Partners-ს დაპირდა, რომ სასამართლო პროცესის წარმატების დასრულების შემთხვევაში მიღებული თანხის 10%-ს გადასცემდა. აბრამოვიჩის კომპანიისა და Hunnewell Partners-ის გარიგების შესახებ Byline Times-მა ინფორმაცია მოიპოვა კომპანია კვიპროსული იურიდიული ფირმა MeritServus-დან გაჟონილი მასალების შესწავლის შედეგად.
თავად რომან აბრამოვიჩი 2022 წლიდან არის სანქცირებული. Forbes-ის თანახმად, აბრამოვიჩის ქონება $9.2 მილიარდს შეადგენს.
რაც შეეხება Hunnewell Partners-ს, მისი ძირითადი ბიზნესი საქართველოშია, ჰოლდინგის დამფუძნებელი პარტნიორების, ირაკლი რუხაძის, იგორ ალექსეევისა და ბენჯამენ მარსონის საკუთრებაშია ლიბერთი ბანკი და რუსთავის ფოლადი, ასევე ტელეიმედი, აქციების საკონტროლო პაკეტი ჰანიველ ცემენტში (ყოფილი ჰაიდელბერგცემენტი), სადაც მისი პარტნიორი ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდია. ასევე ჰანიველ პარტნერსი ფლობს აქციების მინორიტარული პაკეტს მაგთიკომში (ჯამურად 10%-მდე).
19 მარტს ცნობილი გახდა, რომ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა საბოლოოდ წაგო საქმე ინგლისის უზენაეს სასამართლოში, რის შედეგადაც მან კომპანიების Revoker-ისა და Recovery Partners-ის სასარგებლოდ $170 მილიონზე დიდი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.




























