ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს რომან გოცირიძეს ჰგონია, რომ ივანიშვილი თავის ნახატებს ეროვნული ბანკის საცავში შეინახავს.
რომან გოცირიძე ასევე წერს, რომ სებ-ის საცავში, სადაც ნაღდი ფულისა და ოქროს მარაგები ინახება, სხვა პირების ნივთების შენახვა დაუშვებელია.
"ივანიშვილმა იანვარში ოფიციალური სტატისტიკის თანახმად 480 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატები უცხოეთიდან საქართველოში შემოიტანა. ოფშორების კანონის წყალობით ამ მაქინაციის შედეგად ბიუჯეტში 86 მილიონი დოლარი არ გადაიხადა. ბლუმბერგის შეფასებით ნახატების რეალური ღირებულება დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარია, ანუ ბიუჯეტს 180 მილიონი დოლარი დაუმალა.
სად შეინახავს ამ ნახატებს ივანიშვილი? სახლში გამორიცხულია, ჯარი უნდა დააყენოს დასაცავად. “ქართუს” სარდაფი ამისთვის არ გამოდგება, სპეციალური რეჟიმია საჭირო.
ერთადერთი ადგილი, სადაც ტენიანობის და ტემპერატურის სტაბილური და სტანდარტების შესაბამისი გარემოა, არის ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს საცავი, სადაც 7 ტონა ოქროს ზოდები ინახება. ვნახოთ, კიდევ ერთხელ გაუწვდის დახმარების ხელს ეროვნული ბანკი ბიძინა ივანიშვილს თუ არა.
ეროვნული ბანკის საცავში, სადაც ნაღდი ფულისა და ოქროს მარაგები ინახება, სხვა პირების ნივთების შენახვა დაუშვებელია. ამისთვის სპეციალური გადაწყვეტილებაა საჭირო, რათა მოხდეს საკასო ცენტრის ფართის კერძო პირებზე გაქირავება. ასეთი რამ არასდროს მომხდარა. სანქციიდან თავის დაღწევის ბევრ ამბავს შევიტყობთ თანდათანობით. მაინც ვერაფერი უშველის", - წერს გოცირიძე.
ინფორმაციისთვის: 2025 წლის იანვარში საქართველოში უპრეცედენტო ღირებულების 481 მილიონი დოლარის (1.35 მილიარდი ლარის) ღირებულების ნახატები შემოვიდა - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის ოპერატიული სტატისტიკის ვებგვერდიდან ხდება ცნობილი. ანგარიშის თანახმად, იმპორტი განხორციელდა სამი ამანათის მეშვეობით, რომელთაგან ორი აშშ-დან, ერთი კი დიდი ბრიტანეთიდან გამოიგზავნა. ნახატების და მათი გადასატანი ყუთების წონა 6.6 ტონას შეადგენდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ არის ამ ნახატების იმპორტიორი.




























