მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ აქტივებში დებენ ინვესტიციას უმდიდრესი მოქალაქეები?

მდიდარი

გლობალური ეკონომიკის ზრდასთან ერთად, ყოველწლიურად სულ უფრო მეტად იზრდება მდიდარი მოსახლეობის რაოდენობა.

ამჟამად მსოფლიოში 28,000-მდე ცენტიმილიონერია, ანუ ისეთი ადამიანი, რომელსაც მინიმუმ 100 მილიონი დოლარის ქონება აქვს.

მოსახლეობის ამ ფენას ხშირად მოიხსენიებენ TOP 0.01%-ის სახელით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ასეთი ადამიანების იშვიათობას და გავლენას. მიუხედავად უმდიდრესი მოქალაქეების რაოდენობის სიმცირისა, მათ მფლობელობაში არსებული აქტივების მოცულობა დისპროპორციულად აღემატება საშუალო ფენის საკუთრებაში არსებული აქტივების ღირებულებას. უფრო კონკრეტულად, მოსახლეობის TOP 10% პლანეტაზე არსებული საინვესტიციო აქტივების 85%-ს ფლობს.

მონაცემებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ სიმდიდრე და საინვესტიციო პორტფელის მოცულობა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. მარტივად რომ ვთქვათ, მდიდარი ადამიანები თავიანთ ქონებას არა ნაღდი ფულის სახით, არამედ საინვესტიციო აქტივების სახით ინახავენ, ამ აქტივებს შორის კი შეიძლება იყოს: კომპანიების აქციები, ფონდები, უძრავი ქონება, ოქრო, ძვირფასეულობა, ხელოვნების ნიმუშები, სპორტული კლუბების წილები და ნებისმიერი სხვა რამ, მოკლედ, ყველაფერი ნაღდი ფულის გარდა.

ამჯერად სწორედ იმ აქტივებზე ვისაუბრებთ, რომელთაც უმდიდრესი მოქალაქეები ყველაზე ხშირად ირჩევენ:

დავიწყოთ ყველაზე ტრადიციული, თუმცა მუდამ მოთხოვნადი აქტივების კლასით - უძრავი ქონებით, რომელიც აქტუალურობას არასოდეს კარგავს. უმდიდრესი მოქალაქეების პორტფელის 27% საშუალოდ სწორედ უძრავ ქონებაზე მოდის, ასეთი მაღალი კონცენტრაცია კი იმ მოცემულობითაა განპირობებული, რომ უძრავი ქონება როგორც ღირებულების შემნახველ, ასევე პერიოდული შემოსავლის მიმღებ აქტივად განიხილება. მარტივად რომ ვთქვათ, კომერციული ფართი ყიდვიდან 20 წლის შემდეგაც ღირებული იქნება, თანაც მთელი ამ დროის განმავლობაში ის მფლობელისთვის პერიოდულ შემოსავალს დააგენერირებს იჯარის ან ქირის სახით.

ცხადია, უმდიდრესი მოქალაქეები ოროთახიან ბინებს და 35 კვ. მეტრის ფართობის კომერციულ ფართებს არ ყიდულობენ, მათ საკუთრებაში, უმეტესწილად, სავაჭრო ცენტრებს, მოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, ქარხნებს, საწყობებს, სასტუმროებს, სპორტულ დარბაზებს და ტურისტულ ობიექტებს შეხვდებით. როგორც წესი, მილიონერები არც განცხრომაში ცხოვრებას ერიდებიან, ამიტომ მათ პორტფელში ხშირად შეხვდებით პენტჰაუზებს, მდიდრულ სასახლეებს და პრემიუმ კლასის საცხოვრებლებს.

აქვე მდიდარი მოქალაქეების საყვარელ ადგილებზეც უნდა ვისაუბროთ, მათი უდიდესი ნაწილი ამერიკაში, ევროკავშირში, იაპონიასა და ჩინეთში ცხოვრობს. ქალაქებს რაც შეეხება: ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი, ლონდონი, პარიზი, მონაკო, ბერლინი, ტოკიო, ჰონგ-კონგი და პეკინი - ეს ის ადგილებია, სადაც მდიდრების განსაკუთრებით დიდ კონცენტრაციას შეხვდებით.

დროა, უძრავი ქონებიდან, ანუ ყველაზე ფიზიკურიდან, ყველაზე აბსტრაქტულ აქტივებზე, ანუ ფასიან ქაღალდებზე გადავინაცვლოთ. მოსახლეობის TOP 1%-ს რომ საფონდო ბირჟა ძალიან უყვარს, ეს ახალი ამბავი ნამდვილად არ არის. როგორც წესი, უმდიდრეს მოქალაქეებს საუკეთესო პირადი ბანკირები ჰყავთ, რომელთაც კარგად ესმით, რომ საფონდო ბირჟა ქონების დაგროვების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, პლანეტის ასი ყველაზე მდიდარი მოქალაქის ქონების თითქმის 90% სწორედ ფასიან ქაღალდებში, ანუ კომპანიების აქციებში, ობლიგაციებსა და ფონდებშია ინვესტირებული.

მართალია, მოსახლეობის TOP 1%-ს საკუთარი ბიზნესები მრავლად აქვს, თუმცა ამის მიუხედავად, პლანეტაზე მაინც მხოლოდ ერთ Microsoft-ს, ერთ Google-ს და ერთ Apple-ს ვხედავთ, ამიტომ მილიონერებიც მარტივ გზას ირჩევენ და თავიანთი ქონების მნიშვნელოვან ნაწილს პლანეტის ყველაზე წარმატებულ და მსხვილ კომპანიებში აბანდებენ, რომელთაც უფრო დიდი საბაზრო კაპიტალიზაცია აქვთ, ვიდრე ქვეყნების უმეტესობას ეკონომიკის მოცულობა.

უნდა აღინიშნოს, რომ უძრავი ქონებისგან განსხვავებით, საფონდო ბირჟა ზუსტად იმ მოცულობის თანხით ინვესტირების საშუალებას იძლევა, რომელიც მოქალაქეს აქვს. ილონ მასკის შემთხვევაში ეს დაახლოებით 200 მილიარდი დოლარია, ვიღაცისთვის კი ეს შეიძლება 5 დოლარი იყოს. საბედნიეროდ, საქართველოში არსებული წამყვანი ბანკების ციფრული აპლიკაციების დახმარებით, ინვესტირების დაწყება ნებისმიერი თანხითაა შესაძლებელი და წარმოდგენილი ფასიანი ქაღალდების არჩევანი დაახლოებით იგივეა, როგორიც თავად ილონ მასკს აქვს.

ახლა კი საფონდო ბირჟიდან ალტერნატიულ საინვესტიციო აქტივებზე უნდა გადავინაცვლოთ. ამ კატეგორიაში შეხვდებით ყველაფერს: იახტებით, საკოლექციო ავტომობილებით და ხელოვნების ნიმუშებით დაწყებული, სპორტული კლუბებით, სამუზეუმო ექსპონატებით და იშვიათი ნივთებით დამთავრებული.

ზოგიერთი მდიდარი მოქალაქე ერთ ან ორ კატეგორიაზე კონცენტრირდება, მაგალითად, განსაკუთრებით მოთხოვნადია სარბოლო და ვინტაჟური ავტომობილების კოლექცია, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო ინვესტიციას წარმოადგენს. ასევე, განსაკუთრებულ წარმატებას აღწევენ ხელოვნებით დაინტერესებული ინვესტორები, თუმცა მათი რაოდენობა შედარებით ნაკლებია.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ უმდიდრეს მოქალაქეებს კარგად ესმით ინვესტირების ფასი, ამიტომ ისინი თანხას გრძელვადიან აქტივებში და ისეთ პროექტებში აბანდებენ, რომელთაც სიმდიდრის შექმნა ათ და ოც წელიწადში შეუძლიათ და არც ერთ ან ორ დღეში.