საავტომობილო ბაზარზე კომპანიების ფინანსურ ეფექტიანობასა და მოგებიანობას მნიშვნელოვანწილად სტრატეგიული პოზიციონირება განსაზღვრავს. მიმდინარე მონაცემებით, გლობალურ ავტომწარმოებლებს შორის ყველაზე მაღალი მოგების მარჟით იტალიური სუპერქარების ბრენდი Ferrari გამოირჩევა, რომლის საოპერაციო მოგების მაჩვენებელიც 28%-ის ფარგლებში მერყეობს. ექსკლუზიურობითა და მაღალი საფასო პოლიტიკით ცნობილი კომპანიის ფინანსურ წარმატებას პროდუქციაზე არსებული მუდმივი მოთხოვნა და მომხმარებელთა რიგები განაპირობებს. სხვა ბრენდებისგან განსხვავებით, Ferrari არ არის ჩართული ფასების ომში, არ აკეთებს ფასდაკლებებს და საერთოდაც არ ფიქრობს დიდი რაოდენობით ავტომობილების გაყიდვაზე, რადგან როგორც მისი შემქმნელი ენცო ფერარი ამბობდა, Ferrari ყოველთვის იშვიათი, ძვირი და ხელმიუწვდომელი უნდა იყო.
რეიტინგში მეორე პოზიციას გერმანული პრემიუმ-კლასის ბრენდი Porsche იკავებს, რომლის მოგების მარჟა 18%-ის ფარგლებშია. ასეთი მაღალი მოგების მაჩვენებელი მაღალტექნოლოგიური მოდელების პოპულარობითა და ძვირად ღირებული ინდივიდუალური მოდელების რეალიზაციით არის განპირობებული. Ferrari-ის მსგავსად, Porsche 911-ზე ყოველთვის იმაზე მაღალია მოთხოვნა, ვიდრე მიწოდებაა და სწორედ ეს დისბალანსი წარმოშობს კომპანიისთვის მაღალი მოგების მარჟის შენარჩუნების საშუალებას.
დედამიწის მეორე მხარეს, სამხრეთკორეული Kia და იაპონური გიგანტი Toyota მაღალ მოგებიანობას წარმოების ოპტიმიზაციითა და ხარჯების მკაცრი კონტროლით აღწევენ. Kia-ს მარჟა 12%-ს შეადგენს, რაც მოდელების წარმოების სიიაფეს უკავშირდება. რაც შეეხება Toyota-ს, წამყვანი ჰიბრიდული მოდელების პოპულარობის წყალობით, კომპანია 10%-იდან 13%-მდე მარჟას ინარჩუნებს, რაც ამ იაპონური ბრენდის მიმართ არსებული მუდმივი ინტერესით და ნდობით არის განპირობებული.
ამასთან, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი Tesla, რომლის მოგების მარჟაც 10%-დან 11%-მდე მერყეობს, სრულიად განსხვავებულ ბიზნესმოდელს იყენებს. საყურადღებოა, რომ კომპანია დილერების გარეშე, პირდაპირი გაყიდვების სისტემით მუშაობს და წარმოების ხარჯებს ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრაციით ამცირებს. Tesla-ს B2C გაყიდვების სტრატეგია იმდენად წარმატებულია, რომ ახლა მის დაკოპირებას სხვა კომპანიებიც ცდილობენ.
რეიტინგის ლიდერთა შორისაა გერმანული კონცერნი Mercedes-Benz-იც, რომლის მოგებიანობის მაჩვენებელი 10%-სა და 12%-ს შორის ფიქსირდება. ბრენდის სტრატეგია მაღალი კლასის ავტომობილების წარმოებას ეფუძნება, რომელთა მიმართ ყოველთვის არის ინტერესი და მოთხოვნა, რადგან ეს ისტორიაში ყველაზე ძველი ბრენდია, რომელმაც არც მეტი, არც ნაკლები - პირველი მსოფლიოში ავტომობილი შექმნა.
საავტომობილო ინდუსტრიაში მოგების მარჟა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფინანსურ ინდიკატორს წარმოადგენს, რომელიც ასახავს იმას, თუ გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის რა ნაწილი რჩება კომპანიას მოგების სახით. თუ კომპანიას მაღალი მარჟა აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ნაკლები რაოდენობის ავტომობილების გაყიდვით შეუძლია მაღალ მოგებაზე გასვლა და ინვესტორებზე დივიდენდის განაწილება.




























