გლობალურმა სავაჭრო და ენერგეტიკულმა კომპანიებმა, Vitol-მა და Trafigura-მ ინდოეთსა და ჩინეთში ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებთან ვენესუელური ნედლი ნავთობის გაყიდვაზე მოლაპარაკებები დაიწყეს. Reuters-ის ინფორმაციით, ტვირთის მიწოდება მარტში იგეგმება.
პარასკევს გლობალურმა სავაჭრო კომპანიებმა დაადასტურეს, რომ აშშ-ის მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწიეს, რათა ვენესუელაში დაგროვილი ნავთობის რეალიზაციას ხელი შეუწყონ. ამას წინ უძღოდა კარაკასის დროებითი მთავრობის თანხმობა აშშ-ში 50 მილიონამდე ბარელი ნედლი ნავთობის ექსპორტზე.
მათი ძალისხმევა ვენესუელური ნავთობის გაყიდვას დააჩქარებს, რაც OPEC-ის წევრ მწარმოებელს საშუალებას მისცემთ, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ჩამოგდების შემდეგ შეჩერებული ექსპორტი აღადგინოს.
სავაჭრო ფირმები ვენესუელური ნავთობის სწრაფად გასაყიდად გემების მობილიზებას ცდილობენ. Trafigura-ს აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ აშშ-ისთვის განკუთვნილ პირველ ტვირთს მიმდინარე კვირაში ჩატვირთავენ.
ორი წყაროს ცნობით, Vitol-ი ნავთობის გასაყიდად ინდურ სახელმწიფო ქარხნებს უკავშირდება. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ტრეიდერმა ერთ-ერთ ქარხანას ტვირთი ICE Brent-ის ფასთან შედარებით ბარელზე 8-8.5 დოლარის ფასდაკლებით შესთავაზა (მიწოდების პირობით).
კიდევ ერთი წყაროს ცნობით, Vitol-ი და Trafigura ტვირთების მიწოდებას აზიის ბაზრებს მარტის მეორე ნახევარში სთავაზობენ.
კვირას Vitol-მა აშშ-იდან ვენესუელაში ნაფტის პირველი ტვირთი გაუშვა.
ნაფტა ვენესუელური მძიმე ნედლი ნავთობის გასათხელებლად გამოიყენება, რაც მის ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას ამარტივებს.




























