მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელ დარგებს უკავიათ საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე დიდი წილი - რეიტინგი

საქართველო

საქსტატმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2024 წლის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა და მიმდინარე ფასებში 91.9 მილიარდ ლარს მიაღწია. საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე დიდ - 15%-იან წილს ვაჭრობის სექტორი იკავებს, მეორე პოზიციაზეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 9.9%-იანი წილით, მესამეზე კი დამმუშავებელი მრეწველობაა 9.3%-ით.

რაც შეეხება ზრდის ტემპებს - 2024 წელს პირველ ადგილზე 29.1%-იანი ზრდით იყო განათლების სექტორი, რომლის წვლილმაც მშპ-ში 4.6 მილიარდ ლარს მიაღწია. სავარაუდოდ, აღნიშნული მატება დაკავშირებულია სახელმწიფოს მხრიდან როგორც განათლების ბიუჯეტის ზრდით და სკოლების რეაბილიტაციით, ასევე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოსავლების მატებით, რაც უცხოელი სტუდენტების რაოდენობის მატებასთან არის დაკავშირებული. მეორე პოზიციას 24.3%-იანი ზრდის ტემპით იკავებს ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგი, რომელიც მათ შორის IT სექტორსაც მოიცავს. ამ სექტორის ზომამ გასულ წელს 5.1 მილიარდ ლარს მიაღწია. მესამე ადგილზე კი 17.9%-იანი ზრდის ტემპით არის სექტორი სახელწოდებით - სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება, რაც მთავრობის მიერ განხორციელებულ საქმიანობებსა და ოპერაციებს მოიცავს. ამ სექტორის წვლილმა მთლიან ეკონომიკაში 7%, ანუ 5.6 მილიარდი ლარი შეადგინა.

ეკონომიკის სექტორებიდან 2024 წელს კლება მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში დაფიქსირდა, რაც ძირითადად თბოსადგურების გამომუშავების შემცირებასთან იყო დაკავშირებული.

2024 წლის მდგომარეობით საქართველოს ეკონომიკის სექტორების ზომა და მათი ზრდის ტემპი ასე ნაწილდება:

ეკონომიკური საქმიანობის სახეები ეკონომიკის სექტორების ზომა 2024 წელს სექტორის ზრდა/კლების ტემპი 2024 წელს
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი 12.2 მილიარდი ლარი 6.7%
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 7.9 მილიარდი ლარი 1.7%
დამმუშავებელი მრეწველობა 7.5 მილიარდი ლარი 2.1%
მშენებლობა 6.7 მილიარდი ლარი 14.2%
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება 5.6 მილიარდი ლარი 17.9%
ინფორმაცია და კომუნიკაცია 5.1 მილიარდი ლარი 24.3%
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა 5.0 მილიარდი ლარი 4.4%
ტრანსპორტი და დასაწყობება 4.7 მილიარდი ლარი 8.3%
განათლება 4.6 მილიარდი ლარი 29.1%
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 4.2 მილიარდი ლარი 14.9%
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები 3.3 მილიარდი ლარი 8.1%
ხელოვნება, გართობა და დასვენება 3.3 მილიარდი ლარი 16.4%
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები 3.0 მილიარდი ლარი 7.5%
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 2.0 მილიარდი ლარი -8.3%
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები 1.9 მილიარდი ლარი 14.1%
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები 913 მილიონი ლარი 17.8%
სხვა სახის მომსახურება 790 მილიონი ლარი 1.1%
სამთომოპოვებითი მრეწველობა 720 მილიონი ლარი 7.4%
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები 593 მილიონი ლარი 9.0%
შინამეურნეობების როგორც დამქირავებლის საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის 95 მილიონი ლარი 4.1%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები