ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით ნიდერლანდებსა და ნორდიკულ ქვეყნებში, ველოსიპედები გადაადგილების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. ველოსიპედით გადაადგილება არა მხოლოდ ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს, არამედ ენერგიის დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა.
Euronews-მა ევროპის მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვების შედეგები გააერთიანა და იმ ქვეყნების რეიტინგი შემოგვთავაზა, სადაც ველოტრანსპორტი ყველაზე პოპულარულია. Eurobarometer-ის კვლევის თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეთა 8%-სათვის გადაადგილების მთავარი საშუალება მათ საკუთრებაში მყოფი ველოსიპედები და სკუტერებია. ნიდერლანდებში აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილების მთავარ საშუალებად მოსახლეობის 41% მიიჩნევს, შვედეთში 21%, ხოლო გერმანიაში - 15%.
TOP 10 ქვეყანა, სადაც მოსახლეობა მთავარ სატრანსპორტო საშუალებად ველოსიპედს ან სკუტერს იყენებს
- ნიდერლანდები - 41%
- შვედეთი - 21%
- გერმანია - 15%
- უნგრეთი - 14%
- ფინეთი - 13%
- დანია - 12%
- ბელგია - 12%
- ლატვია - 8%
- ავსტრია - 8%
- პოლონეთი - 7%
ევროკავშირის ქვეყნები, სადაც ველოტრანსპორტი მოსახლეობის 0%-ისთვისაა გადაადგილების მთავარი საშუალება, პორტუგალია და კვიპროსია.
რაც შეეხება ევროპის დედაქალაქებს, გადაადგილების საშუალებებში ველოსიპედის ყველაზე მაღალი წილი კოპენჰანგენზე მოდის, სადაც მოსახლეობის 49%-ისთვის ის მთავარი ტრანსპორტია. შემდეგ მოდის ამსტერდამი - 35%, ჰელსინკი - 14%, ბერლინი და ლუბლიანა კი 13%.
TOP 10 დედაქალაქი, სადაც ველოსიპედს გადაადგილების მთავარ საშუალებად მიიჩნევენ
- კოპენჰანგენი - 49%
- ამსტერდამი - 35%
- ჰელსინკი - 14%
- ბერლინი - 13%
- ლუბლიანა - 13%
- ზაგრები - 10.1%
- დუბლინი - 10%
- სტოკჰოლმი - 9%
- ვენა -7%
- პარიზი - 5%
პრაღაში, ტალინში, ვილნიუსში, ვარშავაში, ლისაბონში, ბუქარესტში, რომსა და მადრიდში ველოსიპედით გადაადგილებას სატრანსპორტო საშუალებათა წილის 1%-ზე ნაკლები უჭირავს.