2026 წლის რთველის ფარგლებში სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული შპს "მოსავლის მართვის კომპანია" მევენახეებისგან ყურძენს 20-ზე მეტ ლოკაციაზე, კახეთის სხვადასხვა ღვინის ქარხანასთან გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე იბარებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თანახმად, 29 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში 113,5 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული.
აღნიშნული მომსახურებისთვის, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულმა კომპანიამ სექტემბერში სხვადასხვა ღვინის ქარხანასთან 9,1 მილიონი ლარის კონტრაქტები გააფორმა. მათ შორის ყველაზე დიდი კონტრაქტები გააფორმა ჯგუფ Bolero-ს შემადგენლობაში არსებულ კომპანიებთან, უშუალოდ Bolero-სთან 200,000 ლარის ოდენობით, ხოლო მის შვილობილებთან "უნივერსალ სპირტთან" 600,000 ლარის და "გრუზვინპრომთან" 1.2 მილიონი ლარის ოდენობით. ასევე მსხვილი - 1 მილიონი ლარის კონტრაქტი გააფორმა "დუგლაძეების ღვინის კომპანიის" შვილობილთან - "კოტეხი გურჯაანის ღვინის" ქარხანასთან.
მოსავლის მართვის მიერ რთველის ჩაბარებისთვის გაფორმებული კონტრაქტებია:
| მიმწოდებელი | თანხა (GEL) |
| შპს ნაფარეული 1890 | 400,000 |
| შპს ქინძმარაული | 150,000 |
| სს ახმეტის ღვინის ქარხანა | 500,000 |
| შპს წინანდალი - XXI საუკუნის საუკეთესო ღვინოები | 300,000 |
| შპს ვაინ კახეთი | 600,000 |
| სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა | 1,000,000 |
| შპს შვიდი ვაინ | 31,500 |
| შპს ქინძმარაული ვაინ | 200,000 |
| შპს ყვარლის სარდაფი | 500,000 |
| შპს ჩი-ე ენოლოჯიკა | 14,560 |
| შპს Bolero & Company | 200,000 |
| შპს რაჭული ღვინო | 400,000 |
| შპს მეღვინეობა კაჭრეთი | 1,000,000 |
| შპს გრუზვინპრომი | 1,200,000 |
| შპს უნივერსალ სპირიტს | 600,000 |
| შპს ხაოს მარანი | 400,000 |
| სს ჭანდარი ღვინის ქარხანა | 400,000 |
| შპს ბერიკა | 200,000 |
| შპს ასკანელი ძმები | 500,000 |
| შპს ბონი | 300,000 |
| შპს ზედაშე | 200,000 |
გასული კვირის დასაწყისში კახეთში მევენახეთა საპროტესტო აქციების ფონზე, მთავრობამ ჭარბი და არაკონდიციური ყურძნის შესასყიდი ფასები გაზარდა და შაქრიანობის მოთხოვნები შეამცირა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან მეხუზლას თქმით, გადაწყვეტილება უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების გამო მიიღეს, რათა არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს. ახალი ტარიფები და პირობები:
- მაღალკონდიციური ყურძენი: aßaსაფერავი (20%-დან ზემოთ) — 1.50 ლარი; რქაწითელი და სხვა (19%-დან ზემოთ) — 1.30 ლარი (შაქრიანობის ზღვარი 1%-ით შემცირდა).
- დაბალკონდიციური ყურძენი: საფერავი (16-20%) — 1.00 ლარი; რქაწითელი და სხვა (16-19%) — 0.90 ლარი (ფასი გაიზარდა 10 თეთრით).
- 16%-ზე დაბალი შაქრიანობის ყურძენი: ფასი გაიზარდა 50 თეთრამდე (ნაცვლად 30 თეთრისა).
2026 წელს კახეტში 320,000 ტონის მოსავალს პროგნოზირებენ. გასულ წელს სახელმწიფო კომპანიას რთველის სუბსიდირება 246 მილიონი ლარი დაუჯდა.
























