საქართველოს დასაქმების ბაზარზე IT და ტექნოლოგიების სექტორი კვლავ წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს, თუმცა ბოლო პერიოდში გარკვეული ტრანსფორმაცია ამ მიმართულებითაც შეინიშნება. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანიის Insource მმართველმა პარტნიორმა მედეა ტაბატაძემ განაცხადა.
ტაბატაძის თქმით, ხელოვნური ინტელექტის შემოსვლამ ზოგადი მოთხოვნა შეცვალა, პროგრამირების მიმართულებით. „შესაბამისად, ზოგიერთი მიმართულება, როგორიცაა მარტივი კოდის შექმნა, დღეს უკვე AI-ს საშუალებით უფრო მარტივად ხდება, ამიტომ ანაზღაურება ამ სფეროში დასტაბილურდა. თუმცა მზარდი მოთხოვნა რჩება უფრო კომპლექსურ პროფესიებზე, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტის ინჟინერია და მონაცემთა ანალიტიკა“, - განმარტავს ის.
მედეა ტაბატაძის განმარტებით, ტექნოლოგიების სექტორში მაღალი მოთხოვნა რჩება ასევე ბიზნეს-ანალიტიკოსებზე, რადგან კომპანიები აქტიურად ტრანსფორმირდებიან და ეძებენ ავტომატიზაციის შესაძლებლობებს.
გარდა ამისა, პროფესიონალები კვლავ მოთხოვნადია ფინანსურ სექტორშიც, განსაკუთრებით ციფრული გაყიდვების, ციფრული მარკეტინგისა და მომხმარებლის გამოცდილების (UX) სფეროში. „ზოგადად, დასაქმების ბაზარი ძალიან ციკლურია. მაღალი მოთხოვნაა ციფრულ ანალიტიკოსებსა და მომხმარებლის გამოცდილების დიზაინერებზე, რაც მიუთითებს ტრანსფორმაციის პროცესში ბიზნესის სწრაფად ადაპტირებაზე“, - აღნიშნავს ტაბატაძე.
მისი ინფორმაციით, სამედიცინო სფეროშიც შესამჩნევი ზრდაა - მოთხოვნაა არა მხოლოდ მედდებზე, არამედ ფარმაცევტებზეც, რაც დამატებით ხაზს უსვამს დასაქმების ბაზრის მრავალფეროვნებასა და ციკლურ ბუნებას.
ტაბატაძის შეფასებით, მოთხოვნა სხვადასხვა პროფესიებზე განაპირობებს კონკურენციას როგორც ანაზღაურებაზე, ისე სამუშაო გარემოსა და პირობებზე. „რაც უფრო მაღალია მოთხოვნა და ვერ მისდევს მიწოდება, იზრდება ანაზღაურება, რადგან კომპანიები პროფესიონალებს შეეცდებიან თავისთან მიიზიდონ“, - ამბობს ის.




























