მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქალაქებში აბალანსებენ ცხოვრებას და მუშაობას ყველაზე კარგად?

6412ccd66c406
მარიამ იზორია
17.03.23 00:00
763
გამოცემა ფორბსმა იმ ქალაქების რეიტინგი შეადგინა, სადაც დასაქმებულების კეთილდღეობა უმაღლეს საფეხურზე დგას. გამოცემამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 128 დიდი ქალაქი მიმოიხილა და 2023 წლის მუშაობისა და ცხოვრების ბალანსის ინდექსი შეადგინა.

ქალაქების რეიტინგის შედგენისას მსოფლიო ბედნიერების ინდექსი, გენდერული უთანასწორობის ინდექსი, საშუალო სამუშაო საათები, ანაზღაურებადი შვებულება, დისტანციური და ჰიბრიდული სამუშაოს პროპორცია, დეკრეტული შვებულების პოლიტიკა, უმუშევრობის დონე და სხვა ფაქტორები გაითვალისწინეს. ქალაქი სადაც ადამიანები საუკეთესოდ ახერხებენ ცხოვრების და მუშაობის ბალანსს კოპენჰაგენია.

ის რომ კოპენჰაგენი ცხოვრების მაღალი დონით გამოირჩევა, ამას ქალაქის ინფრასტრუქტურა, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მწვანე სივრცეების სიჭარბე მოწმობს.

ფორბსის მიხედვით, კოპენჰაგენის მოსახლეობა თავისი ცხოვრების წესით არის ცნობილი, უფრო კონკრეტულად ქალაქის მოსახლეობა საკუთარ თავსა და სხვებზე ზრუნვისთვის საკმაოდ დიდ დროს გამოყოფს, ამასთან, როგორც აღმოჩნდა ისინი არც ხშირ დასვენებას ერიდებიან. რეიტინგში კოპენჰაგენის ლიდერ პოზიციას ხსნის ის ფაქტიც რომ, დანიის დედაქალაქში მდებარე კომპანიების უმრავლესობა თანამშრომლებს მოქნილ სამუშაო საათებს და წლიურად მინიმუმ 5 კვირიან შვებულებას სთავაზობს. დეკრეტული შვებულება კი ორივე მშობლისთვის 52 კვირის ოდენობით განისაზღვრება. აღსანიშნავია ისიც, რომ კოპენჰაგენში უმუშევრობის დონეც ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით დაბალია.

ათეულში მეორე ადგილს ჰელსინკი იკავებს. ჰელსინკის მოსახლეობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, ამასთან ის ფაქტი რომ ფინეთის დედაქალაქში საუკეთესოდ ახერხებენ ცხოვრების და მუშაობის ბალანსს იმითაც აიხსნება, რომ ქალაქს მსოფლიოს ბედნიერების ინდექსში პირველი ადგილი უკავია. ცნობილია, რომ ფინელი დამსაქმებლები შვებულების კუთხით საკმაოდ გულუხვნი არიან და კომპანიების უმრავლესობა თანამშრომლებს წლიურად 5 კვირიან შვებულებას აძლევს. გარდა ამისა ჰელსინკში მდებარე კომპანიები გამოირჩევიან თანამშრომლებისთვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზებითაც. ჰელსინკში კერძო სექტორის მიერ გამოცხადებული ვაკანსიების უმრავლესობა სწორედ დისტანციურ სამუშაოებს მოიცავს.

ფორბსის რეიტინგის მიხედვით, ცხოვრების და მუშაობის ბალანსის კარგ შესაძლებლობას იძლევიან სტოკჰოლმში მდებარე კომპანიებიც. შვედ თანამშრომლებს უფლება აქვთ მინიმუმ 25 დღიანი წლიური შვებულებით ისარგებლონ, სტოკჰოლმშიც, მსგავსად ჰელსინკისა სამუშაოების 46% დისტანციური ან ჰიბრიდულია. შვედი დამსაქმებელი გამოირჩევა გულუხვი დეკრეტული შვებულებით, სტოკჰოლმში მშობლებს უფლება აქვთ ბავშვის დაბადებისას 480 დღემდე ანაზღაურებადი შვებულება მიიღონ, თითოეულ მშობელს ანუ ბავშვის როგორც დედას, ასევე მამას 240 დღიანი ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება შეუძლია.

ფორბსის რეიტინგში კიდევ ერთი სკანდინავიური ქვეყანა მოხვდა. კერძოდ, რეიტინგში მეოთხე ადგილი ქალაქმა ოსლომ დაიკავა. იმის მიუხედავად, რომ ნორვეგიის დედაქალაქში ცხოვრება არც ისე იაფია, ამის კომპენსირებას მაღალი ხელფასები და ცხოვრების მაღალი ხარისხი ახდენს. ოსლოში არსებული კომპანიები თანამშრომლებს მოქნილ სამუშაო საათებს სთავაზობენ, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას ცხოვრების და მუშაობის უკეთესად დააბალანსონ. ინფორმაციისთვის: მსოფლიო ბედნიერების ინდექსში ოსლო მეექვსე ადგილს იკავებს.

ევროპის მიღმა პირველი ქალაქი, რომელიც რეიტინგის ათეულში მოხვდა ოკლენდია. Მან რეიტინგში მეხუთე ადგილი დაიმკვიდრა. კვლევის თანახმად, ქალაქის მშვიდი ატმოსფერო ოკლენდს საცხოვრებლად კომფორტულ და სასიამოვნო ადგილად აქცევს. ქალაქის ეკონომიკა დასაქმების ფართო შესაძლებლობას იძლევა. ოკლენდში თანამშრომლები კვირაში საშუალოდ 26 საათს მუშაობენ, რაც იმას ნიშნავს რომ ქალაქის სამუშაო ძალას სამსახურის მიღმა დასასვენებლად არც თუ ისე მცირე დრო რჩებათ. ოკლენდში სრულ განაკვეთზე დასაქმებულებს უფლება აქვთ წლიურად 4 კვირიანი ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლონ, ამასთან 11 დღესასწაულზე დაისვენონ.

შვედეთის სიდიდით მეორე ქალაქი გეტებორგი აღმოჩნდა, რომ შესანიშნავი ადგილი პირდაი და პროფესიული ცხოვრების დასაბალანსებლად. რეიტინგის მეექვსე ადგილოსანი ქალაქი დასაქმებულებს წლიურად 25 დღიან ანაზღაურებად შვებულებას სთავაზობს. ქალაქში მდებარე კომპანიები მოქნილი სამუშაო პირობებით გამოირჩევიან. გეტებორგში, მსგავსად სხვა ჩამოთვლილი ქალაქებისა ვაკანსიების 42% დისტანციურ და ჰიბრიდულ სამუშაოებზე მოდის.

შვედეთის შემდგომ ისლანდიაში უნდა გადავინაცვლოთ. ისლანდიის მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს ცხოვრების და მუშაობის დაბალანსებას.

შედეგად, ქვეყნის დედაქალაქ რეიკიავიკში ბევრმა კომპანიამ მიიღო მოქნილი სამუშაო მოდელი, რაც თანამშრომლებს აძლევთ საშუალებას უფრო მეტი თავისუფალი დრო ჰქონდეთ. რეიკიავიკში დასაქმებულებს უფლება აქვთ წლიურად 24 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება და 12 უქმე დღე გამოიყენონ. კვლევამ დაამტკიცა, რომ დისტანციური მუშაობით ადამიანები ცხოვრების და მუშაობის უკეთ ბალანსს ახერხებენ ამას მოწმობს ისიც, რომ რეიკიავიკშიც ვაკანსიების 46% დისტანციურ სამუშაო მოდელს ითვალისწინებს.

ათეულში მოხვდა ავსტრიის დედაქალაქი ვენაც. ეს ქალაქი ზოგადად სოციალური მომსახურებების, ჯანდაცვისა და განათლების მაღალი დონით გამოირჩევა, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობას. ვენის მოსახლეობას საშუალოდ წლიურად 5 კვირიანი უფასო შვებულება ეკუთვნით, ვენა უმუშევრობის დაბალი დონითაც გამოირჩევა. უფრო კონკრეტულად ავსტრიის დედაქალაქში უმუშევრობის დონე 2.3%-ს შეადგენს.

ედინბურგი დიდი ბრიტანეთის პირველი ქალაქია, რომელიც იმ ქალაქების ათეულში მოხვდა, სადაც ცხოვრებას და მუშაობას საუკეთესოდ აბალანსებენ. მდიდარი კულტურით გამორჩეული შოტლანდიის დედაქალაქი სხვა ქალაქების მსგავსად, მოსახლეობას საკმაოდ კარგ წლიურ ანაზღაურებად შვებულებას უწესებს. უფრო კონკრეტულად, ქალაქში დასაქმებულები წელიწადში 28 დღიანი შვებულებით სარგებლობენ. რაც შეეხება დეკრეტულ შვებულებას, სრული განაკვეთით მუშაობის შემთხვევაში, კომპანიები 39 კვირას ანაზღაურებენ.

ბოლო ქალაქი, რომელიც რეიტინგში მოხვდა ბელფასტია. ფორბსის მიერ შედგენილ ათეულს სწორედ ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქი, აგვირგვინებს. ქალაქი ძლიერი ეკონომიკით და სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური სექტორით გამოირჩევა, მათ შორის ამ ქალაქში დამსაქმებლების უმრავლესობა სწორედ ტექკომპანიები არიან. ბელფასტში ცხოვრებაც საკმაოდ იაფი ჯდება, ამასთან ამ ქალაქში დაბალია უძრავი ქონების ფასიც. ბელფასტში არსებული კომპანიები გამოირჩევიან იმით, რომ ისინი თანამშრომლებს ხანგრძლივი დეკრეტული შვებულების გამოყენების შესაძლებლობას აძლევენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები