მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელ ქვეყანას აქვს ყველაზე მეტი აქტიური ბირთვული რეაქტორი? - TOP 5

ატომური რეაქტორი

დღეს, როცა მსოფლიო კლიმატის ცვლილებებსა და საწვავის არასტაბილურ ფასებს ებრძვის, ბირთვული ენერგია კვლავ პოპულარული ხდება. ის ელექტროენერგიის საიმედო წყაროა, რომელიც თითქმის არ აბინძურებს ჰაერს და სუფთა ენერგიაზე გადასვლის პროცესში მნიშვნელოვან როლსაც ასრულებს.

2026 წლის თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში 437 ატომური ელექტროსადგური მუშაობს, თუმცა მათი გეოგრაფიული განაწილება არათანაბარია და ამ სფეროში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა ლიდერობს.

Statista-ს უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ 5 ქვეყანას, რომლებსაც ყველაზე მეტი მოქმედი ატომური რეაქტორი აქვთ.

1. ამერიკის შეერთებული შტატები 94 ელექტროსადგურით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ბირთვული ენერგია კი ქვეყნის ელექტროენერგიის დაახლოებით 20%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ყველაზე მეტი რეაქტორი აქვს, მათი უმეტესობა ძველი, 1970-90-იან წლებში აშენებულია, რადგან მას შემდეგ ახალი სადგურების აშენება დიდ ხარჯებთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული. მთავრობა არსებული სადგურების შესანარჩუნებლად და ახალი, მცირე ზომის თანამედროვე რეაქტორების განვითარებისთვის ახლა მილიარდობით დოლარს ხარჯავს.

2. ჩინეთში, რომელიც მეორე ადგილზეა, 60 ბირთვული რეაქტორი მოქმედებს. ქვეყანამ თავისი ბირთვული ენერგეტიკა განსაკუთრებით ბოლო 20 წლის განმავლობაში განავითარა.

ჩინეთის მიზანია, დააკმაყოფილოს თავისი მზარდი ეკონომიკის მოთხოვნები და ამავდროულად, შეამციროს ჰაერის დამაბინძურებელი ნახშირის მოხმარება. ჩინეთი მსოფლიო ახალი რეაქტორების მშენებლობით ლიდერობს – ამჟამად იქ 20-ზე მეტი ახალი სადგური შენდება, რისთვისაც მთავრობამ რეგულაციები გაამარტივა.

3. მართალია 57 რეაქტორით ქვეყანამ მესამე ადგილზე ჩამოინაცვლა, მაგრამ საფრანგეთი ბირთვულ ენერგიაზე მსოფლიოში ყველაზე მეტად არის დამოკიდებული. ის ქვეყნის ელექტროენერგიის 65-70%-ს უზრუნველყოფს. ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში 1970-იანი წლების ნავთობის კრიზისის შემდეგ მიიღეს, რათა სხვა ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულება შეემცირებინათ. საფრანგეთის მთავრობა ახალი თაობის სულ მცირე 6 რეაქტორის აშენებას და არსებული ობიექტების სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებას გეგმავს.

4. რუსეთს ბირთვული ენერგიის დიდი ისტორია აქვს. დღესდღეობით, აქ მოქმედი 34 რეაქტორი ქვეყნის ელექტროენერგიის დაახლოებით 20%-ს გამოიმუშავებს. ქვეყნის შიგნით რუსეთი ძველ საბჭოთა რეაქტორებს ახლით ანაცვლებს. მათ ასევე შექმნეს მსოფლიოში პირველი მცურავი ატომური ელექტროსადგური, რომელიც ენერგიას არქტიკის შორეულ რეგიონებს აწვდის. რუსული სახელმწიფო კომპანია "როსატომი" საერთაშორისო დონეზეც ლიდერობს – იგი ათობით რეაქტორს აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში აშენებს, რაც რუსეთს სხვა ქვეყნებზე დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენას აძლევს.

5. იაპონია მე-5 ადგილზეა 33 მოქმედი რეაქტორით, თუმცა ეს რიცხვი სრულ სურათს ბოლომდე ვერ ასახავს. 2011 წლამდე ბირთვული ენერგია იაპონიის ელექტროენერგიის 30%-ს შეადგენდა. 2011 წელს მომხდარმა მიწისძვრამ, რამაც ფუკუშიმას ელექტროსადგურის დაზიანება და აფეთქებები გამოიწვია, ქვეყანაში ყველაფერი შეცვალა. მაშინ უსაფრთხოების მიზნით ყველა სადგური შესამოწმებლად გააჩერეს. დღეს ოფიციალურად "მუშა მდგომარეობაში" 33 რეაქტორია, მაგრამ რეალურად მკაცრი შემოწმება მხოლოდ ათამდე მათგანმა გაიარა და განაგრძო მუშაობა. თუმცა, იმ ფონზე, რომ უცხოური საწვავის იმპორტი გაძვირდა, იაპონიის მთავრობამ გაჩერებული რეაქტორების ამუშავების დაჩქარება გადაწყვიტა.

ხუთეულზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ვიდრე დასავლეთის ქვეყნები ძველი სადგურების განახლებაზე არიან კონცენტრირებული, რუსეთი გავლენის გაძლიერებაზე ზრუნავს, იაპონია ატომურ ენერგიას ფრთხილად უბრუნდება, ჩინეთი კი იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ მალე შესაძლოა მოქმედი რეაქტორების რაოდენობით ამერიკასაც გადაუსწროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები