გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, ესტონეთის ელჩი საქართველოს მიმდინარე კვირაში დატოვებს და საქმიანობას სომხეთში, ახლად გახსნილ საელჩოში გააგრძელებს.
საქართველოში ელჩი არ ჰყავს აშშ-საც და ხელისუფლების მხრიდან არაერთი საჯარო განცხადებისა ორმხრივი ურთიერთობების გადახედვაზე, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას საქართველოში ელჩი არც კი დაუნიშნავს.
BMG დაინტერესდა რომელ ქვეყნებს არ ჰყავთ ელჩი საქართველოში და რა მიზეზით.
დავიწყოთ ესტონეთით. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის თებერვალში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი საქართველოდან სომხეთში გადაჰყავს. აქამდე ორივე ქვეყანას სომხეთსა და საქართველოს ერთი ელჩი ფარავდა, რომლის რეზიდენციაც თბილისში იყო.
თბილისში ესტონეთის საელჩოს დროებითი საქმეთა რწმუნებული უხელმძღვანელებს და უცნობია როდის დანიშნავს ესტონეთის მთავრობას საქართველოში ელჩს. ელჩის სომხეთში გადაყვანის გადაწყვეტილება როგორც აღვნიშნეთ, ორ ქვეყანას შორის გაუარესებულ ურთიერთობას უკავშირდება.
"თუ მეკითხებით, ჩემი წასვლის ფაქტი ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას, რა თქმა უნდა, ეს ასახავს. ამის დამალვა არ შემიძლია",- უთხრა "ინტერპრესნიუსს" მარდისალუ-კაჰარმა. მანამდე ესტონეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გამოცხადებული მხარდაჭერის გამო.
აშშ
აშშ-ის უკვე ყოფილი ელჩი რობინ დანიგანი რომ ქვეყანას ტოვებდა ეს ინფორმაცია საელჩომ 2025 წლის ივნისში გაავრცელა. ელჩის განცხადებით, საქართველოს დატოვება პირადი გადაწყვეტილებაა და ახალ ადმინისტრაციას მისი გაწვევა არ მოუთხოვია.
საქართველოდან გამგზავრებამდე მან "რადიო თავისუფლებას" მისცა ინტერვიუ, სადაც გააკრიტიკა ხელისუფლება და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი პირად ინტერესებს ქვეყანაზე მაღლა აყენებს.
ჯო ბაიდენმა დანიგანის კანდიდატურა 2023 წლის თებერვალში წარადგინა. იმავე წლის ივლისში მას სენატმა მხარი დაუჭირა, საქართველოში საქმიანობას კი 2023 წლის ოქტომბრიდან შეუდგა. დანიგანის შემდეგ კი ტრამპის ადმინისტრაციას ახალი ელჩი არ დაუმტკიცებია.
უკრაინა
უკრაინას საქართველოში ელჩი 2022 წლიდან არ ჰყავს. ელჩის გაწვევის მიზეზი ომის დაწყების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამწვავება იყო. მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის იანვარში უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დანიშნა, ის ამ დრომდე საქართველოში არ ჩამოსულა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის მთავრობის მოთხოვნით, საქართველოს ელჩს უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილსაც მოუწია ქვეყნის დატოვება.
საქართველოს ხელისუფლებასთან გაუარესებული ურთიერთობების გამო დროებით გაწვეული ჰყავდა ელჩი გერმანიასაც, რაც ორი ქვეყნის ისტორიაში პირველად მოხდა. გასული წლის ბოლოს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ X-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გამოიძახეს, იმის გადასაწყვეტად თუ როგორ გააგრძელონ მოქმედება. „უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს მთავრობა ეწევა ევროკავშირის, გერმანიის და პირადად საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საწინააღმდეგო აგიტაციას".
მანამდე ფიშერი ესტონეთის ელჩის მსგავსად, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც "ვენის კონვენცია" განუმარტეს და გამოხატეს შეშფოთება ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისა და სასამართლო პროცესების პოლიტიზების მცდელობებზე, მათ შორის ელჩების მონაწილეობაზე ამ პროცესებში. ფიშერმა ჟურნალისტებთან სანქციად შეაფასა ქართული მხარის ქმედება. აღსანიშნავია ის, რომ ელჩი კრიტიკულია მთავრობის პოლიტიკის მიმართ. ხელისუფლების წარმომადგენლებიც აკრიტიკებენ პეტერ ფიშერს და გერმანია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებაში სდებენ ბრალს.




























