მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებს ირჩევენ სამოგზაუროდ ქართველები?

643cecda9e92d
მარიამ იზორია
17.04.23 11:50
1337
გასული წლის განმავლობაში, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1 მილიონ 700 ათასი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3.2-ჯერ მეტია. საქსტატის მონაცემებით, ამ პერიოდში საქართველოდან განხორციელებული ტურისტული ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და რუსეთზე მოდის. 2022 წელს თურქეთში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 941 400 შეადგინა, რუსეთის მიმართულებით კი ვიზიტების რაოდენობა 247 400-ია.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1 მილიარდ 800 მილიონ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე გაწეულმა საშუალო ხარჯმა დაახლოებით 1 078 ლარი შეადგინა.

ქართული ტურისტული კომპანიები აცხადებენ, რომ ქართველებისთვის 2023 წელსაც ერთ-ერთი პოპულარული სამოგზაურო მიმართულება კვლავ თურქეთი იქნება და ჯავშნები უკვე აქტიურად ხორციელდება. თურქეთთან ერთად მოთხოვნაა ეგვიპტეზე, რაც გასულ წელს არ ფიქსირდებოდა. რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში, მას შემდეგ რაც ავიაკომპანია Wizzair-მა ფრენები განაახლა, ქართველები ტურებს ევროპის ქვეყნებშიც გეგმავენ.

„წელს გასული წლის მსგავსად, მოთხოვნად მიმართულებებს შორის კვლავ თურქეთია. 2023 წლის ზაფხულის სეზონისთვის ეგვიპტეც დაემატა, გასულ სეზონზე ეგვიპტის მიმართულება აქტიური არ იყო და თურქეთზე მაღალი მოთხოვნა ამითაც აიხსნება. წელს მონაცემები განაწილდება, მოგზაურების 2/3 არჩევანს კვლავ თურქეთზე გააკეთებს, 1/3 კი ეგვიპტეში იმოგზაურებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც Wizzair-მა ფრენები აღადგინა, ქართველი დამსვენებლისთვის ევროპაც მოთხოვნადი მიმართულება იქნება“ - აღნიშნავს “Check in Travel“-ის დირექტორი.

რაც შეეხება შიდა ტურიზმს, როგორც ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, ქართველი დამსვენებლის მხრიდან მოთხოვნა არ გაზრდილა, მეტიც, ხშირ შემთხვევაში შიდა მოგზაურობის ფასები, სხვა ქვეყნებში გამგზავრების ფასებს აღემატება, შესაბამისად, ქართველი დამსვენებელი უპირატესობას უცხოეთში მოგზაურობას ანიჭებს.

“შიდა ტურიზმთან დაკავშირებით განსაკუთრებული ცვლილებები არ ფიქსირდება. ქართველი დამსვენებელი წელს საზღვარგარეთ მოგზაურობას ამჯობინებს, მით უმეტეს მაშინ, როცა შიდა ტურიზმის ფასები გაზრდილია და, როცა მომხმარებელს ბათუმში დასვენება მონაკოს ფასი უჯდება, საქართველოში მოგზაურობა აღარ უღირს” - აღნიშნავს “თრეველ ფაის” დამფუძნებელი გიორგი მელიქიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები