მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელ ქვეყნებში და რამდენი დაიხარჯება ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე?

ღვინის ექსპორტი

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის სხვადასხვა კომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმება დაიწყო.

BMG დაინტერესდა, რამდენს ხარჯავს 2026 წელს სხვადასხვა ქვეყანაში სააგენტო იმისთვის, რომ ქართული ღვინის გაყიდვები და ცნობადობა გაიზარდოს.

დიდი ბრიტანეთი

ღვინის ეროვნულმა სააგენტო 800 ათას ლარზე მეტის (220 749 ფუნტი) დახარჯვას აპირებს დიდ ბრიტანეთში. უწყებამ ტენდერის გარეშე, სარეკლამო-მარკეტინგული მომსახურების მისაღებად უკვე გაუფორმა ერთწლიანი ხელშეკრულება SWIRL WINE GROUP LTD-ის.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანია ვალდებულია სააგენტოს სხვადასხვა ტიპის მომსახურება გაუწიოს, მათ შორის არის ღვინის გამოფენა CEE WINE FAIR-ში ქართული ღვინის მონაწილეობის უზრუნველყოფა. ასევე, უნდა ჩაატაროს ქართული ღვინის დეგუსტაციები ადგილობრივი მედიისა და კომერციული სექტორის (ბაიერები, იმპორტიორები, HoReCa) წარმომადგენლებისთვის.

კომპანია ასევე ვალდებულია საერთაშორისო გამოფენა London Wine Fair 2026-ის ფარგლებში კომერციულ პირებთან (იმპორტიორები, ბაიარები, სომელიები) და მედიის წარმომადგენლებთან ქართული ღვინის სტენდზე არანაკლებ 8 შეხვედრა და 3 დეგუსტაცია/მასტერკლასი ჩაატაროს. ეს ღონისძიება 18-20 მაისს არის დაგეგმილი.

ამას გარდა, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ SWIRL WINE GROUP LTD-ის დაავალა ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვების მოცულობისა და ღირებულების დასადგენად ბაზრის კვლევა ჩაატაროს. კვლევა განსაზღვრავს კონკურენტებს, გაყიდვის არხებსა და არსებულ გამოწვევებს ასევე, დაადგენს მომხმარებლის დამოკიდებულებას ქართული ღვინის მიმართ და სამომავლო გაყიდვების პროგნოზს გააკეთებს.

SWIRL WINE GROUP LTD-ი ასევე ვალდებულია ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები და ადგილობრივი იმპორტიორები ერთმანეთს დააკავშიროს. ბრიტანულმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება მიმდინარე წლის დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს.

გერმანია

უფრო მეტს - დაახლოებით 2.5 მლნ ლარს (829 496 ევრო) დახარჯავს სააგენტო გერმანიაში ქართული ღვინის პოპულარიზებაში. სააგენტომ ამ მიზნით კომპანია FF.K. PUBLIC RELATIONS GMBH-ს ხელშეკრულება 23 თებერვალს გაუფორმა.

ხელშეკრულების ფარგლებში FF.K. PUBLIC RELATIONS GMBH-მა შემდეგი ღონისძიებების ჩატარება უნდა უზრუნველყოს:

  • გერმანიაში ქართული ღვინის შესახებ მედიასთან კომუნიკაცია;
  • ღვინის ტურების ორგანიზება საქართველოში;
  • გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ქართული ღვინის შესახებ სემინარების, შეხვედრების, პრეზენტაციების, მასტერკლასების და დეგუსტაციების ორგანიზება;
  • გერმანიის ბაზარზე არსებულ ღვინის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გერმანელ ინფლუენსერსა და გერმანულ მედიასთან თანამშრომლობა;
  • გერმანიის ღვინის მაღაზიებთან, საცალო და სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობა;

იაპონია

იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე დაახლოებით 270 ათასი ლარის (100 ათასი დოლარი) დახარჯვას გეგმა სააგენტო. ამ მიზნით უწყებამ მიმდინარე წლის თებერვალში RED BRIDGE CO LTD-თან ხელშეკრულებაც გააფორმა. დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წელს კომპანიამ ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ სარეკლამო კამპანიის წარმართვა და გარკვეული ღონისძიებების მათ შორის, სემინარებისა და დეგუსტაციების მოწყობა უნდა უზრუნველყოს.

აშშ

სააგენტო დაახლოებით 1.3 მლნ ლარის (485 000 დოლარი) დახარჯვას გეგმავს აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზებაში. თებერვალში კომპანია COLANGELO AND PARTNERS-თან გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანია ვალდებულია, რომ მიმდინარე წლის ნოემბრამდე უზრუნველყოს აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში ქართული ღვინის შესახებ სემინარების, დეგუსტაციების და მასტერკლასების ჩატარება. ამას გარდა, კომპანიამ ქართული ღვინო გამოფენებშიც უნდა წარადგინოს, მათ შორის, Food & Wine Classic Aspen-სა და Boston Wine Expo-ში .

აშშ-თან დაკავშირებით კიდევ ერთი 570 ათასი ლარის (211 000 დოლარი) ხელშეკრულება გაფორმდა ამერიკულ ბაზარზე ღვინის პოპულარიზების ხელშეწყობაზე GLODOW NEAD COMMUNICATIONS-თან. აღნიშნულ კომპანიას მარკეტინგულ კამპანიასთან ერთად ევალება ღვინის არანაკლებ სამი ტურის ორგანიზება საქართველოში. GLODOW NEAD COMMUNICATIONS-მა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება 2026 წლის დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს.

პოლონეთი

პოლონეთი, სადაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ქართული ღვინო იყიდება, მარკეტინგულ კამპანიაზე სააგენტომ მიმდინარე წლის თებერვალში PEOPLE PR SP. Z O.O-თან 766 ათას ლარზე მეტი (247 590 ევრო) ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ სარეკლამო კამპანიის წარმოება სოციალური მედიის საშუალებით, ასევე პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში ქართული ღვინის შესახებ დეგუსტაციები, მასტერკლასები და სემინარები უნდა ჩატარდეს.

ამას გარდა, კომპანია ვალდებულია ოქტომბერში ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებისთვის არანაკლებ 1 საათიანი ხანგრძლივობის სემინარის „როგორ შევიდეთ პოლონეთის ღვინის ბაზარზე“-ს ჩაატაროს.

ჩინეთი

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 18 მარტს MEIBURG WINE MEDIA LTD-თან დაახლოებით 450 ათასი ლარის (166 600 დოლარი) ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიზანიც ქართული ღვინის ჩინურ ბაზარზე პოპულარიზების ხელშეწყობაა.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია ეფუძნება 2026 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით გაფორმებულ ხელშეკრულებებს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნდა.

მარკეტინგული კამპანიების მიუხედავად, ქართული ღვინის დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე კვლავ მაღალია და 60%-ს აჭარბებს. 2026 წლის იანვარ-თებერვლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჯამურად, საზღვარგარეთ 32 მლნ დოლარის ღირებულების 10 511 807 ლიტრი ღვინო გაიყიდა. ღვინის ექსპორტი წლიურად თითქმის 10%-ით გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით, ღვინის გაყიდვებმა ძირითადად რუსეთში იმატა.

ქართული ღვინის TOP-10 საექსპორტო ქვეყანა:

  • რუსეთი - $21 მლნ;
  • პოლონეთი - $2.7 მლნ;
  • უკრაინა - $1.4 მლნ;
  • ჩინეთი - $1.1 მლნ;
  • გერმანია - $996 ათასი;
  • ლატვია - $755 ათასი;
  • აშშ - $744 ათასი;
  • ყაზახეთი - $480 ათასი;
  • ლიეტუვა - $364 ათასი;
  • ბელარუსი - $337 ათასი;

ამ პერიოდში, საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 3 დოლარი იყო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები