ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა კორეის რესპუბლიკის დედაქალაქში გაიმართა.
წარდგენა სააგენტოს მხარდაჭერით და მისი კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის „Wine21.com” ორგანიზებით შედგა.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, აზიის რეგიონში კორეის რესპუბლიკა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება იმართება.
"სეულში გამართული ღონისძიება მოიცავდა პროფესიულ მასტერკლასს და დეგუსტაციას 60-მდე მოწვეული სტუმრისთვის, რომელთა შორის მეღვინეობის დარგის ექსპერტები, სომელიეები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები იყვნენ.
დეგუსტაციას კორეელი ღვინის მწერალი სანგმი კიმი უძღვებოდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „Wine21.com” კორეის რესპუბლიკაში ღვინის ყველაზე მსხვილი ონლაინ პორტალია, რომელიც შექმნილია დარგის ექსპერტების მიერ და მომხმარებლებს სთავაზობს ამომწურავ ინფორმაციას კორეის ბაზარზე არსებული ღვინოების შესახებ. კომპანია ასევე ახორციელებს PR და მარკეტინგულ საქმიანობას",- აღნიშნავენ სააგენტოში.
საქსტატის მონაცემებით, კორეაში ღვინის ექსპორტი არც თუ ისე მოცულობითია. 2026 წლის იანვარ-აპრილში კორეაში ღვინის ექსპორტმა 94.5 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ექსპორტი, 406.8 ათასი დოლარის ოდენობით, 2021 წელს დაფიქსირდა, რაც 187.4 ათას დოლარამდე შემცირდა 2022 წელს. 2023-2024 წლებში მაჩვენებელი 300 ათას დოლარს აჭარბებდა, ხოლო გასულ წელს 257 ათას დოლარამდე შემცირდა.




























