მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში ღირს პასპორტი და ვიზა ყველაზე ძვირი/იაფი?

64c67c7150057
ლიკა მეგუთნიშვილი
30.07.23 23:34
813
სადაზღვევო კომპანია William Russell-მა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების პასპორტებისა და ვიზების შესახებ ინფორმაცია შეისწავლა და გაარკვია, სად ღირს სამგზავრო დოკუმენტების აღება ყველაზე ძვირი და იაფი. მონაცემები დოკუმენტის გამომშვებ ქვეყანაში ზრდასრული ადამიანის სტანდარტული პასპორტის საფასურს ეფუძნება, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ საკონსულოებსა და საელჩოებში პასპორტის ფასი შესაძლოა, განსხვავებული იყოს.

კვლევის თანახმად, ათწლიანი ვადის მქონე პასპორტი ყველაზე ძვირი ავსტრალიაშია, სადაც მისი საფასური 230 დოლარით განისაზღვრება. მეორე პოზიციაზე ხვდება მექსიკა, სადაც პასპორტის აღება 170 დოლარი ჯდება. მესამე ქვეყანა, სადაც პასპორტი ყველაზე ძვირია - არის შვეიცარია და ამ შემთხვევაში ახალი პასპორტის საფასური 140 დოლარს უტოლდება.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტს, მისი საფასური 130 დოლარით განისაზღვრება და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ პასპორტებს შორის მეხუთე პოზიციაზე ხვდება. შტატებს ერთი პოზიციით ჩამორჩება დიდი ბრიტანეთი, სადაც დოკუმენტის საფასური 100 დოლარს შეადგენს.

ყველაზე იაფი პასპორტის მქონე ქვეყნებში კი ლიდერის პოზიციას ჩეხეთი იკავებს. ქვეყანაში 10-წლიანი სამგზავრო დოკუმენტის ფასი 27 დოლარია. მეორე ადგილზე ხვდება ლატვია, სადაც პასპორტის ღირებულება 29 დოლარს შეადგენს. ხოლო მესამე პოზიციას ესპანეთი იკავებს, ამ ქვეყანაში პასპორტის აღება 33 დოლარად არის შესაძლებელი.

რაც შეეხება ტურისტული ვიზის მოსაკრებელს, ამ შემთხვევაში ყველაზე ძვირად ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ფასობს, სადაც ვიზის საფასური 127 დოლარით განისაზღვრება.
მეორე ადგილზე ახალი ზელანდიაა, სადაც კვლევის მიხედვით, ტურისტული ვიზის საშუალო ფასი 106 დოლარია. ხოლო, მესამე პოზიციაზე ავსტრალია ხვდება, ქვეყანაში სავიზო მოსაკრებლის ღირებულება 90 დოლარს შეადგენს. ხუთეულში შედის ასევე კანადაც, სადაც სავიზო გადასახადი 57 დოლარს უტოლდება, მას კი დიდი ბრიტანეთი მოსდევს და ამ შემთხვევაში, ფასი 47 დოლარით განისაზღვრება.

ყველაზე იაფი ტურისტული ვიზა კი სამხრეთ კორეაშია და მისი საფასური მხოლოდ 3 დოლარია. მეორე ადგილზე ხვდება თურქეთი, ჩვენი მეზობელი ქვეყნის ტურისტული ვიზის აღება 13 დოლარად არის შესაძლებელი.

კვლევაში ინფორმაციას სამუშაო ვიზების ღირებულების შესახებაც ვიგებთ. როგორც აღმოჩნდა ის ყველაზე ძვირად კოლუმბიაში ფასობს, სადაც ის 297 დოლარი ღირს. ქვეყანაში TP-4 ვიზა მოქმედებს, რომელიც როგორც კოლუმბიაში შესვლის, ისე იქ მუშაობის უფლებას განიჭებთ.

მექსიკა არის მეორე ქვეყანა, სადაც სამუშაო ვიზა ყველაზე ძვირია და მისი საშუალო საფასური 246 დოლარს შეადგენს. თუმცა, იმისთვის, რომ ქვეყანაში დასაქმება შეძლოთ, სამუშაო ვიზასთან ერთად, დროებითი რეზიდენტის ვიზაც აუცილებლად უნდა მიიღოთ.

მესამე ადგილზე კი ხვდება ავსტრალია, სადაც სამუშაო ვიზის ასაღებად 226 დოლარი უნდა განსაზღვროთ.

მსოფლიოში სამუშაო ვიზას ყველაზე იაფი ის ისრაელშია და ფასი 47 დოლარს შეადგენს. სამუშაო ვიზის სიიაფის თვალსაზრისით, რეიტინგში მეორე ადგილზე ხვდება შვეიცარია, სადაც მისი ღირებულება 55 დოლარია. მესამე ადგილს კი ესპანეთი იკავებს, თუ ამ ქვეყანაში სამუშაო ვიზაზე განაცხადის გაკეთებას გეგმავთ, ამისთვის 57 დოლარის გადადება მოგიწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები