მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში იყიდება საქართველოში წარმოებული ტანისამოსი? – GAFA

ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია

„საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია (GAFA)“ , რომელიც 2019 წელს პროექტის „კლასტერები განვითარებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა, დღესდღეობით 30-ზე მეტ ქართულ ტანსაცმლის მწარმოებელ ბრენდს აერთიანებს. ქვეყანაში ტანისამოსის წარმოებასთან დაკავშირებულ ტენდენციებზე BM.GE-სთან ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და "დალოოდის" გენერალური მენეჯერი, გიორგი ჩემინავა საუბრობს.

„საქართველოში ქალის ტანსაცმლის წარმოება უფრო პოპულარულია და ექსპორტზეც უფრო მეტად გადის. შემდეგ არის უკვე აქსესუარებისა და ბავშვის ტანსაცმელი. სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან ცოტა ბრენდი მოიძებნება, რომელიც კაცის ტანსაცმელსაც აწარმოებს.

აქ ტანსაცმლის წარმოებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდხნიანი ისტორია გვაქვს. ბოლო რამდენიმე წელია, საერთაშორისო მასშტაბით ქართული ნაწარმით დაინტერესება აქტიურად იზრდება და უკვე ვხედავთ ცნობად ბენდებს, რომლებიც უცხოეთში საკმაოდ ცნობილ მაღაზიებში იყიდება“, - ამბობს ჩემინავა.

კითხვაზე, რომელი ქვეყნებიდან უფრო არის დაინტერესება ქართული წარმოების ტანსაცმელზე, მოდის ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ბოლო წლებში ვითარება შეცვლილია.

„ბოლო პერიოდში რასაც ვუყურებთ, ამერიკისა და ევროპის ბაზარზე გაყიდვები შემცირებულია. შედარებით გაზრდილია მოთხოვნა არაბეთის ქვეყნებიდან და აზიიდან - ეს წინა პერიოდში პირიქით იყო, თუმცა პანდემიამ შეცვალა ამერიკისა და ევროპის მსყიდველუნარიანობა.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოფენებს, ქართული ბრენდები ძირითადად პარიზის მოდის კვირეულის თანმდევ შოურუმებში იღებენ მონაწილეობას. ზოგი ბრენდი ამას წელიწადში ოთხჯერ, ზოგი კი ორჯერ აკეთებს. პარიზის გარდა შოურუმები გვაქვს ჩინეთის მასშტაბითაც და სხვა ქვეყნებშიც, თუმცა ამ ორში ყველაზე აქტიურად“, - ამბობს ჩემინავა და დასძენს, რომ ასოციაციის წევრი ქვეყნები აგვისტოს თვეში პარიზსა და სტამბოლში დაგეგმილ გამოფენებს დაესწრებიან.

რაც შეეხება თავად GAFA-ს, ის 4 წლის წინ ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, პროექტის „კლასტერები განვითარებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა და უცხოური დაფინანსებით ქართული წარმოების გაუმჯობესებას შეუწყო ხელი.

„პირველი შემთხვევა იყო, რომ საქართველოში ასეთი ასოციაცია შეიქმნა, მანამდე მსგავსი რამ არ ყოფილა. დაარსებისთანავე განისაზღვრა GAFA-ს ოთხი მიმართულება, რაზეც ვმუშაობთ: 1. ეს არის ასოციაციის წევრებისთვის ახალი ბაზრების მოძიებაში დახმარება; 2. მეორე კომპანიების გაციფრულებაა, უკვე 10-მდე კომპანიისთვის შევქმენით ვებგვერდები; 3. ვმუშაობთ სამუშაო ძალის წახალისებაზეც; და 4. ეკოლოგიური მდგრადობა“, - ამბობს გიორგი ჩემინავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები